ლიტვაში რუსები ფრანგებზე გავიდნენ

საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში საბერძნეთი 64:56 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ისინი ლიტვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ. მოგების მთავარი შემოქმედი ისევ და ისევ სან ანტონიოს სუპერვარსკვლავი ტონი პარკერი გახდა. მან მოწინააღმდეგეს 18 ქულა ჩაუგდო.

პარკერთან ერთად უდიდესი სამუშაო შეასრულა ნანდო დე კოლომ. ვალენსიას 24 წლის უკანახაზელმა ბოლო მეოთხედში 10 ქულა დააგროვა, საერთო ჯამში თექვსმეტს მოუყარა თავი და ფრანგებს მედლებისაკენ გაუხსნა გზა.

მათი მეტოქე ფინალისაკენ მიმავალ გზაზე დავიდ ბლატის გაწვრთნილი რუსეთის ნაკრები იქნება. კირილენკომ და კომპანიამ მეოთხედფინალში სერბეთს არაფერი დაუთმეს, საბოლოოდ კი ათი ქულის სხვაობით 77:67 დაამარცხეს.

რუსეთის ნაკრებში კირილენკომ გაიბრწყინა. მატჩის შემდგომ ოქმში თანაგუნდელთა შორის ყველა სათამაშო კომპონენტში ანდრეი ლიდერობდა - 14 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი, 4 ჩაჭრა, 2 დაფარება. მისი ასეთი დომინანტური თამაში საბოლოოდ გუნდის გამარჯვების წინაპირობა გახდა.

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრები დღეს ჩატარდება. დღის პირველ დაპირისპირებაში, თბილისის დროით 18:20 საათზე ესპანელები მაკედონიელებს ეთამაშებიან. რუსეთისა და სარფანგეთის ნაკრებების მატჩი კი 22 საათზე დაიწყება.

 

კომენტარები