ერთი მოგებით გადალახული პირველი ეტაპი

თბილისში, ოლიმპიკის საცურაო აუზში, წყალბურთში ევროპის თასის გათამაშების პირველი ჯგუფური რაუნდი ჩატარდა. ამ შეჯიბრებაში ექვსი გუნდი მონაწილეობდა: უნგრული ჰონვედი, ხორვატული ვკ მედვეჟაკი, ფრანგული ნიცა ოლიმპიკი, ჰოლანდიური დე ჟილ ლეიდენი, რუსული სანქტ-პეტერბურგი და მასპინძლების წარმომადგენელი ლიგამუს-თბილისი. ქართულმა გუნდმა ხუთი დაპირისპირებიდან ერთი მოიგო, ორი ფრედ ითამაშა, ორიც წააგო და საბოლოოდ მეოთხე ადგილთან ერთად, მომდევნო ეტაპის საგზურიც გაინაღდა.

ლიგამუსმა პირველივე შეხვედრაში დაამარცხა ჰოლანდიური დე ჟილ ლეიდენი 11:9. შემდეგ თვითონ წააგეს ტურნირის უძლიერეს მონაწილესთან, უნგრულ ჰონვედთან - 5:22. ამას ზედიზედ ორი ერთნაირი ანგარიშით, 10:10 ფრედ დასრულებული მატჩი მოჰყვა. თავიდან რუსულ სანქტ-პეტერბურგთან, შემდეგ კი ხორვატულ ვკ მედვეჟაკთან. თბილსელებმა ბოლო თამაშშიც ბევრი იბრძოლეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერაფერი მოუხერხეს ფრანგულ ნიცას და 8:12 დათმეს შეხვედრა.

ჩვენს ქვეჯგუფში ევროპის თასის პირველი ჯგუფური რაუნდის გამარჯვებული უნგრული ჰონვედი გახდა. ამ გუნდმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ხუთივე მოწინააღმდეგე და 15 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე პოზიციაზე დაასრულა ასპარეზობა ვკ მედვეჟაკმა, რომელსაც 10 ქულა ჰქონდა. მას ერთი ქულით ჩამორჩა ნიცა. შემდეგ კი უკვე ჩვენები მოდიოდნენ 5 ქულით.

სწორედ ეს ოთხეული გავიდა მომდევნო ეტაპზე. ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის გარკვეული, როდის და სად გაიმართება მომავალი თამაშები. ამასთან ერთად, არც ისაა გადაწყვეტილი, ვისთან მოუწევს დაპირისპირება ლიგამუს-თბილისს.

 

კომენტარები