ძიუდო

ლომერ ჟორჟოლიანი ბაქოში ჩემპიონი გახდა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოისტთა მსოფლიო თასი ჩატარდა. შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმაც მიიღო მონაწილეობა. ავსტრიელმა მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ზაიზენბახერმა გადახალისებული შემადგენლობა წაიყვანა.

საბოლოოდ არც თუ ისე მაღალი დონის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. ამის გაკეთება 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლომერ ჟორჟოლიანმა მოახერხა. მან ოთხ შეხვედრაში გაიმარჯვა და პირველ ადგილზე გავიდა. პირველ დაპირისპირებაში მან იპონით მოუგო აზერბაიჯანელ რაფაელ შაჰვერდიევს. ასევე წმინდად დაამარცხა ახალზელანდიელი ჯეისონ კოსტერი. რასაც რუს აშხაბ კოსტოევთან მოგებაც მიაყოლა. ფინალურ შერკინებაში ლომერის მოწინააღმდეგე ირანელი ჯავად მაჰჯუბი იყო, რომელსაც ქართველმა იპონით აჯობა.

მის გარდა აზერბაიჯანის დედაქალაქში საქართველოს ნაკრების სხვა წევრებმაც იჭიდავეს. თუმცა ვერცერთმა მათგანმა მედლის მოპოვება ვეღარ მოახერხა. ამასთან ყველაზე ახლოს მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი და 66 კგ-ში მოჭიდავე გიორგი მკალავიშვილი იყვნენ. ორივე მათგანი მესამეადგილისათვის გამართულ შეხვედრაში დამარცხდა.

ბაქოში ნაკრების სახელით ზემოთ ჩმაოთვლილი სამეულის გარდა, სხვა სპორტსმენებმაც იასპარეზეს: 60 კგ. უშანგი კუზანაშვილი, პაატა მერებაშვილი; 66 კგ. ლევან ჩუბინიძე, 73 კგ. ამბაკო ავალიანი, თენგიზ პაპოშვილი, 81 კგ. პაატა ღვინიაშვილი, შოთა ჯავახაძე

კომენტარები