ეტალონი

ქართულსა და ნებისმიერ სხვა გარემოშიც ინტელექტუალის, როგორც ფენომენის, გააზრება მეტისმეტად რთული საქმეა. ძნელია მისი საერთო მახასიათებლების გამოყოფა, დახარისხება, დაფასოება. მისი ქმედებებისა და ქცევის მოტივაციების დადგენა, რადგან, ვთქვათ, საბჭოთა ინტელიგენციისგან განსხვავებით, ინტელექტუალები ერთ სოციალურ კასტად ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულან: თანაც ისინი უფრო მეტად ცდილობენ არა საკუთარი კოლექტიური სხეულის რაობა და შიდა ნორმები დაადგინონ, ინტელექტუალიზმის ტრადიციას დაუდონ სათავე, ინტელექტუალურ ელიტად იქცნენ, არამედ სხვა სოციალურ მოვლენებთან დაკავშირებით გამოავლინონ საკუთარი მიმართება. ამიტომ ინტელექტუალი დამოკიდებულია ამ გარე მოვლენებზე და ჯგუფის შიდა მაორგანიზებელი ნორმები თითქმის არ აქვს – გარე ფაქტორები კი, ცხადია, იცვლება და ეს ცვლილება ინტელექტუალის ცნების შინაარსზეც აისახება.

ამავდროულად, პოსტსაბჭოთა ინტელექტუალი, განსხვავებით საბჭოთა ინტელიგენციისგან, რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალასთან და იდეოლოგიასთან ნებით თუ იძულებით მიბმული აღარ არის. ცხადია, რომ ამის მიზეზი არა თავად ინტელექტუალების ძალისხმევა, არამედ პოლიტიკური რეჟიმის ცვლილებაა. ტოტალიტარული რეჟიმის დემოკრატიულმა ტრანსფორმაციამ ანუ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში გაჩენილმა მრავალფეროვნებამ წარმოშვა ინტელიგენტისგან ტიპოლოგიურად განსხვავებული ინტელექტუალიც. ამიტომ, წესით, მისი მშობლიური კერა და დამოუკიდებლად არსებობის ერთადერთი გარანტია ლიბერალური დემოკრატია უნდა იყოს. თუმცა პოსტსაბჭოთა ინტელექტუალების ნაწილი მშობელთან დაპირისპირების გზას ირჩევს, რაკი კარგად ახსოვს, რომ მის წინამორბედს – საბჭოთა ყაიდის ინტელიგენტს რეჟიმთან თანამშრომლობა ბრალდებოდა.

მისთვის ეს ფაქტი საკმარისი ფსიქოლოგიური მიზეზია, თავი რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაუფლებასთან დაპირისპირებულად წარმოაჩინოს. მთლიანობაში ინტელექტუალი დამოუკიდებლად წყვეტს და ირჩევს, რომელი საარსებო მოდუსი და სამუშაო ასპარეზია მისთვის საინტერესო და ხელსაყრელი. იგი შეიძლება მხარს უჭერდეს ან უპირისპირდებოდეს ხელისუფლებას. ოპოზიციური პარტიის აქტიური მომხრე იყოს ან საერთოდ აპოლიტიკურ, განდგომილ, ზეობიექტურ და ზემორალურ პოზიციას იკავებდეს, ისევე როგორც შეუძლია უკიდურეს სუბიექტივისტად, ჰედონისტად და ამორალურობის პრომოუტერადაც კი წარმოგვიდგეს, ებრძოდეს და აკრიტიკებდეს ყველას და ყველაფერს, მთლიანად უარყოფდეს პოლიტიკასა და სახელმწიფოს იდეას, რელიგიის ფენომენსა და კულტურას ან პირიქით, სახელმწიფოს, სამოქალაქო აქტივიზმის ან ფუნდამენტალიზმის, ფანატიზმისა და ექსტრემიზმის იდეური გაძლიერება იყოს მისი ანალიტიკური შრომისა და სოციალური საქმიანობის უმთავრესი მიზანი. ინტელექტუალი შეიძლება მემარჯვენეც გახდეს და მემარცხენეც, იდეოლოგიც და ექსპერტიც, კოსმოპოლიტიც და ნაციონალისტიც, კონსერვატორიც და პროგრესისტიც, მორწმუნეც და ურწმუნოც. მას აღარავინ აიძულებს ამოეფაროს ანტიკაპიტალიზმის ნიღაბს, იზეპიროს მარქსის, ენგელსისა და ლენინის ციტატები, უფრო მეტიც, მას შეუძლია გულწრფელი არჩევანი გააკეთოს კომუნიზმის სასარგებლოდ, მაგრამ საბჭოთა რეჟიმისგან განსხვავებით, ამის გამო მას აღარავინ წაახალისებს, ისევე როგორც დასჯითაც არავინ დასჯის. ლიბერალური დემოკრატიისთვის არსებითად უმნიშვნელოა, რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას ინტელექტუალი, ეს მისი პირადი საქმეა, მთავარია, ძალით არავინ უშლიდეს იქ დგომას, სადაც მას მოესურვება. არავინ უშლიდეს ხელს იმაში, რომ თუნდაც ბოლომდე დაუპირისპირდეს პლურალისტურ რეჟიმს ან გაბატონებულ რელიგიას – მაგრამ მას არც გმირად გამოაცხადებენ და არც ძეგლს აღუმართავენ.

ამის გამო ინტელექტუალების ერთი ნაწილი პერიოდულად წუხდება ხოლმე. პოსტსაბჭოთა მოაზროვნე ინტელიგენციის მსგავსად, ყველაზე პროგრესულ, სანიმუშო და შესაბამისი პატივისა და აღიარების ღირსად მიიჩნევს საკუთარ თავს. მას მიაჩნია, რომ საზოგადოების პედაგოგის, ჭკუისდამრიგებლის როლი უნდა შეასრულოს, თუმცა არანაირი პასუხისმგებლობა არ სურს იტვირთოს ამის გამო. მაგალითად, დასავლელი ინტელექტუალი თავს უფრო მარგინალად მოიაზრებს და, ხშირ შემთხვევაში, სამოქალაქო პოზიციად პასიურობას ირჩევს – მისი ხვედრი ინტელექტუალური მარტოობაა, არსებითად ამ პოზიციაშივე მყოფი ქართველი ინტელექტუალი მისგან იმით განსხვავდება, რომ მარგინალობა მას ან არ სურს ანდა არ შეუძლია, გააცნობიეროს სოციალურ რუკაზე მისი ეს ადგილმდებარეობა. მას შეიძლება ეგონოს კიდევაც, რომ სამყარო მის გარშემო ბრუნავს, მის გარშემო იკრიბება სივრცისა და დროის კონტინუუმები – ერთი სიტყვით, საკუთარი თავი ხელთუქმნელ ძეგლად წარმოიდგინოს, რომელმაც არა პერიფერიაზე, არამედ მოვლენების ცენტრში უნდა დაიმკვიდროს ადგილი, მაგრამ მისი პოლიტიკური და სამოქალაქო პასიურობის მიზეზით, მუდმივად ფრუსტრირებული რჩება ხოლმე.

ინტელექტუალის ამ ტიპს ეტალონური შეგვიძლია დავარქვათ და ამ ცნებით ვცადოთ მისი თვითშეფასების რეკონსტრუქცია, რათა გავმიჯნოთ იმ ინტელექტუალებისგან, რომლებსაც მკაფიო პოლიტიკური და იდეოლოგიური ორიენტაციის გამჟღავნება ან რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა საკუთარი იდეოლოგიური პრინციპებიდან გამომდინარე არ ეთაკილებათ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არ რცხვენიათ კოლექტიურ წერილზე ხელმოწერა, არ გაურბიან პასუხისმგებლობას და ა.შ.

ეტალონური ინტელექტუალის რიგებში ჩასაწერად სპეციფიკური, სხვებისგან გამორჩეული ინიციაციის გავლაა საჭირო, რომლის შედეგად მსურველები, მათი აზრით, განსაკუთრებულ შარმს შეიძენენ, ჩემს კარგ მეგობარს თუ დავესესხები, „unsexy” მდგომარეობიდან – „რა sexy”-ს მოდუსში გადაინაცვლებენ. ოღონდ „sexy” აქ ეროტიკული შარმის შინაარსით კი არაა დატვირთული (ამ შემთხვევაში ეს უბრალოდ კარიკატურა იქნებოდა), არამედ ეს სიტყვა ქარიზმატულობის მეტაფორადაა გამოყენებული (ეს კი კარიკატურული არა, მაგრამ კომიკური ნამდვილად არის). ამ მეტაფიზიკური „sexy”-ს, ამ მომხიბლაობის მოსაპოვებლად ინტელექტუალმა საკმარისია სამი მარტივი ნაბიჯი გადადგას.

დასავლეთის ადეპტი

პირველ ყოვლისა, უნდა დაირწმუნოს თავი, რომ მხოლოდ მან იცის, როგორია დასავლურობა, რითი განსხვავდება იგი ქართული პოლიტიკური, სოციალური და კულტურული სინამდვილისგან. მარტოდმარტო მან უწყის როგორ უნდა შემოიტანოს იგი ხალხში. ის, რაც განასხვავებს თანამედროვე ეტალონ ინტელექტუალს საბჭოთა ყაიდის ინტელიგენტისგან, დასავლეთზე ორიენტაციის დეკლარირება და უცხო ან საკუთარი კულტურის რეპრეზენტაციის ხასიათია: შემორჩენილი ინტელიგენტი „ქართული სულიერების” ადეპტია, მაგრამ ამად საბჭოურ ტოტალიტარულ კულტურას ასაღებს, ინტელექტუალი კი დასავლური „სულიერების” ავზად გვეცხადება და, შესაბამისად, ამ ტიპის „სულიერების” დამღვრელიც უნდა რომ იყოს ხალხისთვის.

აქედან გამომდინარეა, რომ ეტალონურ ინტელექტუალებში პოპულარულია დასავლური მეინსტრიმული იდეოლოგიები – სოციალიზმი, ფემინიზმი, მულტიკულტურალიზმი და სხვა. ისინი თავს ხან ეგზისტენციალისტებად, ხან სტრუქტურალისტებად, ხან პოსტსტრუქტურალისტებად, ხან მოდერნისტებად ანდა პოსტმოდერნისტებად მოიაზრებენ – იმისდა მიხედვით, რომელ მიმდინარეობას ეცნობიან მიმდინარე მომენტში.
მათ საკუთარ მისიად ადგილობრივ გარემოში დასავლურობის ტრანსლაცია აქვთ დასახული, თუმცა, როგორც მათი ნააზრევიდან ჩანს, ხშირ შემთხვევაში, ამ იდეოლოგიებისა თუ ფილოსოფიულ-კულტურული კონტექსტების შესახებ მათი წარმოდგენები ზერელე და ფასადურია; ეს უფრო მეტად ეტალონურობის ანტურაჟია, ხსენებული შარმის მოპოვებისკენაა მიმართული, ვიდრე გულწრფელი და ღრმა ინტერესის გამოვლინება. მათთვის, სიტყვაზე, ჩომსკი და ჟიჟეკი ტექსტების ავტორები კი არა, კულტურული სიმბოლოებია, რომლითაც ძალაუფლების სიმბოლოებს უნდა დაუპირისპირდე.

ის და მეფე

„ეტალონის” სახელის ტარების ღირსი რომ გახდე, მეორე და მთავარი ნაბიჯი უნდა გადადგა. აუცილებლად უნდა დაუპირისპირდე „ძალაუფლების დისკურსს”.

ინტელექტუალისთვის ძალაუფლებასთან დიქოტომიაში საკუთარი თავის გააზრება ყველაზე საკრალური საქმეა. ძალაუფლებასთან დამოკიდებულება განსაზღვრავს მისი სემანტიკური სივრცის კოორდინატებს: მონიშნავს დადებით და უარყოფით პოლუსებს. ეტალონი ინტელექტუალია მხოლოდ ის, ვინც ყველა შემთხვევაში უპირისპირდება ძალაუფლებას. ეს არის მისი თავისუფლების უმთავრესი კრიტერიუმი – იგი ყოველთვის ოპოზიციური უნდა იყოს ხელისუფლებისადმი, ემსახურებოდეს ხალხს, კულტურას ან „ენას, როგორც ყოფიერების სახლს”, მაგრამ ამით იგი რეალურად მათ მიღმაც აყენებს საკუთარ არსებას. ამიტომ მისი თვითშეგნება ამორფულია და მუდმივად „ყანყალებს”, მუდმივი დილემების წინაშე იმყოფება.

უკუნისამდე ოპოზიციაში ყოფნის ტრადიცია ეტალონურ ინტელექტუალებს ტიპოლოგიურად რუსულ ანტიცარისტულ ინტელიგენციასთან ანათესავებს. ის მემარცხენეა, თუკი მეინსტრიმი მემარჯვენეობაა და მემარჯვენე გახდება, თუკი სოციალისტები მოიპოვებენ მართვის სადავეებს, ისევე როგორც რუსი ინტელიგენტი ათეისტი იყო რელიგიურ გარემოში და მორწმუნე – ათეისტური უმრავლესობის გარემოცვაში. პირველიც და მეორეც, ჩვეულებრივ, ნებისმიერ მეინსტრიმს უპირისპირდებიან, თითქოს რაიმე იდეის, იდეოლოგიის ან კულტურის დომინაცია თავისთავად იყოს ბოროტება.


არცთუ მემარცხენე

აქედან გამომდინარე, მესამე და ყველაზე მძიმე ინიციაცია, რომელიც აქ და ახლა, ქართულ გარემოში უნდა გაიაროს ინტელექტუალმა, რათა გაურკვეველმა მეტაფიზიკურმა სუბსტანციამ მადლით აღავსოს მისი მყოფობა, მემარცხენეობის უღელში შებმაა. მოკლედ რომ ვთქვა, ეტალონმა, წესით და რიგით, თავი უნდა გადადოს პროლეტარიატისთვის და სოციალიზმის მშენებლობას შეუდგეს, პროფკავშირებსა და გაფიცვებზე ფიქრით უნდა დაიღაროს შუბლი. და ყველაფერი ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უნდა ჩაიდინოს, რომ არსებული ხელისუფლება მემარჯვენეა, ხოლო მისადმი სოლიდარულად განწყობილი ერთი ჯგუფი კონკრეტულ მემარჯვენე იდეოლოგიას – ლიბერტარიანიზმს აღიარებს. მართალია, მემარცხენე აქტივისტის როლში იგი მთლად კომფორტულად ვერ იგრძნობს თავს, მაგრამ სამაგიეროდ, ხელისუფლებისა და მისი „მხარდამჭერი” ლიბერტარიანელების დამუნათების ფუნქციას პირნათლად შეასრულებს.

მთლიანობაში ეტალონი ინტელექტუალების მთავარი სისუსტე ისაა, რომ რაიმე იდეოლოგიური პროგრამა ან სარწმუნოებრივი პრინციპი კი არ ამოძრავებთ, არამედ წინააღმდეგობის ტრადიცია ანუ ნეგატიური მიდგომები და განწყობები განსაზღვრავენ მათ სამოქმედო და სააზროვნო არეალს. ამიტომაც, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ამ ტიპის ინტელექტუალებმა დღემდე ვერ შეძლეს გაეაზრებინათ, ვთქვათ, დემოკრატიული ტრანზიციის რა სტადიაზე იმყოფება საქართველო, ანდა დაეხასიათებინათ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურა, ზუსტად შეეტყოთ სად, რა უბნებზე და რა ტიპის მოდერნიზაცია მიმდინარეობს ქვეყანაში ან, თუნდაც, როგორია გლობალიზაციურ პროცესში ჩართულობის ხარისხი. ეტალონ ინტელექტუალებს შორის ძნელად მოიძებნებიან ისეთები, რომლებსაც ეცოდინებათ რა ცნებითი აპარატით და როგორ შეიძლება პოლიტიკური პროცესის მეტ-ნაკლებად ადეკვატური გაგება. ამის გამო მათ უჭირთ ხოლმე, მაგალითად, ტოტალიტარიზმს, ავტოკრატიასა და ჰიბრიდულ რეჟიმებს შორის არსებითი ზღვარის გავლება, მათი განმასხვავებელი ნიშნების შემჩნევა. შესაბამისი ცოდნის არქონის გარდა, ამ პოლიტიკური დალტონიზმის მიზეზი, ძალაუფლების კრიტიკის მორალური იმპერატივიცაა. ამ ფონზე, ცხადია, რომ სრულიად უმნიშვნელო ხდება პროფესიულია თუ არა განხორციელებული ანალიზი და ზუსტი მიზნისკენაა მიმართული თუ არა კრიტიკის მახვილი.

მაგრამ ეტალონურ ინტელექტუალებს კვალიფიციურად და კარგად გამოსდით საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების, კულტურული პროცესების ფილოსოფიური და ლიტერატურული გააზრება. ამ თვალსაზრისით, ისინი უფრო კულტუროლოგები არიან და ეტალონი ინტელექტუალის ეს შემოქმედებითი მხარე საინტერესო და დასაფასებელია, მაგრამ, მაშინ, როდესაც ამ გამოცდილების საფუძველზე და ფილოსოფიურ-პოეტური ენით სურთ გაიაზრონ პოლიტიკური პროცესებიც, შედეგად მიუტევებელ ინტელექტუალურ არასერიოზულობას ავლენენ და შეცდომებს სჩადიან – მაგალითად, შეიძლება წავაწყდეთ ქართული პოლიტიკური რეალობის აღწერას პლატონის თეორიის ფრიად უცნაური ინტერპრეტაციით, რომლის თანახმად, დემოკრატია, ტირანია და ოლიგარქია ბედისწერის ძალით თუ რაღაც მეტაფიზიკური კანონზომიერებით დაუსრულებლად ენაცვლებიან ერთმანეთს. ანდა მოვისმინოთ ასეთი დეფინიციაც – „საქართველო დიდ ბორდელს დაემსგავსა”. ამასთანავე, იმის გამო, რომ იდეოლოგიური, მკაფიო პრინციპების დაცვა კი არა, ძალაუფლებასთან დაპირისპირება და „უბრალო ხალხთან დგომაა” ინტელექტუალების Modus Vivendi, არცთუ ისე იშვიათად ისინი სწორედ მეინსტრიმის, უმრავლესობის კონიუნქტურასაც ექვემდებარებიან ხოლმე.
დაბოლოს, ეტალონი ინტელექტუალი მისი ოპოზიციურობიდან გამომდინარე, შეუძლებელია იყოს ხელისუფლების თანამონაწილე, შეუძლებელია ჩაბმული იყოს რაიმე ბიუროკრატიულ საქმიანობაში, უფრო მკაცრად თუ ვიტყვით, მას არ შეუძლია მართვა, ადმინისტრირება, ბიუროკრატობა, დიპლომატიურ ასპარეზზე საქმიანობა. ცნობილი მკვლევარი ბორის უსპენსკი რუსულ ინტელიგენციას წუთისოფლის საზრუნავისაგან გარიდებულ ბერ-მონაზვნობას ადარებს. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ინტელიგენტიც და ეტალონური ინტელექტუალიც სახელმწიფო ბიუროკრატიას, პოლიტიკის რუტინას, ადმინისტრაციულ სისტემას განუდგნენ და სულიერების უტოპიური სიშორიდან ამხელენ პოლიტიკურ ქვეყნიერებას.
ამიტომაც ჩვენი სანიმუშო ინტელექტუალი, რუსული ინტელიგენციის მსგავსად, უფრო რევოლუციონერია, ვიდრე რეფორმატორი.

კომენტარები