
ფოტო: REUTERS
საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში გაზაფხულზეა დაგეგმილი. მანამდე, ოქტომბერში, კანდიდატებს არჩევნების პირველი ეტაპი ელით.
2007 წელს სარკოზიმ არჩევნები კანონისა და წესრიგის უზენაესობაზე დაფუძნებული პოლიტიკის წყალობით მოიგო. ამას გარდა, მოსახლეობას მან ბევრი მომხიბვლელი რეფორმა შესთავაზა. თუმცა, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, მან თავისი პოლიტიკური კურსი გაპრეზიდენტებიდან ცოტა ხანში მთლიანად შეცვალა. 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს სარკოზიმ თავისუფალი ბაზრის იდეაც კი დაივიწყა.
გამოკითხვებიდან ირკვევა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს სარკოზისადმი პირადი ანტიპათია აქვს და კატეგორიულად არ სურს მისი ხელმეორედ გაპრეზიდენტება. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოკითხვების შედეგებზე მხოლოდ ამას არ უმოქმედია – აღსანიშნავია მემარცხენეთა აშკარა გააქტიურება. სარკოზის მთავარ მოწინააღმდეგეებად ორი სოციალისტი კანდიდატი, ფრანსუა ოლანდი და მარტინ ობრი სახელდება. სოციალისტებს საპრეზიდენტო არჩევნები 1988 წლიდან არ მოუგიათ და ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერს აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო კანდიდატი დომინიკ სტროს-კანი დაკარგეს, საზოგადოებაში მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

ფოტო: REUTERS
რაც შეეხება ქალბატონ ობრის, მისი ფიგურა ბევრისთვის მიმზიდველი და მისაღებია. სწორედ ობრი იყო ფრანგული ჟურნალ-გაზეთების მთავარი სტუმარი მთელი ზაფხულის განმავლობაში. იგი ყველა შესაძლო შემთხვევას კარგად იყენებს, რომ საზოგადოებაში საკუთარი პოლიტიკური მიზნების პრეზენტაცია მოახდინოს.

ფოტო: REUTERS
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მაგალითად, მარინ ლე პენს და მის ნაციონალურ ფრონტს, პრეზიდენტ სარკოზის მისი პოპულარობის მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად უსწრებს, თუმცა ოლანდსა და ობრის ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
თვითონ სარკოზის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ეტაპამდე, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება, ჯერ კიდევ დიდი დროა და ბევრი რამ შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. ამ მოსაზრებას ბევრი პოლიტოლოგი ეთანხმება. როგორც წარსული გამოცდილება აჩვენებს, წინასწარი პროგნოზები ხშირად არ მართლდება. 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჟაკ შირაკის ბედი უმრავლესობას გადაწყვეტილად მიაჩნდა და გამარჯვებას ყველა მის მოწინააღმდეგე ედუარდ ბალადურს უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ 6 თვის შემდეგ შირაკი ხელისუფლების სათავეში მოვიდა.





