ბელგიასთან დაწყებული ქართული საქმე

ქართველმა კალათბურთელებმა ბელგიელებზე შური იქ იძიეს, სადაც ეს ყველაზე საჭირო და გამოსაჩენი იყო. აქამდე ამ გუნდთან მხოლოდ წაგებები გვქონდა და ყველას კარგად გვახსოვდა შარშნდელი თბილისური გამანადგურებელი მარცხი. ახლა კი ევროპის ჩემპიონატზე, ლიტვურ კლაიპედაში ჯვაროსნებმა მოწინააღმდეგეს საკალათბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს და 81:59 დაამარცხეს.

ძნელია ერთი კონკრეტული კალათბურთელის წვლილზე საუბარი. ეს იყო ერთი მთლიანი გუნდი, რომელმაც გუნდური თამაშით, კარგი დაცვითა და დაბალანსებული შეტევით მოწინააღმდეგეს წარმატებაზე ფიქრის მცირე შანსიც არ დაუტოვა. სხვაობა მეოთხედიდან მეოთხედამდე იზრდებოდა და საბოლოოდ 22 ქულაში გამოიხატა.

კარგი იყო ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც პირველივე შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. ის ორივე ფართან დომინირებდა და მაყურებელს ეფექტური გდებებითაც ახალისებდა. მის ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა და 11 მოხსნა იყო. გადამწყვეტ მომენტებში საჭირო ბურთებს აგდებდა ზაზა ფაჩულია და მოწინააღმდეგის მაღლებსაც პრესონალური შენიშვნებით ტვირთავდა. საქართველოს ნაკრებში მან ყველაზე მეტი - 16 ქულა დააგროვა. დაცვაში დიდ სამუშაოს ასრულებდა ვლადიმერ ბოისა, მანუჩარ მარკოიშვილი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და სათადარიგო ცენტრი გიორგი შერმადინი. გუნდურ თამაშს წარმართავდა და თანაგუნდელებს პასებით ამარაგებდა გიორგი ცინცაძე. 15 წუთში 13 ქულის დაგროვება მოახერხა 19 წლის თორნიკე შენგელიამ.

საერთოდ გამოჩნდა, რომ იგორ კოკოშკოვმა ამხანაგურ შეხვედრებში მართლაც ბევრი რამე დამალა. ალბათ ეს იყო საქართველოს ნაკრების საუკეთესო თამაში მათ შორის, რაც კი აქამდე გვინახავს. ყველაზე დაბალანსებული და ამასთან ერთად, დომინანტური.

თუმცა ახლა უკვე საჭიროა რუსეთთან თამაშზე კონცენტრირება. ბელგიელებთან თამაშის დავიწყება და ეიფორიიდან გამოსვლა. დღეს კლაიპედაში საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. ეს იქნება ურთულესი გამოცდა, რომელსაც გვინდა თუ არ გვინდა თითოეული ჩვენგანი მოუთმენლად ელის. შეხვედრა თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატი; ლიტვა; კლაიპედა

საქართველო - ბელგია 81:59 (20:11, 17:13, 21:18, 23:17)

საქართველო: ფაჩულია (21 წთ. 16 ქ. 3 მ. 1 პ. 1 ჩ. 4 ფ. 3 დაკ.), ვიქტორ სანიკიძე (25 წთ. 13 ქ. 11 მ. 4 პ. 1 ჩ. 1 დაკ.), შენგელია (15 წთ. 13 ქ. 3 მ. 1 პ. 1 დაფ. 1 ფ. 1 დაკ.), ვ. ბოისა (19 წთ. 10 ქ. 2 მ. 2 პ. 1 ფ.), ცინცაძე (32 წთ. 8 ქ. 2 მ. 4 პ. 3 ფ. 1 დაკ.), შერმადინი (19 წთ. 7 ქ. 4 მ. 1 პ. 3 ფ. 2 დაკ.), მარკოიშვილი (32 წთ. 5 ქ. 7 მ. 4 პ. 2 ფ. 4 დაკ.), ჰეინესი (14 წთ. 4 ქ. 1 პ. 2 ფ. 1 დაკ.), ცქიტიშვილი (17 წთ. 2 ქ. 2 მ. 1 ჩ. 1 ფ. 1 დაკ.), ა. ბოისა (2 წთ. 2 ქ. 1 მ.), გამყრელიძე (3 წთ. 1 ქ. 1 მ. 1 დაკ.), ფარღალავა (2 წთ. 1 პ. 1 ჩ.)

ბელგია: ბეგინი (13 ქ), მბენგა (12 ქ.), ლაუერსი (8 ქ.), მურსი (7 ქ.), ფეისონი (7 ქ.), მუია (6 ქ.), ვან დენ შპიგელი (4 ქ.), ტაბუ-ებომა (2)

 

ევროპის ჩემპიონატის პირველი დღის ანგარიშები

A ჯგუფი: ესპანეთი - პოლონეთი 83:78, თურქეთი - პორტუგალია 79:56, ლიტვა - დიდი ბრიტანეთი 80:69

B ჯგუფი: სერბეთი - იტალია 80:68, საფრანგეთი - ლატვია 89:78, გერმანია - ისრაელი 91:64

C ჯგუფი: ჩერნოგორია - მაკედონია 70:65, საბერძნეთი - ბოსნია-ჰერცოგოვინა 76:67, ხორვატია - ფინეთი 84:79

D ჯგუფი: საქართველო - ბელგია 81:59, სლოვენია - ბულგარეთი 67:59, რუსეთი - უკრაინა 73:64

კომენტარები