პოლონეთის ხელისუფლება

პრემიერის პარტიამ არჩევნები კვლავ მოიგო

REUTERS
 9 ოქტომბერს, პოლონეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიამ გაიმარჯვა. კომუნისტური რეჟიმის მოშლის შემდეგ, ის პირველი ლიდერია, რომელიც ამ პოზიციაზე მეორედ აირჩიეს. ტუსკის ცენტრისტულმა მემარჯვენე პარტიამ, სამოქალაქო პლატფორმამ, ხმათა 39% მიიღო. მმართველი პარტიის მთავარ კონკურენტს, იაროსლავ კაჩინსკის კონსერვატიულ კანონისა და სამართლის პარტიას კი ამომრჩეველთა 30%-მა დაუჭირა მხარი. კაჩინსკიმ დამარცხება შედეგების გამოცხადებიდან მალევე აღიარა.
სამოქალაქო პლატფორმა პოლონეთის პარლამენტის 460-წევრიან ქვედა პალატაში 206 ადგილს დაიკავებს. კაჩინსკის პარტია კი 157 მანდატს მოიპოვებს.

მიუხედავად გამარჯვებისა, სამოქალაქო პლატფორმას სრული უმრავლესობისთვის საკმარისი ადგილი არ აქვს. სავარაუდოდ, ის თავის ძველ პარტნიორთან, შედარებით მცირე, აგრარულ, ხალხის პარტიასთან, კოალიციას შექმნის. ამ უკანასკნელმა 8.6% და პარლამენტში 30 ადგილი მოიპოვა.  
დასავლეთში ტუსკის გამარჯვებას დადებითად აფასებენ. ანალიტიკოსების თქმით, ერთი და იმავე პარტიის მეორედ არჩევა, პირველად პოლონეთის ისტორიაში, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი ნიშანია. ტუსკის გამარჯვების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ქვეყნის ეკონომიკური წარმატებაა. პოლონეთს ევროკავშირის მასშტაბით მატების ყველაზე დიდი მაჩვენებელი აქვს – ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. საბიუჯეტო დეფიციტი მხოლოდ 5.5%-ია, საჯარო ვალი კი – მშპ-ს 55%, რაც ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობისთვის შესაშური მაჩვენებელია. 

ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია საპენსიო ასაკის გაზრდა და ფერმერების პენსიის ძვირადღირებული პროგრამის რეფორმირება. თუმცა მმართველი პარტია ამ მტკივნეული რეფორმების გატარებას ჯერჯერობით თავს არიდებს.

დამკვირვებლები კაჩინსკის შედეგებსაც დადებითად აფასებენ. ამ უკანასკნელს, პოლონეთის ორ მეზობელთან, გერმანიასა და რუსეთთან უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ის ევროკავშირის მიმართაც სკეპტიკური განწყობით გამოირჩევა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კაჩინსკიმ წიგნი გამოაქვეყნა, რომელშიც ანგელა მერკელი აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური პოლიციის, სტასის მიერ პოლიტიკაში მოყვანილად გამოაცხადა და  პოლონეთის დასავლეთი ნაწილის დაკავების სურვილში დადო ბრალი. კაჩინსკის გამარჯვება, ისედაც ეკონომიკურ გასაჭირში მყოფ ევროპას, კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნიდა. თუმცა დასავლეთის მედიაში შენიშნავენ, რომ კაჩინსკის წლევანდელი საარჩევნო კამპანია შედარებით უფრო „რბილი” იყო, რაც მისასალმებელი ტენდენციაა. 

მემარცხენე პარტიებმა შედარებით სუსტი შედეგი აჩვენეს: პალიკოტის მოძრაობამ ხმათა 10%, დემოკრატიულმა მემარცხენეებმა კი, რომლებიც ყოფილი კომუნისტური პარტიის მემკვიდრეებად ითვლებიან,  8.2% მიიღეს. 

განსაკუთრებით საინტერესო არჩევნებში პალიკოტის მოძრაობის შედეგია. იანუშ პალიკოტი 2010 წლამდე სამოქალაქო პლატფორმის წევრი იყო. ის განსაკუთრებით ძმებ კაჩინსკებს უპირისპირდებოდა. საბოლოოდ მას თავისი პარტიის წევრებთანაც მოუვიდა უთანხმოება და საკუთარი მოძრაობა ჩამოაყალიბა. პალიკოტი პოლონურ საზოგადოებაში კათოლიკური ეკლესიის პრივილეგიების გაუქმებას მოითხოვს. მკაცრ ანტიკლერიკალიზმთან ერთად, პალიკოტის საარჩევნო პროგრამაში, მნიშვნელოვანი ნაწილი გეი-უფლებებს, აბორტის უფლებასა და მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციას ეჭირა. 

პალიკოტსა და კაჩინსკის შორის დაპირისპირების გამო, ამ ორი პარტიის კოალიცია გამორიცხულია. დემოკრატი მემარცხენეები, კომუნისტურ პარტიასთან კავშირის გამო, მარგინალიზებულნი არიან და მასთან კავშირში შესვლა არც ერთ პარტიას არ სურს. 

კომენტარები