სახელმწიფო ქონება

ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების 24 პროცენტი გაიყიდება

სახელმწიფო უცხოურ ბირჟებზე გასაყიდად ნავთობისა და გაზის ეროვნული კორპორაციის აქციების  24 პროცენტის გატანას აპირებს. ამის შესახებ დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა.   ხეთაგურის თქმით, კომპანიის აქციების განთავსება ლონდონისა და ვარშავის ბირჟებზე იგეგმება. ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფო ამ საკითხზე კონსულტაციას მართავს, რომლის შედეგებიც მალე გახდება ცნობილი.

მინისტრის  განცხადებით, საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე მაგისტრალური გაზსადენის აქციების განთავსებისას ხელისუფლება აქციებს "მას მიჰყიდის, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის, თუნდაც ეს მარსიდან ჩამოსული უცხოპლანეტელები იყვნენ".

ხეთაგურმა აღნიშნა, რომ საუბარია საერთაშორისო ბირჟებზე აქციათა მხოლოდ მინორიტარული პაკეტის განთავსებაზე, რისი მიზანიც კომპანიის რეალური ფასის გაგებაა და ამას რაიმე „გეოპოლიტიკური პრობლემები“ არ მოჰყვება. მისი თქმით, მინორიტარული პაკეტის გასხვისების შემთხვევაში მისი მფლობელი კომპანიის მენეჯმენტში ვერ ჩაერევა და კომპანიის საკონტროლო პაკეტი ყოველთვის სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია რუსეთ-საქართველოს მაგისტრალურ გაზსადენს ფლობს, რომლითაც გაზის ტრასპორტირება რუსეთიდან სომხეთში ხდება. სხვადასხვა დროს მისი შეძენით დაინტერესებას გამოთქვამდა რუსულ გაზპრომი, ასევე აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია.

დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, ნავთობის ეროვნული კორპორაციის აქციათა სულ მცირე 75 პროცენტი  სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს. თუმცა, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ამ ზღვარის 50 პროცენტამდე შემცირებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, რამდენიმე კვირის წინ პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს სახელმწიფოს ხელში არსებული კომპანიების აქციათა პაკეტები საერთაშორისო ბირჟებზე განათავსოს. ამ პროექტის თანახმად,  რაიმე შეზღუდვა საკონტროლო პაკეტის ფლობაზე არ არის დაწესებული.

ოპოზიციამ  შენიშვნები გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ  ამ გზით სრატეგიული ობიექტების - რკინიგზის,  საქართველოს ელექტროსისტემის და ა. შ. მფლობელი შესაძლოა რუსული სახელმწიფო კაპიტალი გახდეს. საპასუხოდ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის  წარმომადგენლებმა სიტყვიერი პირობა დადეს, რომ სტრატეგიული ობიექტების საკონტროლო პაკეტები არ გასხვისდება. 

კომენტარები