პროფკავშირული ბუმერანგი

სექტემბრის დასაწყისში ქუთაისის მეტალურგიულ საწარმოში, რომელიც ინდურ კომპანია ევრაზიან სტილს ეკუთვნის, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წახალისებით, რამდენიმე დაქირავებულმა თანამშრომელმა გაფიცვა დაიწყო უკეთესი სამუშაო პირობების მოთხოვნით. პროფკავშირების ხელმძღვანელობის განცხადებით, საწარმოში აუტანელი, ადამიანის ღირსებისთვის შეუფერებელი გარემოა და ისინი იბრძოლებენ ბოლომდე, სანამ კომპანიის ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. გაფიცვის შედეგად სამსახური უკვე დაკარგა რამდენიმე თანამშრომელმა.

ქართული პროფკავშირების რიტორიკა არაფრით განსხვავდება იმ ზოგადი „პროფკავშირული” ნარატივისგან, რომელსაც ეს ორგანიზაცია იყენებს მოყოლებული მე-19 საუკუნის მიწურულიდან, როდესაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სოციალისტური ორიენტაციის პარტიებმა დაიწყეს ე.წ. პროფესიული გაერთიანებების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

ნარატივი კი საკმაოდ პრიმიტიულია. ლოზუნგების დონეზე ის მშრომელთა უფლებების დაცვისკენ მოწოდებას მოიცავს. თუმცა რატომღაც იგულისხმება, რომ მშრომელი მხოლოდ დაქირავებული თანამშრომელია, ხოლო დამქირავებელი, შესაბამისად – უსაქმური, სხვისი შრომის ნაყოფის უსინდისო მჭამელი. ის, რომ კაპიტალის მფლობელი რისკავს საკუთარ ფულს, აბანდებს რაიმე ბიზნესწამოწყებაში, წინასწარ უხდის დაქირავებულ ადამიანს ხელფასს, მიუხედავად იმისა, წამოწყება წარმატებით დასრულდება თუ არა – „საქმედ” არ ითვლება.

პროფკავშირული არგუმენტაცია ეფუძნება რამდენიმე მცდარ დაშვებას. პირველი დაშვება, ეს არის დაქირავებული თანამშრომლისთვის რაღაც, განსაკუთრებული უფლებების არსებობა, რომელთაც დაცვა სჭირდება. თავისუფალ ეკონომიკურ გარემოში ნებისმიერი გაცვლის პროცესი ნებაყოფლობით გადაწყვეტილებას ეფუძნება. ადამიანები ცვლიან ფულს რაიმე პროდუქტში, მომსახურებას ფულში, საკუთარ შრომას პროდუქტში ან ფულში და ა.შ. ყველას გვაქვს ერთი და იგივე უფლება – გავცვალოთ ის, რაც ჩვენია, იქნება ეს პროდუქტი, მომსახურება, ფული თუ შრომა იმაში, რაშიც გვსურს. ამ შემთხვევაში ნებისმიერი დამქირავებელი სარგებლობს ზუსტად ანალოგიური უფლებით, როგორიც გააჩნია დაქირავებულს. დამქირავებელი საკუთარ კაპიტალს (ფულს) ცვლის გარკვეულ მომსახურებაში, რომელსაც მას უწევს დაქირავებული. ხოლო სამუშაოს მაძიებელს აქვს უფლება, დათანხმდეს ასეთ გაცვლაზე ან – არა. რა დამატებითი, განსაკუთრებული შრომითი უფლებები შეიძლება და უნდა გააჩნდეს დაქირავებულს, გაუგებარია.

მეორე დაშვება შედარებით უფრო რთულ თეორიულ კონსტრუქციებს იყენებს, პროფკავშირულ-სოციალისტური დღის წესრიგის გამართლების მიზნით. საუკუნეების წინ, როდესაც ადამიანები დაფიქრდნენ იმაზე, თუ საიდან ჩნდებოდა ფასები და რამდენი შეიძლება ყოფილიყო ამა თუ იმ პროდუქტზე/მომსახურებაზე „სამართლიანი” ფასი, გაჩნდა ღირებულების შრომითი თეორია. ეს თეორია გულისხმობს, რომ ნებისმიერი პროდუქტის ფასი შედგება მასზე დახარჯული შრომის ღირებულებისგან, რომელსაც ემატება მოგება. მაგალითად, ავტომობილის ფასი შედგება მასზე დახარჯული შრომ(ებ)ის ფასისგან და კაპიტალისტის მოგებისგან. ეს თეორია ერთი პერიოდი საკმაოდ პოპულარული იყო. იმდენად, რომ საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად წოდებული ადამ სმიტიც კი თავის მაგნუმ ოპუსში სწორედ ამ თეორიას ანვითარებს. შემდგომში აღნიშნული თეორია კიდევ უფრო დახვეწა თავისუფალი ბაზრის მეორე, და სმიტის შემდეგ ალბათ ყველაზე ცნობილმა, ეკონომისტმა დევიდ რიკარდომ. სწორედ რიკარდომ, ამ თეორიაზე დაყრდნობით, განსაზღვრა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მოგება, ხელფასი და რენტა (მიწაზე) თანაბარი იქნება. ანუ ეკონომიკური პროცესი ამ სამი ცვლადის გათანაბრებისკენ არის მიმართული – მარტივად რომ ავხსნათ, ენტერპრენერი მუდმივად ცდილობს იაფად მოიპოვოს მიწა და მუშახელი, როგორც საწარმოო რესურსები, მიწის მფლობელი ცდილობს მიწა მაქსიმალურად ძვირად გასცეს იჯარით, ხოლო დასაქმებული (მშრომელი) მუდმივად ცდილობს საკუთარი შრომა ძვირად გაყიდოს. სწორედ ამ მცდელობების შედეგად, გრძელვადიან პერსპექტივაში ენტერპრენერის შემოსავალი (მოგება), მიწის მესაკუთრის შემოსავალი (რენტა) და დაქირავებული ადამიანის შემოსავალი (ხელფასი) უნდა გათანაბრდეს. ანუ ყველას შემოსავალი (მოგება) ერთნაირი უნდა გახდეს.

ამ თეორიის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება იდეალურად შეძლეს მარქსისტებმა (ცნობისათვის, მარქსის წიაღსვლები ეკონომიკურ საკითხებში აგრეთვე ამ თეორიას ეფუძნება). თუ დავუშვებთ, რომ ოდესმე, განუსაზღვრელ მომავალში, ყველა ადამიანის მოგება, მიუხედავად იმისა, ის კაპიტალის მფლობელია, ენტერპრენერია თუ დაქირავებული მშრომელი, ერთნაირი იქნება, რატომ არ შეიძლება დღესვე დავთვალოთ რამდენი შეიძლება იყოს ასეთი მოგება და შევეცადოთ ხელოვნურად გავათანაბროთ იგი ყველასთვის? შესაბამისად, თუ რომელიმე კაპიტალისტი მიიღებს იმაზე მეტ მოგებას (იგივე „ზემოგებას”), ვიდრე ეს „სამართლიანი” იქნება – ის იქნება ხარბი და სოციუმის მტერი. სწორედ ასეთი ტიპის სამართლიანობისთვის ბრძოლით დაკავდნენ მარქსისტები მე-19 საუკუნის ბოლოდან. ამ მხრივ ბოლშევიკებიც არაფრით განსხვავდებოდნენ. საბჭოთა ეკონომიკის ცენტრალიზებული დაგეგმვის სისტემაც ამ თეორიას ეფუძნებოდა. თუ შეიძლება დავითვალოთ ყველაფრის ფასი, მაშინ რა საჭიროა თავისუფალი ბაზარი ან კერძო საკუთრება?

თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. პირველი კითხვები ღირებულების შრომით თეორიასთან მას შემდეგ გაჩნდა, რაც ეკონომისტები დაფიქრდნენ, რომ ზოგიერთი საქონელი, რომელთა დამზადებასაც ნაკლები შრომა სჭირდება, უფრო ძვირად ფასობს და მოთხოვნადია, ვიდრე ის, რომლის დამზადებასაც ბევრად მეტი ადამიანის დრო და ენერგია სჭირდება. ესეც რომ დავივიწყოთ, რამდენად შესაძლებელია ყველა ადამიანის მიერ გაწეული შრომა ერთი საზომით გავზომოთ? დროთა განმავლობაში, აღნიშნული თეორია პრაქტიკულად ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილმა ეკონომიკურმა სკოლმა უარყო. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, თავად მარქსისტებმაც კი უარყვეს იგი – დაცვის რამდენიმე უსუსური მცდელობის შემდეგ, მაგრამ მაინც.

იგივე ბედი ეწია ამ თეორიაზე დაფუძნებულ რიკარდოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ეკონომიკური კანონზომიერება მოითხოვს მოგების, რენტისა და ხელფასის გათანაბრებას. როგორც შემდგომი პერიოდის ეკონომისტების შრომებმა, ისე ისტორიულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი ტენდენციის არსებობის შემთხვევაშიც კი, ის შეიძლება დარჩეს მხოლოდ მუდმივ ტენდენციად, რომლის საბოლოო სურათი, რიკარდოს მიერ დახატული, ყოველთვის მიუწვდომელი იქნება (თუ რატომ, ეს ცალკე სტატიის თემაა).

შემდგომში მოხდა ის, რაც არცთუ ისე იშვიათად ხდება ხოლმე სხვადასხვა თეორიებთან დაკავშირებით. კერძოდ, დავიწყებას მიეცა საკუთრივ თეორია, მაგრამ დარჩა მასზე აგებული კონსტრუქციები, ტერმინები, ცნებები და ემოციები. სოციალისტები დღემდე ებრძვიან კაპიტალისტთა სიხარბეს, დღემდე საუბრობენ სამართლიან ფასსა და „ზემოგებაზე”, დღემდე აპელირებენ შემოსავლების გათანასწორების აუცილებლობაზე და სხვა. თუმცა არავინ უწყის, როგორ უნდა მოხდეს „მისაღები” თუ „მიუღებელი” მოგების დაანგარიშება და დიდი ხანია მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ რიკარდოს ეკვილიბრიუმის მიღწევა, მხოლოდ სტატიკურ მდგომარეობაშია შესაძლებელი – როდესაც ეკონომიკა გაჩერდება, ანუ როდესაც ადამიანები შეწყვეტენ მოქმედებას (არსებობას).

თანამედროვე ეკონომიკური აზრის განვითარება, ლოგიკურად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბუნებაში არ არსებობს ობიექტური თუ სამართლიანი ფასი რაიმე პროდუქტსა თუ მომსახურებაზე. ნებისმიერი ფასი ბაზარზე დგება ადამიანთა სუბიექტური შეხედულებებიდან/მოთხოვნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ბრილიანტი, რომელსაც არცთუ ისე მრავალგვარი გამოყენება მოეპოვება, ღირს განუზომლად ძვირი, რადგან ადამიანები მას ასე აფასებენ. ხოლო წყალი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის უდიდეს ნაწილს შეადგენს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ღირს გაცილებით იაფი. და რადგან არ არსებობს სამართლიანი ფასი, ლოგიკურად, შეუძლებელია საუბარი იმაზე, თუ რა უნდა ღირდეს რაიმე მომსახურება ან პროდუქტი (მაგალითად, რა იქნება ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის დაქირავებული პერსონალის სამართლიანი ყოველთვიური ანაზღაურება). თეორია, რომელიც ამ მიდგომას ქადაგებს, მოიხსენიება როგორც სუბიექტურ სარგებლიანობაზე დამყარებული ღირებულების თეორია (subjective utility of value).

პროფკავშირების დღის წესრიგიც, ყველგან, არა მარტო საქართველოში, სწორედ იმ მივიწყებული ღირებულების შრომითი თეორიიდან იღებს სათავეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სოციალური წარმონაქმნის ქართული ვერსიის ხელმძღვანელობას სავარაუდოდ არაფერი სმენია მასზე. ჩვენი გაერთიანებული პროფკავშირებიც „იბრძვის” სოციალური სამართლიანობისთვის, შრომითი უფლებებისთვის, „მუშაკთა” კეთილდღეობისთვის, თუმცა სინამდვილეში ამ ემოციური გაცხადებების უკან იმალება უკიდურესი არაკომპეტენტურობა და ვიწრო ორგანიზაციული ინტერესები. სხვას რას შეიძლება მოელოდე საბჭოთა დროიდან შემორჩენილი სტრუქტურისგან, რომლის ერთადერთ მიზანს თვითგადარჩენა, ხოლო ამოცანას საკუთარი არსებობის ნებისმიერი გზით გამართლება წარმოადგენს?

ქუთაისის მეტალურგიული საწარმოს შემთხვევაც პროფკავშირების იმავე ნარატივს იმეორებს. აქაც მშრომელთა უფლებებზე ზრუნვის საბაბით ეს ორგანიზაცია მოუწოდებს დაქირავებულ თანამშრომლებს, გაფიცვის გზით მიაღწიონ საკუთარი სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას, ხელფასების ზრდასა და სხვა ბენეფიტებს. აქაც პროფკავშირები თამაშობს გაჭირვებულ ადამიანებზე მზრუნველის როლს და ამ როლის შემდგომი და-PR-ებით ესწრაფვის, ერთი მხრივ, ახალი წევრების მოზიდვას, ხოლო მეორე მხრივ – არსებული წევრებისთვის საკუთარი ძლევამოსილების დემონსტრირებას. ერთი შეხედვით თითქოს რა პრობლემაა – ყველა ორგანიზაცია ხომ იბრძვის არსებობისთვის? ისინი ცდილობენ გაძლიერებას და ბაზარზე დომინანტური პოზიციის მოპოვებას.

პრობლემა შემდეგშია – პროფკავშირების საქმიანობის სპეციფიკა განსხვავდება სტანდარტული კერძო კომპანიის საქმიანობისგან. როდესაც კერძო კომპანია ცდილობს ბაზარზე უპირატესი პოზიციის მოპოვებას, ამას აკეთებს ისეთი პროდუქციისა თუ მომსახურების შეთავაზებით, რომელიც უფრო იაფი და ხარისხიანია – შესაბამისად, უფრო მეტი სარგებლის მომტანია ყველა მომხმარებლისთვის. როდესაც პროფკავშირები ცდილობს გაძლიერდეს, მისი ქმედება, მოკლევადიან პერსპექტივაში, გულისხმობს წევრი ადამიანებისთვის ბენეფიტების მოპოვებას არაწევრი მოქალაქეების ხარჯზე. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, პროფკავშირების ქმედება ზიანის მომტანია ყველასთვის, როგორც წევრი, ისე არაწევრი მოქალაქეებისთვის.

ევრაზიან სტილის ქუთაისის საწარმოში, შესაძლოა, მართლაც რთული სამუშაო პირობებია. დიდი ალბათობით, უმეტესობა, ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, არასოდეს დათანხმდება ასეთ სამუშაოს. შეიძლება ძალიან გვსურდეს, რომ მსგავსი სამუშაო პირობები საერთოდ არ არსებობდეს სამყაროში. მაგრამ კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, არის არა ის, მოგვწონს თუ არა ასეთი მდგომარეობა, არამედ რამდენად შეუწყობს პროფკავშირების აქტივობა ხელს სიტუაციის გამოსწორებას.

ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც ბიზნესში აბანდებს კაპიტალს, ამას გარკვეული გათვლების გაკეთების შემდეგ აკეთებს. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი კოეფიციენტი, რომელსაც იყენებს კაპიტალის მფლობელი გადაწყვეტილების მიღების დროს – დაიწყოს თუ არა ბიზნესი, არის მოგება თითოეულ ინვესტირებულ დოლარზე, იგივე ROI (Return on Investment). ცხადია, რაც უფრო მეტია მოგება, მით მეტია კაპიტალის დაბანდების ალბათობა. თუმცა გადაწყვეტილების მიღების დროს ინვესტორი არა მხოლოდ ROI-ის მინიმალურ ზღვარს უყურებს, რომელიც მისთვის მისაღებია – არამედ სხვა პოტენციურ საინვესტიციო პროექტებსაც, რომლებიც ერთმანეთის კონკურენტები არიან თავისუფალ კაპიტალთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ფული ჩაიდება იმ პროექტში, რომელიც ყველაზე ნაკლები რაოდენობის რისკების პირობებში, ყველაზე მეტი მოგების მომტანი იქნება კაპიტალის მფლობელისთვის.

დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მფლობელსაც აქვს გარკვეული გათვლები. ისიც მოელის მოგების კონკრეტულ ოდენობას თითოეულ ინვესტირებულ დოლარზე. თუ მოგება ისეთი არ იქნება, როგორსაც ელოდა, ეს ნიშნავს, რომ ის ფულს კარგავს, რადგან სხვა პროექტში (არა ქუთაისში) ინვესტირების შემთხვევაში მეტ სარგებელს ნახავდა. არსებულ გათვლებში ხარჯები ადამიანურ რესურსებზე ნამდვილად გათვალისწინებული იქნება. და თუ ეს ხარჯები გაიზრდება, საწარმოს მფლობელის მოგება შემცირდება. პროფკავშირების მოთხოვნები კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ერთი შეხედვით კეთილშობილური მიზანია, მაგრამ რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ ქმედებას (ქუთაისის შემთხვევაში – გაფიცვას)?

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ ჩაერევა და არ აიძულებს საწარმოს მფლობელს დააკმაყოფილოს გაფიცულთა მოთხოვნები, მეტალურგიული ქარხნის მეპატრონე შეეცდება შეინარჩუნოს დაგეგმილი მოგების მარჟა და არ გაზარდოს ადამიანურ რესურსებზე გათვალისწინებული ხარჯები. შესაბამისად, ის დაითხოვს სამსახურიდან გაფიცულ თანამშრომლებს და შეეცდება გამოთავისუფლებული ვაკანსიების ახალი კადრებით შევსებას. ცნობისათვის, საწარმოდან უკვე გათავისუფლებულია 20-ზე მეტი თანამშრომელი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, სავარაუდოდ, ჰერკულესის მფლობელს არ უნდა გაუჭირდეს მუშაობის მსურველების მოძიება. მეტიც, მას შეუძლია ყველა არსებული სამუშაო ადგილის მოწვეული კადრებით შევსება – საწარმოში უკვე მუშაობს 150 ინდოელი სპეციალისტი. შედეგად, ამჟამად დასაქმებული 350 ადგილობრივი დაკარგავს სამსახურს.

თუ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო დაივიწყებს უპირველეს მოვალეობას – დაიცვას კერძო საკუთრება თუნდაც გაფიცულთა მხრიდან ხელყოფისგან, ჩაერევა დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობაში და შეეცდება გავლენა იქონიოს საწარმოს მეპატრონეზე, რათა მან დააკმაყოფილოს პროფკავშირების მოთხოვნები, ასეთ შემთხვევაში ბიზნესის მფლობელს დარჩება რამდენიმე გამოსავალი: ა) ან უნდა შესთავაზოს მოთხოვნილი ბენეფიტები დაქირავებულ თანამშრომლებს, რაც დიდი ალბათობით მოხდება სამსახურიდან გათავისუფლებული სხვა თანამშრომლების ხარჯზე (რომ არ მოხდეს ხარჯების ზრდა და მოგების მარჟის შემცირება); ბ) ან უნდა დახუროს ბიზნესი და გადაიტანოს სხვაგან (სავარაუდოდ, საქართველოს გარეთ), სადაც მსგავსი პრობლემები სახელმწიფოსგან არ შეექმნება.

ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში, ზარალდებიან საწარმოში დასაქმებული გაჭირვებული ადამიანები, რომელთაც თავად გადაწყვიტეს იქ მუშაობა. გადაწყვიტეს არა იმიტომ, რომ უკეთესი პირობები არ სურთ, არამედ იმიტომ, რომ უკეთესი ალტერნატივა არ გააჩნიათ. პროფკავშირების ქმედება, რომელიც თითქოს კეთილ მიზნებს ემსახურება, სინამდვილეში აზარალებს სწორედ მუშებს. გათვლა იმაზე, რომ საწარმოს მფლობელი არ გაიტანს კაპიტალს ქვეყნიდან, შეამცირებს დაგეგმილ მოგებას და გააგრძელებს მუშაობას, რადგან საწარმოს დახურვა ძვირად დაუჯდება, სხვა არაფერია თუ არა უცხოელი ინვესტორის კაპიტალის მძევლად აყვანა. ამ მიდგომამ რომც იმუშაოს ერთ ინვესტორთან, სახელმწიფოს ასეთი პოლიტიკა უცილობლად გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანაში აღარ შემოვა თავისუფალი კაპიტალი, აღარ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, შენელდება ან შეჩერდება ეკონომიკური ზრდა, რაც უკანასკნელი წლების ყველა მიღწევას ხაზს გადაუსვამს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია პროფკავშირების დაინტერესება კონკრეტულად ქუთაისის მეტალურგიული ქარხნით, რომელიც სრულად უცხოური (ინდური) კაპიტალით არის შექმნილი. საპროტესტო განცხადებების გაკეთებისას პროფკავშირების მენეჯმენტის მიერ მუდმივი ხაზგასმა დამსაქმებლის ეთნიკურ წარმომავლობაზე, სავარაუდოდ, მხარდამჭერებში ქსენოფობიური გრძნობების გაღვივებას უნდა ისახავდეს მიზნად. სხვა შემთხვევაში, გაუგებარია რატომ არ აწყობს გაფიცვებს ქართული პროფკავშირები სხვა საწარმოებთან (თუნდაც რუსული კაპიტალით შექმნილ)? დაუჯერებელია, რომ ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა სამუშაო პირობების მხრივ საქართველოში ყველაზე უარესია. ასეთი ტიპის ქსენოფობია ქართული ფენომენი ნამდვილად არ არის. პროფკავშირულ ორგანიზაციებს სხვადასხვა ქვეყნებში ისტორიულად ახასიათებდათ „უცხოსადმი” შიში (მათ შორის იმიგრანტებისადმიც), რადგან ისინი ტრადიციულად განიხილებოდნენ სამუშაო ადგილის პოტენციურ წამრთმევად.

საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს სოციალისტური დღის წესრიგის მქონე საკმაოდ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ისევე როგორც ევროსტრუქტურებისგან. სწორედ ამ წრეებში ცდილობს ეს ორგანიზაცია წარმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც ჩაგრულებზე მზრუნველი სტრუქტურა, ხოლო საქართველო – როგორც „ველური კაპიტალიზმის” ქვეყანა, სადაც გაჭირვებულ ადამიანებს თელავენ, ხოლო სახელმწიფო ამაზე თვალს ხუჭავს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყანა ამჟამად ცდილობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებების დაწყებას, როგორც აშშ-თან ისე ევროკავშირთან, ხოლო ობამას ადმინისტრაცია და ევროკავშირი პოლიტიკური მიზეზების გამო მუდმივად ცდილობენ ამ პროცესის გაჭიანურებას, პროფკავშირების ქმედება და ჩივილი, შესაძლოა, მოლაპარაკებების გადავადების კარგი მიზეზი გახდეს. საბოლოო ჯამში, მიუხედავად საქართველოს ბაზრის პატარა მოცულობისა, იგივე ევროკავშირი ყოველთვის ეცდება მაქსიმალურად არაკონკურენტუნარიანი გახადოს ქართული პროდუქცია, მანამ სანამ მას საკუთარ ბაზარზე დაუშვებს. პროფკავშირების მეშვეობით, შრომის ბაზრის რეგულირების პერმანენტული ლობირებაც, რაც, სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად, აუცილებლად გამოიწვევს წარმოებულ პროდუქციაზე ფასების ზრდას, ალბათ ამ მიზანს ემსახურება.

გრძელვადიანი და მდგრადი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან შრომის ბაზრის თავისუფლების შენარჩუნებაა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ მეტი კაპიტალის მოზიდვას და მეტი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას. ალტერნატიული სამუშაო ადგილები – ეს არის ერთადერთი სწორი და ძლიერი ბერკეტი სამუშაოს მაძიებლის ხელში, რათა უკეთესი პირობები მოსთხოვოს დამსაქმებელს. მხოლოდ ასე შევინარჩუნებთ ქვეყნის ბაზრის კონკურენტუნარიანობას, რაც ეკონომიკური ზრდის საწინდარია. ის, რასაც საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები აკეთებს ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში, არის გაჭირვებული ადამიანების ბედით თამაში და დრომოჭმულ მარქსისტულ ცნებებზე აპელირებით მავნებლობა.

კომენტარები