მთავრობა რელიგიურ უმცირესობებს ქონებას უბრუნებს

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
თურქეთის მთავრობა რელიგიურ უმცირესობებს 1936 წლის შემდეგ ჩამორთმეულ ქონებას დაუბრუნებს, გაყიდული ქონების ნაცვლად კი კომპენსაციას გადაუხდის. გადაწყვეტილება 27 აგვისტოს, პარლამენტში ნაციონალისტური ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღეს. 28 აგვისტოს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რელიგიურ უმცირესობათა ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა. სადილს 150-მდე ქრისტიანული და ებრაული ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო. ერდოღანის განცხადებით, თურქეთში რელიგიური ჯგუფების მიმართ უსამართლობის დრო დასრულდა და რელიგიური კუთვნილების ან უბრალოდ ცხოვრების განსხვავებული სტილის გამო, არავინ უნდა დაიჩაგროს.

თურქეთში ებრაული, სომხური და ბერძნული მართლმადიდებლური თემები, ოფიციალურად აღიარებული რელიგიური უმცირესობები არიან. თურქეთში რელიგიური ორგანიზაციები დარეგისტრირებული აქვთ ქრისტიანობის სხვა კონფესიების წარმომადგენლებსაც. კანონით სარგებლობა სწორედ მათ (რელიგიურ ორგანიზაციებს) შეეძლებათ – მოცემულ ქონებაზე პრეტენზიის განსაცხადებლად 12-თვიანი ვადა აქვთ.

რადგანაც კანონი ეხება რელიგიური ორგანიზაციებისათვის 1936 წლის შემდეგ ჩამორთმეულ ქონებას, ის ვერ იქონიებს გავლენას თურქეთის მოსაზღვრე პროვინციებში მდებარე უძველეს სომხურ ეკლესიებზე. თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე უძველეს ქართულ ეკლესიებზეც იგივე შეიძლება ითქვას. თუმცა, გამორიცხული არ არის, თურქეთში განლაგებული ტაძრები საქართველოსა და სომხეთის ეკლესიებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდეს. სადავო კომპლექსებს შორის, შესაძლოა, ოშკი, იშხანი, ბანა, პარხალი და არდაშენი მოხვდნენ.

რელიგიური უმცირესობების შესახებ კანონების შემსუბუქებაზე თურქეთზე ზეწოლას ევროკავშირი ახდენდა. რელიგიურ ორგანიზაციებსა და თურქეთის მთავრობას შორის ქონების შესახებ დავა, როგორც თურქულ, ისე ევროპულ სასამართლოებში წლების მანძილზე მიმდინარეობს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, რამდენიმე შემთხვევაში, ქვეყნის მთავრობას კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

თურქეთის რესპუბლიკის დაარსების (1923) შემდეგ, სეკულარული პოლიტიკური ელიტა რელიგიას არ სწყალობდა. ეს შეიძლება არა მხოლოდ რელიგიურ უმცირესობებზე, არამედ სუნიტ მუსლიმებზეც ითქვას. 1936 წელს რელიგიურ გაერთიანებებს, საკუთარი აქტივების აღწერის შემდეგ, ქონება ჩამოართვეს, სკოლების, საავადმყოფოების, ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებისა და სასაფლაოების ჩათვლით. 1974 წელს თურქეთში შემოიღეს კანონი, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს უძრავი ქონების შეძენას უკრძალავდა.

ერდოღანის მმართველ, სამართლიანობისა და განვითარების პარტიას (AKP) სეკულარული გზიდან გადახვევასა და ისლამიზაციაში ადანაშაულებენ. თუმცა თავის წინამორბედ, თურქეთის სეკულარულ მმართველ პოლიტიკურ ძალებთან შედარებით, AKP რელიგიურ უმცირესობებს მეტ ყურადღებას უთმობს. 2002 წლიდან მოყოლებული, თურქეთმა მრავალი კანონი მიიღო რელიგიური უმცირესობების შესახებ საკუთარი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. AKP-მ შეამსუბუქა კანონები, რომლებიც რელიგიურ თვითგამოხატვას ზღუდავდა. ამით პირველ რიგში სუნიტებმა ისარგებლეს. 2007 წლიდან იმამებმა საკუთარი ქადაგებების შედგენაში გარკვეული ავტონომია მიიღეს, რელიგიურ სკოლებში კი სტუდენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. თურქეთს ევროკავშირში წევრობის აპლიკაცია აქვს შეტანილი და რელიგიური უმცირესობების მიმართ ყურადღება, გარკვეულწილად, ამ ფაქტითაც არის განპირობებული.

ქვეყნის 74-მილიონიან მოსახლეობაში რელიგიურ უმცირესობათა წილი 1 პროცენტზე ნაკლებია. ქვეყანაში დაახლოებით 120 ათასი (მთლიანი მოსახლეობის 0.15%) ქრისტიანი და 25 ათასი ებრაელი ცხოვრობს. მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია.

კომენტარები