საავტორო კინოს ბათუმის მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი

კადრი ფილმიდან „შუაღამე პარიზში”
კადრი ფილმიდან „მელანქოლია”

17 სექტემბერს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი მეექვსედ აიღებს სტარტს და 24 სექტემბრამდე გასტანს. ფესტივალზე 50-მდე სრულმეტრაჟიანი და 45 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნახვის საშუალება გექნებათ.

მეექვსე ფესტივალი ვუდი ალენის ახალი ფილმით – „შუაღამე პარიზში” – გაიხსნება. ამ ნამუშევარს მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დადებითი რევიუები მოჰყვა. იგი ბოლო წლების ვუდი ალენის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად აღიარეს. ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე კი ალექსანდრე რეხვიაშვილის 1981 წლის სურათს „გზა შინისაკენ” აჩვენებენ. ეს იქნება ორად ორი ფილმი, რომელზე დასწრებაც მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი. სხვა ნებისმიერი ნამუშევრის ხილვა, მაყურებელს უფასოდ შეეძლება კინოთეატრ აპოლოსა და ბათუმის დრამატულ თეატრში.

ფესტივალი სამი საკონკურსო სექციისგან შედგება: მხატვრული ფილმები, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი კინო. მხატვრული ნამუშევრების სექციაში 9 ფილმია ნომინირებული. მათ შორის მარკ რომანეკის „არასოდეს არ გამიშვა”, რომელმაც შარშან კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო. ასევე ურსულა ანტონიაკის ახალი ფილმი „ლურჯი კოდი” – ეს ზედიზედ მეორე წელი იქნება ამ რეჟისორისთვის ბათუმის კინოფესტივალზე. ფესტივალში მონაწილეობს სემილ გიუნეშის „თოვლივით თეთრი”, დებიუტანტი რეჟისორის ნამუშევარი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. საუკეთესოს 5-კაციანი ჟიური გამოავლენს – დარიუშ მეჰრჯუი (ირანი), გოგი გვახარია (საქართველო), ოლენა ფეტისოვა (უკრაინა), სერგეი სოლოვიოვი (რუსეთი), ჟიურის თავმჯდომარე კი გიორგი დულგეროვია (ბულგარეთი).

დოკუმენტური ფილმების სექცია წელს შთამბეჭდავად გამოიყურება – დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო დოკუმენტური ფილმი „გასასვლელი საჩუქრების მაღაზიიდან”, სკანდალური ფილმი „ხოდორკოვსკი”, რობინ ჰესმანის „ჩემი პერესტროიკა” და კიდევ არაერთი საინტერესო ნამუშევარი. დოკუმენტური ფილმების ჟიურის თავმჯდომარე ბრიტანელი რეჟისორი პაველ პავლიკოვსკი იქნება, რომელიც ბათუმის კინოფესტივალზე მეორედაა მოწვეული ჟიურის თავმჯდომარის ამპლუაში. დოკუმენტური ფილმების ჟიურის წევრები იქნებიან: სალომე ჯაში (საქართველო), ნოსირ საიდოვი (ტაჯიკეთი), როსიტა ვალკანოვა (ბულგარეთი) და ირა კორმანჰაუსი (გერმანია).

ბათუმის კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამის გარდა მოეწყობა ცნობილი რეჟისორების რეტროსპექტივები, „ოსტატთა კოლექციებისა” და „აბრეშუმის გზის ქვეყნების კინოს” სექციაში წარმოდგენილი ფილმების ჩვენებები.

კადრი ფილმიდან „შუაღამე პარიზში”
„ოსტატთა კოლექციების” ჩვენებებში მაყურებელს საშუალება ექნება ლარს ფონ ტრიერის ბოლო ნამუშევარი „მელანქოლია” და ბრიტანელი რეჟისორის მაიკლ ლიის ფილმი „სხვა წელიწადი” ნახოს.

წელს ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იტალიელი მწერლის, სცენარისტისა და პოეტის, ტონინო გუერას სტუმრობა იქნება. ის ფელინის, ანტონიონის, ვისკონტის და სხვა ცნობილი რეჟისორების ფილმების სცენარისტია და ბათუმის კინოფესტივალზე მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოებენ. წელს ამ ჯილდოს ასევე ირანელ რეჟისორს, დარიუშ მეჰრჯუის გადასცემენ, ხოლო ქართულ კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის ქართველ რეჟისორს, ალექსანდრე რეხვიაშვილს დააჯილდოებენ. მათ ფილმებს კინოფესტივალის საგანგებო სექციაშიც აჩვენებენ.

კომენტარები