ქუთაისში აქციის დაშლის ფაქტს სახალხო დამცველი შეისწავლის

საქართველოს სახალხო დამცველი ქუთაისში ქარხანა „ჰერკულესის“ თანამშრომელთა საპროტესტო აქციის დაშლის ფაქტით დაინტერესდა. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული,“ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფაქტის შესწავლისათვის აუცილებელი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის შეკრების პროცესი“. კერძოდ, სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ გაფიცულებს, ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატებს, რომლებიც იცავდნენ გაფიცულთა ინტერესებს და  საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფესიული კავშირის წარმომადგენლებს. მიღებული ინფორმაციისა და ახსნა–განმარტებების შესწავლის შემდგომ საქართველოს სახალხო დამცველი მოახდენს შესაბამის რეაგირებას აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით“–ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

პროფკავშირების წარმომადგენელთა განცხადებით, გუშინ დაახლოებით 22 საათზე მეტალურგიული ქარხანა  „ჰერკულესის“ თანამშრო­მელთა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და გაფრთხილე­ბის გარეშე აქციის თხუთმეტამდე მონაწილე, მათ შორის ოთხი მოშიმშილე, დააკავეს.  მათივე  თქმით, სამართალდამცავებმა დააკავეს   აქციის ის მონაწილეებიც, რომლებიც ამ დროისთვის აქციაზე აღარ იმყოფებოდნენ . 

ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოტა უტიაშვილმა განუცხადა რომ, აქციის მონაწილეთა დაკავება იმის გამო მოხდა, რომ გაფიცვის მონაწილეები ხელს უშლიდნენ ქარხანაში მომუშავე პერსონალს  და მას შეურაცხყოფას აყენებდნენ.  რის გამოც ქარხნის ხელმძღვანელობამ პოლიციას მიმართა. უტიაშვილის თქმით, პოლიციაში დაკავებულებმა  ხელწერილების დაწერით დადეს  პირობა, რომ მსგავს ქმედებებს აღარ ჩაიდენენ და  ამის შემდეგ  განთავისუფლდნენ. ” გაფიცვის გაგრძელებას „ჰერკულესის“ მუშებს არავინ უკრძალავს, თუ ისინი სხვებს ხელს არ შეუშლიან.”- აღ­ნიშნა შოთა უტიაშვილმა.  

საწარმოს თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და საწარმოდან დათხოვნილი 17 თანამშრომლის სამუშაოზე აღდგენას მოთხოვენ.13 სექტემბრიდან  100-მდე მუშამ გაფიცვა გამოაცხადა, ოთხი თანამშრომელი რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდა.

ქარხანა "ჰერკულესი" ქართულ-ინდურ შპს "ევრაზიანსთილსის" საკუთრებაა, ქარხანაში 350 საქართველოს და 150 ინდოეთის მოქალაქე არის დასაქმებული.

კომენტარები