მთავარი მაკედონიური სენსაცია

მაკედონიის საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ლიტველები დაამარცხა 67:65. ეს რეალურად წლევანდელი კონტინენტის პირველობის ყველაზე დიდი სენსაციაა. შეჯიბრების მასპინძელი ბალტიისპირელები ახლა მედლებისათვის ბრძოლის მაგივრად მეხუთე-მერვე ადგილებისათვის ითამაშებენ. შეხვედრა თავიდანვე ლიტველებმა წაიყვანეს და მეოთე მეოთხედის სტარტზეც წინ იყვნენ. ერთი უნდა ითქვას, ამის მიუხედავად, მაკედონიელები მოწინააღმდეგეს დიდი სხვაობით არცერთხელ არ ჩამორჩნენ. დასკვნით ათწუთეულში კი უკეთესად ითამაშეს, 18:13 მოიგეს და ამით საბოლოო გამარჯვებაც დაისაკუთრეს.

წინა შეხვედრების მსგავსად, შეჯიბრების მთავარ სენსაციად შერაცხულ მაკედონიელთა შემადგენლობაში საუკეთესო ბო მაკკალები იყო. ამ ამერიკელმა მოთამაშემ ამჯერად 23 ქულა დააგროვა და დიდწილად განაპირობა საკუთარი გუნდის გამარჯვება. თუმცა გადამწყვეტ მომენტში, მატჩის ბედზე უდიდესი გავლენა ვლადო ილიევსკიმ მოახდინა. საკუთარი ნაკრების ბოლო ქულები მან ჩაყარა და ნახევარფინალის საგზურიც გაუფორმა.

მეორე მეოთეხდფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთის პირისპირ ესპანელები და სლოვენიელები წარსდგნენ. პირინეელებმა მოწინააღმდეგე ძალიან ადვილად 22 ქულის სხვაობით 86:64 დაამარცხეს. საუკეთესოები მათ შემადგენლობაში ხუან კარლოს ნავარო და პაუ გასოლი იყვნენ. პირველმა მათგანმა 26 ქულა დააგროვა, მეორეს ანგარიშზე კი 19 ქულა და 16 მოხსნა იყო.

ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ ესპანეთისა და მაკედონიის ნაკრებები წარსდგებიან. ფავორიტად რაღა თქმა უნდა, გასოლი და მისი თანამემამულეები ითვლებიან.

ევროპის ჩემპიონატი, მეოთხედფინალები

მაკედონია - ლიტვა 67:65 (18:20, 12:14, 19:18, 18:13)

მაკედონია: მაკკალები (23 ქ.), ვ. სტოიანოვსკი (15), ილიევსკი (12), ანტიჩი (8), სამარძისკი (7), გეჩევსკი (2)

ლიტვა: იავტოკასი (13), სონგაილა (12), კალნიეტისი (9), იასაიტისი (9), იასიკევიჩუსი (7), კაუკენასი (6), იანკუნასი (4), ვალანჩუნასი (3), ფოჩუსი (2)
 
ესპანეთი - სლოვენია 86:64 (16:23, 19:8, 36:14, 15:19)

ესპანეთი: ნავარო (26 ქ.), პ. გასოლი (19 ქ. 16 მ.), იბაკა (9), კალდერონი (9), ფერნანდესი (8), მ. გასოლი (7), რეიესი (3), ლული (3), კლავერი (2)

 

კომენტარები