დაზღვევა საქართველოში

სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვა

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ამ ანგარიშის მიხედვით, 2011 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სადაზღვევო სექტორმა 190 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა და 117 მილიონი ლარის ზარალი აანაზღაურა. ანგარიში აჩვენებს, რომ პირდაპირი დაზღვევისა და გადაზღვევის სახით მოზიდული თანხა 73.2 მილიონი ლარით, ანუ 1.6-ჯერ მეტია, სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებულ ზარალთან შედარებით.

2011 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 16 კომპანია ოპერირებდა. პირდაპირი დაზღვევის სახით, მათ მიერ მოზიდულმა პრემიამ 188 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის იმავე მაჩვენებელზე 34 მილიონი ლარით ნაკლებია. პირდაპირი დაზღვევით მოზიდული პრემიის ყველაზე დიდი წილი – 120 მილიონი ლარი, ანუ 63.8% – სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე, ხოლო ყველაზე ნაკლები – 112 ათასი ლარი, ანუ 0.06% – მცურავი სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევაზე მოდის. ეს მაჩვენებლები 2010 წლის პირველ ნახევართან შედარებით, შესაბამისად, 43 მილიონი ლარით, ანუ 9%-ით და 142 ათასი ლარით, ანუ 0.05%-ით არის შემცირებული.

სადაზღვევო კომპანიების მიერ 2011 წლის პირველ ნახევარში გადაზღვევის სახით 1.9 მილიონი ლარი პრემიაა მოზიდული, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 770 ათასი ლარით მეტია. გადაზღვევით მოზიდული პრემიის ყველაზე დიდი წილი – 796 ათასი ლარი, ანუ 43.1% – სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, ხოლო ყველაზე ნაკლები – 1.7 ათასი ლარი, ანუ 0.09% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე მოდის. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 762 ათასი ლარით, ანუ 40%-ით და 22 ათასი ლარით, ანუ 2.1%-ით მეტია.

სადაზღვევო კომპანიებმა 2011 წელს ჯამში 116.8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალი აანაზღაურეს. ყველაზე მეტი ზარალი – 21.8 მილიონი ლარი – კომპანია აისი ჯგუფმა აანაზღაურა. აქედან, ყველაზე მეტი – 12.6 მილიონი ლარი ანუ 58.1%  – საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევაზე, ხოლო ყველაზე ნაკლები – 205 ლარი ანუ 0.001% – სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე მოდის. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი 18.9 მილიონი ლარით, ანუ 16.2%-ით მეორე ადგილს იკავებს. აქედან, ყველაზე მეტი – 14.8 მილიონი ლარი ანუ 78.2% – სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე, ხოლო ყველაზე ნაკლები – 816 ლარი ანუ 0.004% – სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე მოდის. მესამე ადგილზე ჯიპიაი ჰოლდინგია – 18.5 მილიონი ლარით. აქედან ყველაზე მეტი – 13.8 მილიონი ლარი, ანუ 74.6% – სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე, ხოლო ყველაზე ნაკლები – 3 ათასი ლარი ანუ 0.02% – სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე იხარჯება. მეოთხე პოზიციაზეა სადაზღვევო კომპანია იმედი L – 16.4 მილიონი ლარით.  აქედან, ყველაზე მეტი – 15.3 მილიონი ლარი ანუ 93.1% – სამედიცინო (ჯანმრთელობის დაზღვევაზე), ყველაზე ნაკლები – 145 ლარი ანუ 0.001% – ტვირთების დაზღვევაზე მოდის. მეხუთე პოზიციაზეა სადაზღვევო კომპანია ალფა – 16.1 მილიონი ლარით, ანუ 13.8%-ით. აქედან, ყველაზე მეტი – 15.7 მილიონი ლარი ანუ 97.9% – სამედიცინო ჯანმრთელობის დაზღვევაზე, ხოლო ყველაზე ნაკლები – 12 ათასი ლარი ანუ 0.1% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე იხარჯება.

2011 წლის 6 თვეში სადაზღვევო კომპანიებმა 18 სახეობის პოლისზე 2.1 მილიონი ხელშეკრულება გააფორმეს, რაც 2010 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 94 ათასი პოლისით (4.3%-ით) ნაკლებია. 2011 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი (1.4 მილიონი) პოლისი – 71.4% – სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე, ხოლო ყველაზე ნაკლები – 1 პოლისი – მცურავ სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენების პასუხისმგებლობის დაზღვევაზე გაფორმდა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 129 ათასი პოლისით მეტი და 2 პოლისით ნაკლებია.  

როგორც ანგარიში აჩვენებს, ყველაზე მომგებიანი სამედიცინო (ჯანმრთელობის)  დაზღვევაა. ყველაზე ნაკლებად მომგებიანი კი – მცურავ სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევა. 

კომენტარები