ის, რაც იყო

ლიტვაში უკეთესი ამბები უნდა ყოფილიყო. ტურნირის მონაწილეების რაოდენობის გაზრდა, თითქმის ყველა გუნდში დიდი ბიჭების გამოძახება, პიარი, პოზიტივი, დირკ ნოვიცკი – უკეთესი უკეთესი იქნებოდა. ტოტალიზატორების, არვიდას საბონისის, უბნის ფავორიტი იყო ესპანეთი და ესპანეთმა ესპანურად მოიგო. ეს სხვა თემაა. ესპანეთი ლონდონში, ოლიმპიურ გარჩევებშიც დაიქოქება და თუ ამერიკელებმა მაიამის სამი ტიპი და ოკლაჰომას კრიმინალები არ წაიყვანეს, პო გასოლი ფინალს მოიგებს. ევრობასკეტი მორჩა.

NBA ისვენებს, დევიდ სტერნი დოლარებს ითვლის და წინა სეზონი ამერიკაში დალასის იყო. ალბათ, ბოლო ცამეტი ან მეტი სეზონის ყველაზე სუსტი ფლეი-ოფი მარკ კიუბანის ბანდამ მოიგო. იმ ბანდაში იყო დირკ ნოვიცკი. მშვიდი, ელეგანტური, დასვენებული ნოვიცკი. გერმანელი ლიტვაშიც ჩავიდა და იქ კიდევ ერთი ნიჭიერი კულტურისტი, კრის კამანი დახვდა. ცუდი გერმანია ეგრევე აზრზე მოვიდა და ლონდონის ბილეთისთვის რიგში ჩადგა. 

კამანი ბოლომდე იდგა. არ ვიცოდი და გავიგე, რომ კრისს ძალიან კარგი საშუალო სროლა აქვს. რომ კამანი დაცვაში თითქმის ბენ უოლასია. რომ კამანი აკურატული და ჭკვიანი პერსონაა. რომ კამანი გერმანიაში უფრო იყო ნოვიცკი, ვიდრე – დირკი. დირკი დაღლილი იყო. დასვენებული და მოტივირებული კამანით, გერმანია უფრო თავისუფლად ითამაშებდა. დაღლილი ნოვიცკი ქმნიდა უხერხულ სიტუაციას – ხედავ, რომ ლიდერი ვერ ქაჩავს და კამანზე უნდა გადახვიდე, მაგრამ ეს არ მოსულა. ნოვიცკის სივი უფრო სანდოა და ბურთი ისევ დირკთან მიდის. კამანი მეორე ნომერია, აყენებს ბლოკს, ამოდის პიკიდან, ბევრს დარბის და არ იღლება. ნოვიცკი ძირითადად, სტატიურად უტევს და ეგრევე იღლება. დიდ ტურნირზე პირველად ვნახე დაღლილი დირკი. 19.5 ქულა და 6.6 მოხსნა ჯეკპოტია მარკ გასოლისთვის და უხერხულია ნოვიცკისთვის. კამანმა ტურნირი საშუალო ორმაგი დუბლით (15.5+10.0) დახურა. 

ლიტვა ლიტვაში ხმაურიანი და უმუღამო იყო. ათი წლის წინ ლიტვა თურქეთში, მაშინაც ევროპის ჩემპიონატზე ვნახე. იმ და ამ ნაკრებებს ერთი საერთო აქვთ – მწვრთნელმა არ იცოდა, რა უნდა ეთამაშა ნაკრებს და ვინ იყო ყველაზე სანდო შემსრულებელი. კესტუტის კემზურა კარგი მწვრთნელია. ლიტვასაც კარგი ბიჭები ჰყავდა. უბრალოდ, ფავორიტი არ იყო. ტურნირის დაწყებამდე კემზურას გუნდი ორჯერ დაშალა რუსეთმა. ეს ეგრევე დაივიწყეს. და ბევრი არ ხედავს, რომ შარუნას იასიკიავიჩუსი ქმნის და ვერ შლის. მხოლოდ გაქცევით და ქულების მომტანი პირველი შეტევით ბევრს ვერ მოიგებ. იასიკიავიჩუსი დაცვაში იდგა და ყველას ატარებდა. იგივეს თქმა შეიძლება ბევრ დანარჩენ ლიტველზეც. კემზურამ თანაბრად გადაანაწილა სათამაშო დრო და ვერ მონახა ლიდერი. რვა წლის წინ, როდესაც ლიტვა ევროპის ჩემპიონი გახდა, იასიკიავიჩუსი ლიდერი იყო. ეს ლიტვა ამ შარასით ვერ ქაჩავდა. ყველაზე კარგი სიმას იასაიტისი იყო. მაკედონიასთან ბოლო სროლა იასაიტისმა ვერ გამოიყენა. ცოტა უსამართლოა, რომ იასაიტისმა ვერ ჩააგდო. სიმასმა ის შეხვედრა გატეხილი ყბით დაასრულა. 

ლონდონში დიდი ბრიტანეთის ნაკრებიც იქნება. ლონდონში ლუოლ დენგიც ჩავა და ერთ-ორ ტესტსაც მოიგებს. თუ ოლიმპიადაზე დენგის ერთ ძმაკაცსაც დაიმატებენ, ორგანიზატორები უფრო ღრმა, მოძრავ, ამერიკულ კალათბურთს ითამაშებენ. ლიტვაში დენგი იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. 24.6 ქულა, 9.3 მოხსნა, 3.6 პასი, 1.6 ჩაჭრა, 5 ტესტში 40 ნასროლი და 34 ჩაგდებული საჯარიმო, სოლიდური დაცვა და ბევრი შეცდომა. დენგი არ ერთობოდა. ბიჭმა გართობა არ იცის. ისმენს, ითვისებს და რაც უნდა გააკეთოს, აკეთებს. ლიტვაში ბულზის ერთ-ერთ ლიდერს პოუპს მენსა-ბონსუ აკლდა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე მენსა-ბონსუმ 19.3 ქულა და 13.5 მოხსნა აიღო. მენსა-ბონსუსთან ერთად დენგი ისვენებს და უფრო აკურატულია. პოუპსი მძიმე ფორვარდია (206). თამაშობს ცენტრს. უყვარს კალათბურთი. უჯერებს დენგს. ლონდონში უკეთესი დიდი ბრიტანეთი იქნება. ლიტვაში დენგი გაცვეთილი ჯოკერი იყო. 

რუსეთმა თერთმეტი 40 წუთიდან ერთი ვერ მოიგო. დევიდ ბლატის ხალხში პირველია ანდრეი კირილენკო. პირველია კალათბურთში და მაღალი ბიჭი ისედაც პოპულარულია. კირილენკომ ტურნირი თავის დონეზე დაიწყო და ეგრეც დაამთავრა. კარგი იყო მეორე კიბორგიც, ტოვარიშჩ ხრიაპაც. და რუსეთისთვის ყველაზე დიდი სარგებელი ანდრეი ვორონცევიჩს მოჰქონდა. ვორონცევიჩთან ერთად რუსეთს (ნახევარფინალამდე) +8 ჰქონდა (კირილენკო – პლუს 5 და ხრიაპა ორი ქულით ნაკლები). ანუ, იმ წუთებში, როდესაც ბლატის ხუთეულში ცსკა-ს მძიმე ფორვარდი იდგა, რუსეთი რვა ქულას იგებდა. საფრანგეთთან კირილენკომ თავისი (21 ქულა) დაირტყა. ხრიაპაც (9+5 პასი) ნორმალური იყო. ვორონცევიჩმა 13 წუთში დიდი ზერო (უქულოდ და მოხსნის გარეშე ითამაშა) დასვა. ცუდი ვორონცევიჩით რუსეთმა წააგო ფარი (21:35), წააგო 40 წუთი და ვერ გავიდა ფინალში. ვორონცევიჩის გუნდს წელს ევროლიგაზე ორი სერბი დაემატა. მილოშ ტეოდოშიჩი და ნენად კრსტიჩი. 

შეცვლილი საბერძნეთი მეოთხედფინალამდე მომთმენი კალათბურთით გავიდა. მეოთხედფინალში უგებდა საფრანგეთსაც და მერე აკრიფა ნანდო დე კოლომ (16 ქულა). საბერძნეთი ლიტვაში პაპალუკასის, დიამანტიდისის, შორცანიდისის გარეშე იყო. მომენტებში ძალიან კარგი და მომენტებში ზედმეტი იყო იოანის ბურუსისი (11.5+5.6 მოხსნა). ახალი პაპალუკასია ნიკ კალატესი (9.2+3.8 პასი+2.6 მოხსნა+1.6 ჩაჭრა). და თითქმის არავის არ გაახსენდა ანტონიოს ფოცისი. 30 წლის ფორვარდმა ორიანების 60, სამიანების 51 და საჯარიმოების 80 პროცენტი ჩასვა. ფოცისი საშუალოდ 11.8 ქულას აგროვებდა და ბერძნების კაპიტანმა 279 წუთში მხოლოდ 9 შეცდომა დაუშვა. კლასიკა. 

პირველ ხუთეულში ბო მაკალები შევიდა. ტურნირის MVP ხუან კარლოს ნავარო გახდა (ამათ გარდა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ: გასოლი, კირილენკო და პარკერი). ნავარომ ბოლო სამ გარჩევაში საშუალოდ 29.5 ქულა დააგროვა. პო გასოლმა იმავე შეხვედრებში სამი ორმაგი დუბლი დასვა, შეტევაში 13 მოხსნა აკრიფა და მხოლოდ 4 შეცდომა დაუშვა. ნავარო გასოლმა ამოწია. პო ესპანეთში ტიმ დანკანია. მაღალ ბიჭზე სულ ორი კაცი გადადის და სხვებს მეტი სასროლი, მეტი სარბენი, მეტი დრო რჩებათ. ნავარო იყო კარგი და გასოლი – საუკეთესო. ნავაროზე MVP ბო მაკალებია. მაკალებს არ გაუმართლა, რომ მაკედონიაშია. მაკედონიას გაუმართლა, რომ მაკალები მაკედონიაში იყო. 

ესპანეთზე წერა ცოტა უხერხულია. ლიტვაში 23 გუნდს თავისი, ცალკე ჩემპიონატი ჰქონდა (მათ შორის ლამაზ ფინალისტ საფრანგეთსაც) და ესპანეთმა პრივატული ტურნირი მოიწყო. ესეც კლასიკაა. 

კომენტარები