დაზღვევა საქართველოში

პენსიონერებთან ერთად დაზღვევას ბავშვებიც მიიღებენ

2012 წლის ბიუჯეტის პროექტში შესული ცვლილება, 670 ათასი პენსიონერის გარდა, 0-დან 5 წლამდე ბავშვების დაზღვევასაც ითვალისწინებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

2012 წლის პირველი სექტემბრიდან ყველა პენსიონერს 15 ლარიანი ე.წ. ”საბაზისო ვაუჩერი” დაურიგდება. გილაურის განცხადებით, შესაძლოა, ტენდერის ან აუქციონის შემდეგ, ეს თანხა შემცირდეს. მისივე განცხადებით, ამ რეფორმის შემადგენელი ნაწილი 67 წელს ზემოთ ადამიანებისთვის პენსიების ზრდაა: ”საუბარია 140 ლარიან ჯამურ პაკეტზე. მასში შევა 15 ლარიანი სადაზღვეო პაკეტი და 125 ლარი ხელზე ასაღები თანხა”. 125 ლარი სტაჟის დანამატსაც მოიცავს. ისინი, ვინც 100 ლარის ოდენობის პენსიას იღებენ, დამატებით 25 ლარს და სადაზღვეო პაკეტს მიიღებენ. ხოლო ვინც 110 ლარს იღებს - დამატებით 15 ლარს და სადაზღვეო პაკეტს.

გილაურის განცხადებით, ასევე დაეზღვევა ყველა ბავშვი 0-დან 5 წლამდე. საბავშვო პაკეტში შემცირებულია წამლების ნაწილი, შესაბამისად, მისი ფასიც ნაკლები იქნება.

2012 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში წარედგინება.

კომენტარები