მაკკალებმა გამარჯვება მოგვტაცა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა შემოგვთავაზა. მოთამაშეებმა კაპიტნისა და ლიდერის, ზაზა ფაჩულიას არყოფნაში ყველაფერი გააკეთეს, თავდადებით ითამაშეს, მაგრამ საბოლოოდ მაკედონიელებთან მაინც 2 ქულით დამარცხდნენ - 63:65. მანამდე ჯვაროსნებმა ორჯერ მოახერხეს ათქულიანი ჩამორჩენის მინიმუმამდე დაყვანა. ბოლო წუთზე თამაში ნიკოლოზ ცქიტიშვილის ორი საჯარიმოთი გავათანაბრეთ. მაკედონიელებს ბოლო შეტევის განსახორციელებლად 16 წამი დარჩათ. ყველამ იცოდა, რომ ბურთს მათი ლიდერი ბო მაკკალები მიიღებდა და სამწამიანში შესვლით შეეცდებოდა საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მოპოვებას. ასეც მოხდა, მაკკალებმა დრო გაიყვანა და ბოლო წამზე ჩაგვიგდო ბურთი. ამ მოთამაშემ გუშინ საერთო ჯამში 27 ქულა დააგროვა.

ამ მომენტის შესახებ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმაც ისაუბრა: „დარბაზში ყველამ იცოდა, რომ მეტოქე ბოლო შეტევას მაკკალებს მიანდობდა. მეც შესაბამისი ზომები მივიღე და მოედანზე უკანახაზელები დავამატე. ამის მიუხედავად, საბოლოოდ ბურთი მაინც ამ მოთამაშისაგან მივიღეთ. წაგება გუნდის ბრალი არ იყო, კალათბურთელებს მინდა მადლობა გადავუხადო. პასუხისმგებლობას კი მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ“.

გუშინდელ თამაშში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი მოთამაშე დაკარგა. მეტოქესთან შეჯახების შემდეგ ჯვარედინი მყესები გაუწყდა გიორგი ცინცაძეს. ჩვენი ნაკრები დარჩენილ ორ შეხვედრას ათი კალათბურთელით შეხვდება.

საუცხოო შეხვედრა ჩაატარა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა. ის ჯვაროსნების შემადგენლობაში საუკეთესო იყო. დიდწილად მისი დამსახურებაცაა ის ანგარიში, რომელიც საბოლოოდ დაფიქსირდა. სასტარტო შემადგენლობაში დაყენებულმა ცქიტიშვილმა 20 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. ის პერიმეტრიდანაც და სამწამიანიდანაც უდიდეს პრობლემებს უქმნიდა მოწინააღმდეგეს. მატჩის შემდგომ კომენტარი მანაც გააკეთა: „ამაყი ვარ იმით, რომ საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ. პირველად მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე და უკვე 12 საუკეთესოს შორის ვართ. დღეს გამარჯვებასთანაც ახლოს ვიყავით, რაც მეოთხედფინალში გასვლის კარგ შანსს მოგვცემდა. სამწუხაროდ მაკკალების შეჩერება ვერ მოვახერხეთ, სწორედ ის იყო გამარჯვების მთავარი შემოქმედი“.

თამაშის დასრულების შემდეგ, ქართველებთან შეხვედრაზე და ურთულეს გამარჯვებაზე გააკეთა აქცენტი მაკედონიელთა დამრიგებელმა მარინ დუკოზოვსკიმ: „ეს იყო პირველი თამაში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც მოწინააღმდეგემ უდიდეს წნეხში მოგვაქცია. საქართველოს ნაკრებმა იბრძოლა და უდიდესი დეფიციტის აღმოფხვრა მოახერხა. საბოლოოდ ჩვენ გაგვიმართლა და გავიმარჯვეთ. მიხარია, რომ ეს შევძელით. დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის დღეა და ჩვენს ქვეყანას კარგი საჩუქარი გავუკეთეთ“.

ევროპის ჩემპიონატი, მეორე ჯგუფური რაუნდი

საქართველო - მაკედონია 63:65 (12:13, 14:16, 18:25, 19:11)

საქართველო: ცქიტიშვილი (25 წთ. 20 ქ. 10 მ. 2 პ. 2 ჩ. 1 დაფ. 3 ფ. 2 დაკ.), სანიკიძე (32 წთ. 15 ქ. 7 მ. 1 პ. 1 ჩ. 2 ფ. 7 დაკ.), მარკოიშვილი (33 წთ. 8 ქ. 3 მ. 2 პ. 2 ჩ. 4 ფ. 4 დაკ.), შენგელია (24 წთ. 7 ქ. 4 მ. 1 ჩ. 1 დაფ. 2 ფ. 2 დაკ.), ჰეინსი (21 წთ. 6 ქ. 2 მ. 2 პ. 2 ფ.), ვ. ბოისა (16 წთ. 4 ქ. 2 მ. 1 პ. 3 ფ.), გამყრელიძე (14 წთ. 1 ქ. 4 მ. 2 ფ. 1 დაკ.), ცინცაძე (12 წთ. 1 ქ. 2 მ. 3 პ. 2 ჩ. 1 დაკ.), შერმადინი (16 წთ. 1 ქ. 2 მ. 3 ფ. 3 დაკ.), ა. ბოისა (8 წთ. 1 მ. 2 ფ.)

მაკედონია: მაკკალები (27 ქ.), ვ. სტოიანოვსკი (8 ქ.), ანტიჩი (8 ქ.), ილიევსკი (6 ქ.), სამარძისკი (5 ქ.), გეჩევსკი (4 ქ.), დ. სტოიანოვსკი (4 ქ.), სოკოლოვი (3 ქ.)

 

კომენტარები