იემენის კრიზისი

პრეზიდენტის დაბრუნებას დაძაბულობის ესკალაცია მოჰყვა

იემენის დედაქალაქ სანაში, კვლავ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების ტალღა აგორდა. მიზეზი 23 სექტემბერს, ქვეყნის პრეზიდენტის, ალი აბდულა სალეჰის დაბრუნება გახდა. სალეჰი, ივნისში განხორციელებული თავდასხმის გამო, საუდის არაბეთში მკურნალობდა. მოსახლეობამ მისი წასვლა ზარ-ზეიმით აღნიშნა, თუმცა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა – იემენის ქუჩებში მასობრივი სისხლისღვრა განახლდა. 
6-თვიანი არეულობების მანძილზე, გასული კვირა ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა. სახელისუფლებო ძალებისა და ოპოზიციის შეტაკებას უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იემენის შინაგან საქმეთა მინისტრი მომხდარში „ექსტრემისტებს” ადანაშაულებს, თუმცა, თვითმხილველების თქმით, სასტიკი რეიდი მთელი დღე გრძელდებოდა. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალი მოჰსენ ალ აჰმარმა პრეზიდენტს „ავადმყოფი, შურისმაძიებელი სული” უწოდა და რომის იმპერატორ ნერონს შეადარა, რომელმაც საკუთარი ქალაქი გადაწვა. 

25 სექტემბერს, ალი აბდულა სალეჰმა სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ის თანახმაა, სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს მიერ შეთავაზებული გეგმა მიიღოს. ეს მის თანამდებობიდან წასვლას, ასევე ქვეყანაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს. გეგმაზე საუბარი ჯერ კიდევ აპრილში მიმდინარეობდა, თუმცა პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებდა და სხვადასხვა პირობებს აყენებდა. დიდი ხნის ორჭოფობის შემდეგ პრეზიდენტი შეთავაზებულ გეგმას დათანხმდა. თანამდებობიდან წასვლის სანაცვლოდ, სალეჰი და მისი ოჯახი ხელშეუხებლობის გარანტიას მიიღებს.

ოპოზიციის მეთაურმა, იასინ ნომანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია არ დათანხმდება ამ პირობებს და სალეჰის რეჟიმთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს. 26 სექტემბერს ტომობრივმა გაერთიანებებმა რევანშის მიზნით იემენის შეიარაღებული ძალების ბაზა დალაშქრეს. 63-ე ბრიგადის უფროსი, გენერალი აბდულა ალ-კულაიბი მოკლეს, 30 სამხედრო კი მძევლად აიყვანეს. 27 სექტემბერს, საპორტო ქალაქ ადენში იემენის უშიშროების მინისტრს, მუჰამედ ნასერ აჰმედ ალის თავს დაესხნენ. მინისტრის ესკორტი ქალაქის ერთ-ერთი გვირაბიდან გამოდიოდა, როცა ტერორისტმა ბომბი დისტანციური მოწყობილობით აამოქმედა, რომელიც გაჩერებულ მანქანაზე იყო დამონტაჟებული. თავად მინისტრი არ დაშავებულა, თუმცა 10 სამხედრო დაიჭრა. არეულობა იყო სიდიდით მეორე ქალაქ თაიზშიც, სადაც შეტაკებები მსხვერპლით დასრულდა. პროტესტის ორგანიზატორები, რისკების მიუხედავად, გამოსვლების გაფართოებას გეგმავენ.

რეჟიმის მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას. ოპოზიციამ დახმარებისთვის მსოფლიო თანამეგობრობას მიმართა. გაეროს უშიშროების საბჭომ იემენს გარდამავალი პოლიტიკური პროცესის დაწყებისკენ მოუწოდა. ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის მხარეებმა „უნდა უარყონ ძალადობა, მათ შორის მშვიდობიანი და შეუიარაღებული სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, და გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავებულობა”.

„იემენის მოსახლეობა საკმარისად იტანჯა და იმსახურებს გაერთიანებულ, უსაფრთხო და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა.

მოსახლეობა სკეპტიკურად უყურებს პრეზიდენტის განცხადებებს. ქვეყანაში არსებული ქაოსის გამოყენებას ალ-ყაიდა ცდილობს. მეზობელი საუდის არაბეთი და მისი მოკავშირე აშშ სალეჰს, ალ-ყაიდას შეძლებისდაგვარად შევიწროებაში დაეხმარნენ. ახლა ისინი შიშობენ, რომ ხელისუფლების ვაკუუმი დასავლეთის ინტერესებს სპარსეთის ყურეში და ნავთობის მიწოდების მარშრუტს წითელი ზღვის გავლით, საფრთხის ქვეშ დააყენებს. 
 

კომენტარები