საქართველომ მაკედონიასთან უნდა იომოს

დღეს ვილნიუსში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფური რაუნდის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ჯვაროსნების მოწინააღმდეგე ამჯერად მაკედონიის ეროვნული გუნდი იქნება. ეს შეხვედრა თბილისის დროით 16:20 საათზე დაიწყება. მეორე ჯგუფურ რაუნდში საქართველო შედარებით ადვილ ქვეჯგუფში მოხვდა. მისი მომავალი მეტოქეები მაკედონია, ფინეთი და საბერძნეთი არიან. ამან გულშემატკივართა ნაწილს იმედი გაუჩინა, რომ მეოთხედფინალის საზგურისთვისაც შეგვიძლია ბრძოლა.

უბრალოდ ამჯერად ერთი საკმაოდ დიდი პრობლემა გვაქვს. იგორ კოკოშკოვის გუნდმა კაპიტანი, ზაზა ფაჩულია დაკარგა. ქართველმა ცენტრმა ბულგარეთთან მატჩში კუნთი გაიწყვიტა და კალათბურთს მინიმუმ ერთი თვით ჩამოშორდა. ეს კი ჩვენი ნაკრებისათვის სერიოზული დანაკლისია.

ფინელები და მაკედონიელები უმთავრეს აქცენტს უკანა ხაზზე აკეთებენ. ჩვენი უპირატესობა მათთან მაღალი კალათბურთელები უნდა იყოს. ახლა კი ამის გაკეთება ყველაზე გამოცდილი მეომარის - ფაჩულიას გარეშე მოგვიწევს. დღეს ვილნიუსში საკუთარ თავზე უდიდესი პასუხისმგებლობა გიორგი შერმადინმა უნდა აიღოს დაამტკიცოს, რომ ტყუილად არ ითვლება ევროპაში ერთ-ერთ პერსპექტიულ მოთამაშედ.

მაკედონიელების უმთავრესი ვარკსვლავი წლევანდელ ევროპირველობაზე ამერიკელი ბო მაკკალებია. იტალიური მონტეპასკის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ლიტვაში საშუალოდ 20.6 ქულას, 3.2 მოხსნასა და 4.2 შედეგიან გადაცემას აკეთებს. მთავარი მომხსნელი 29 წლის პერო ანტიჩია - 9.4. ის ამ მაჩვენებლით ევროპის ჩემპიონატზე მეორეა.

მოხსნებში მეოთხეა ვიქტორ სანიკიძე, მისი საშუალო მაჩვენებელი 8.6 მოხსნას შეადგენს. ლიტვაში ის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა. ზაზა ფაჩულიას არყოფნაში მასზე უდიდესი დატვირთვა გადავა.

საქართველოსა და მაკედონიის ნაკრებები ერთმანეთს 2003-2004 წლებში შეხვდნენ. მაშინ ორივე გუნდის მთავარი საზრუნავი ევროპის  A დივიზიონში გადასვლა იყო. სკოპიეში მასპინძლებმა გაიმარჯვეს, თბილისში კი მოგება ჩვენებს დარჩათ. საბოლოოდ ორი შეხვედრის ჯამში დაწინაურება მაკედონიელებმა მოახერხეს. ქართველებს კი კიდევ ოთხი წელი დასჭირდათ ზედა დივიზიონში ასასვლელად.

 

კომენტარები