დრაივი, ახალი მაიმუნების პლანეტა და 50/50 შანსი

 აგვისტო-სექტემბერი ჰოლივუდში მშვიდი სეზონია. ამ თვეებში, ტრადიციულად, არც დიდი ბლოკბასტერები გამოდის და არც ოსკარის მაძიებელი ფილმები. თუმცა აქა-იქ, რამდენიმე საინტერესო პროექტის რელიზსაც წააწყდებით.

წარმოგიდგენთ აგვისტო-სექტემბრის კინოაფიშას, იმ ფილმების მოკლე მიმოხილვას, რომელზე ყურადღების გამახვილებაც ღირს.



მაიმუნების პლანეტის დასაწყისი (5 აგვისტო)
1968 წელს ფრენკ შეფნერმა გადაიღო ფილმი, რომელმაც თავისი ატმოსფეროთი, დიდებული გრიმითა და შოკისმომგვრელი ფინალით, კინოს ისტორიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. „მაიმუნების პლანეტა” საკულტო პროექტად იქცა, რომლის 2001 წლის ტიმ ბარტონისეული რიმეიკიც რეჟისორის უსუსტეს ნამუშევრად და ორიგინალის განუვითარებელ პრიმატ შვილად შეგვიძლია დავახასიათოთ. აგვისტოში ჰომო საპიენსის დონეზე განვითარებული მაიმუნები ბრუნდებიან. ამჯერად ყოველგვარი გრიმის გარეშე, კომპიუტერული ეფექტებით შექმნილები. ცეზარს (ენდი სერკინსი), მაიმუნების ბელადს წინ ჯეიმს ფრანკოს პერსონაჟი აღუდგება. ვნახოთ რა გამოვა ფილმისაგან, რომლის ტრეილერიც დამაიმედებლად გამოიყურება.

მინდა, როგორც შენ (5 აგვისტო)
დეივი (ჯეისონ ბეიტმანი) და მიჩი (რაიან რეინოლდსი) საუკეთესო მეგობრები არიან. დეივს ცოლი ჰყავს, მაგრამ თავის თანამშრომელ საბრინასთან (ოლივია უაილდი) სექსზე ოცნებობს. მიჩი თავქარიანი ტიპია, რომლისთვისაც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გართობაა. ისინი „შემთხვევით” სხეულებს ცვლიან და ყველაზე საინტერესოც აქედან იწყება. „ქორწილების ჩამშლელების” რეჟისორის, დევიდ დობკინის, მორიგი კომედია მშვენიერი სამსახიობო ანსამბლითა და სიუჟეტით.

დანიშნულების პუნქტი 5 (12 აგვისტო)

2000 წლიდან მოყოლებული, დაღუპვას შემთხვევით გადარჩენილებს სიკვდილი არ ასვენებდა. 2011 წელს სიკვდილი იღბლიან ადამიანებს კიდევ ერთხელ „შეაწუხებს”. ამჯერად ის ხიდის დანგრევას გადარჩენილებს დევნის და საშინელი მეთოდებით უსწორდება. საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომელიც „ხერხის” ფრენჩაიზს მოგაგონებთ.

კონანი (19 აგვისტო)
სახელი კონანი არნოლდ შვარცენეგერთან ასოცირდება. 80-იანი წლების ფენტეზი ექშენის რიმეიკში მთავარ როლს ჯეისონ მომოა შეასრულებს. ის შეეცდება ხალხს რკინის არნი დაავიწყოს. კონანი შურისძიების წყურვილითაა აღვსილი, ის მამის მკვლელს ეძებს და გზად ყველანაირ ბოროტებას ანადგურებს. ფენტეზი არსებები, უამრავი სისხლი და ბრძოლის სცენა – იდეაში კარგი პოპკორნ ფილმი თრეშ-ფენტეზის მოყვარულთათვის.

ჯაშუშთა შვილები 4 (19 აგვისტო)
ჰოლივუდში რომ იდეების კრიზისია, ეს პროექტიც მოწმობს. აგვისტო-სექტემბრის ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი პროექტი ან ორიგინალის გაგრძელებაა ან რიმეიკი. რობერტ როდრიგესიც თავის 2001 წლის პირმშოს გაგრძელებას იღებს. გაზრდილი კარმენ და ჯუნი კორტესები. მაჩეტე, ახალი ჯაშუშები, ანტონიო ბანდერასი და კარლა გუჯინო კვლავაც საქმეში არიან. მოკლედ ყველაფერია იმისათვის, რომ ბავშვებმა კინოში სიამოვნება მიიღონ.

აპოლო 18 (2 სექტემბერი)
ნაპოვნია ათწლეულების წინ გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც აპოლო 18-ის ორი ასტრონავტის NASA-ს საიდუმლო ექსპედიციაზე მოგვითხრობს. ჩვენ გავიგებთ მიზეზს, თუ რატომ აღარ დაბრუნდნენ ამერიკელები მთვარეზე. ეს ყველაფერი დამაინტრიგებლად ჟღერს, ისევე როგორც ტრეილერი ჩანს ძალიან ჩამთრევი. მინიმალისტური, კლაუსტროფობიული ფილმი მთვარის ბნელ მხარეზე.

მეომარი (9 სექტემბერი)
გეივინ ოკონორის ფილმის ტრეილერი, რაღაც შუალედურს ჰგავს „რესტლერსა” და „მებრძოლს” შორის. ორი ძმის ისტორია, რომლებიც „ბრძოლა წესების გარეშე” ტურნირში იღებენ მონაწილეობას და ბედის ირონიით, მთავარი პრიზის მისაღებად, ერთმანეთთან მოუწევთ დაპირისპირება. ამომავალი ვარსკვლავები ტომ ჰარდი და ჯოელ ეჯერტონი, ჰოლივუდის ვეტერანი ნიკ ნოლტი შეეცდებიან მაყურებელს მაქსიმალური სიამოვნება მიანიჭონ.

დრაივი (16 სექტემბერი)
ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო პროექტი, რომელიც შეიძლება აგვისტო-სექტემბრის კინოსეზონზე ნახოთ. იმედისმომცემმა რეჟისორმა ნიკოლას ვინდინგ რეფნმა ამ ფილმისთვის კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა. ჰოლივუდელი კასკადიორის (რაიან გოსლინგი) ისტორია, რომელიც კრიმინალური ბანდის მძღოლია და სერიოზულ პრობლემებში გაეხვევა. ვნახოთ რა გამოვა რეფნი-გოსლინგის დუეტისგან, ინტერნეტში გავრცელებული ეპიზოდი ფილმიდან, ბრწყინვალედ გამოიყურება.

უბრალო ძაღლები (16 სექტემბერი)
სემ პეკინპას 1971 წლის ტრილერის რიმეიკი. 70-იანებში დასტინ ჰოფმანმა და სუზან ჯორჯმა ბრწყინვალე დუეტი შექმნეს, ვნახოთ ჯეიმს მერსდენსა და კეიტ ბოსუორტს რა გამოუვათ. „უბრალო ძაღლები” წყვილის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც საცხოვრებლად სამხრეთ აშშ-ში გადადის. იქ, ადგილობრივებთან ნელ-ნელა ურთიერთობა ეძაბებათ, თან ისე, რომ შეიძლება საშინელ ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდოს.

50/50 (30 სექტემბერი)
27 წლის ადამს (ჯოზეფ გორდონ-ლევიტი) სიმსივნის დიაგნოზს დაუსვამენ. მისი გადარჩენის შანსი 50/50-ზეა. ერთი შეხედვით, ფილმი დრამა უნდა იყოს, მაგრამ რეჟისორი ჯონათან ლევაინი ამ ისტორიას კომიკურად ჰყვება. ადამი თავის დედასთან, მეგობრებთან და ექიმებთან ერთად გადის გრძელ გზას, რათა გაიგოს, თუ რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი.

კომენტარები