ძიუდო

პაპინაშვილის ბრინჯაოთი გახსნილი ტურნირი

აბუ დაბიში ძიუდოს დიდი პრიზის გათამაშება დაიწყო. რანგით ერთ-ერთ უძლიერეს ტურნირში, ავსტრიელი პიტერ ზაიხენბახერის მომზადებული საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. ასპარეზობა 16 ოქტომბერს დაიწყო და 18 რიცხვში დასრულდება.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით არაბეთში სულ ექვსი ქართველი ძიუდოისტი წავიდა. ორმა მათგანმა უკვე მოასწრო იქაურ ტატამზე გასვლა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილმა იასპარეზა. ამ სპორტსმენმა ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც მონღოლელ ბოდბაატარ განბატთან დამარცხდა და ავტომატურად გაიფორმა ბრინჯაოს მედალი. ამასთან ერთად, პაპინაშვილს საოლიმპიადე რეიტინგში კიდევ 80 ქულა დაემატა, რითიც კიდევ უფრო განიმტკიცა საკუთარი პოზიცია. მას ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზია ფაქტობრივად განაღდებული აქვს.

მეორე ქართველი, რომელიც საჭიდაოდ გავიდა გიორგი შოშიაშვილი იყო. მისი მეტოქე პირველივე წრეში იაპონელი მასააკი ფუკუოკა იყო. ამ უკანასკნლემა ჯერ შოშიაშვილს აჯობა, შემდეგ კი საერთოდ დიდი პრიზის გამარჯვებული გახდა.

დღეს ასპარეზობაში 73 და 81 კილოგრამიანი მოჭიდავეები ჩაებმებიან. ზაიზენბახერის გადაწყვეტილებით საქართველოს მხოლოდ 73 კგ-ში ჰყავს წარმომადგენელი - ნუგზარ ტატალაშვილი. უკვე 18 ოქტომბერს არაბულ ტატამზე საასპარეზოდ დანარჩენი სამი ქართველიც გავა - 90 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი, მძიმე წონაში კი ადამ ოქრუაშვილი და ზვიად ხანჯალიაშვილი.

კომენტარები