ორატორები და მათი გამოსვლები

მსოფლიო პოლიტიკური ლიდერების, სამხედრო სარდლებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების გამოსვლები გარკვეულ ისტორიულ მონაკვეთს წარმოაჩენს. გამორჩეულ სიტყვებზე საუბრისას, პირველ რიგში, დადებითი ემოციის ან მნიშვნელობის გამოსვლებს გულისხმობენ. თუმცა ისტორიაში საკუთარი ადგილი ისეთ სიტყვებსაც უჭირავთ, რომლებიც მსმენელთა მოტყუებასა და დემოკრატიული ღირებულებებით მანიპულაციაზე იყო გათვლილი. როგორც ბრიტანელი ისტორიკოსი, საიმონ სებაგ მონტეფიორე აღნიშნავს, გამოსვლები შეიძლება ასახავდეს კონკრეტული ისტორიული მონაკვეთის სინამდვილეს, ან პირიქით – მის დამახინჯებულ აღქმას. ორატორები ხშირად აპელირებენ თავისუფლებაზე აქცენტირებითა და დემოკრატიული ღირებულებებით. სწორედ ამიტომ, ლენინისა და ჰიტლერის მსგავსი სიტყვები მწარე ისტორიულ გაკვეთილებს წარმოადგენს.

ცნობილია გამოსვლები, რომლებიც ავტორის მიერ სიტუაციის შეფასების უუნარობას გამოხატავს. ბრიტანეთის პრემიერმა, ნევილ ჩემბერლენმა 1938 წელს შეთანხმება გააფორმა ჰიტლერთან, რომლითაც ნაცისტ დიქტატორს ჩეხეთის ნაწილი პრაქტიკულად აჩუქა. სულ რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემბერლენის დაშოშმინების პოლიტიკის კრახი დადასტურდა. თუმცა თავად პრემიერ-მინისტრი თვლიდა, რომ მიუნხენის შეთანხმებით მშვიდობას მიაღწია. ბრიტანეთში ჩასვლისთანავე, პრემიერმა აეროპორტში ააფრიალა ჰიტლერის ხელმოწერილი ქაღალდი, რომელსაც ჩვენი დროის მშვიდობა უწოდა, შემდეგ კი ბრიტანელებს მშვიდი ძილისკენ მოუწოდა.

ორატორობას თანდაყოლილ ნიჭს მიაწერენ. თუმცა ორატორების უმრავლესობა დიდ დროს უთმობს გამოსვლის წერილობითი თუ ზეპირი კომპონენტების დახვეწას. მეოცე საუკუნის გამორჩეულ ორატორს, უინსტონ ჩერჩილს, ბავშვობიდანვე, საუბრისას ენა ებმოდა. ჩერჩილს ყოველთვის სურდა, კარგი ორატორი ყოფილიყო. ამის მისაღწევად დღეში რამდენიმე საათს ვარჯიშობდა. საბოლოოდ ენის ბორძიკი დაძლია, მისი გამოსვლები კი ორატორული ხელოვნების ნიმუშად ითვლება. ამ პოლიტიკოსს საინტერესო ჩვევა ჰქონდა – ტექსტს გამოსვლის პროცესშიც ასწორებდა. ჩერჩილს გრძელი სიტყვის მომზადება უყვარდა. ბრიტანეთის პარლამენტში მის გამოსვლებს, მიუხედავად მოცემული საკითხის სიღრმისეული განხილვისა, მონოტონურად და მოსაწყენად თვლიდნენ. თუმცა ყოველთვის იყო ფრაზები, რომლებიც მსმენელთა თუ მკითხველთა აღტაცებას იწვევდა. 1940 წლის მაისში ჩერჩილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. თავის პირველ საპარლამენტო მიმართვაში მან ხაზი გაუსვა და ფუჭი დამშვიდების გარეშე, სრულად წარმოაჩინა ის საფრთხე, რომელიც ქვეყანასა და მთელს ევროპას ჰიტლერისგან ელოდა. ჩერჩილმა პარლამენტს განუცხადა, რომ მუხლჩაუხრელი შრომისა და საკუთარი სისხლის გარდა ვერაფერს შესთავაზებდა. მიზნად კი
ნებისმიერ ფასად გამარჯვება დაისახა: რა არის ჩვენი მიზანი? გამარჯვება. გამარჯვება ნებისმიერ ფასად, მიუხედავად დანაკარგებისა და სირთულეებისა!

 4 ივნისის პარლამენტში გამოსვლისას ჩერჩილმა განაცხადა: ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სანაპიროებზე, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ასაფრენ ბილიკებზე, მინდვრებსა თუ ქუჩებში და არასოდეს დავნებდეთ! ჩერჩილის მიმართვის ჩანაწერის ეს ნაწილი ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა Iron Maiden გამოიყენა საკუთარ 1985 წლის ალბომში Live After Death.

საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ, ბრიტანეთი ნაცისტური გერმანიის პირისპირ მარტო დარჩა. ჩერჩილმა 18 ივნისის, 36-წუთიან, 23-გვერდიან ისტორიულ მიმართვაში განაცხადა: საფრანგეთისთვის ბრძოლა დამთავრდა, ბრძოლა ბრიტანეთისთვის კი მხოლოდ ახლა იწყება. გამოსვლა მან დაასრულა ბრძოლისაკენ მოწოდებით: თუ ბრიტანეთის იმპერიასა და თანამეგობრობას დიდხანს არსებობა უწერიათ, დაე ყველამ თქვას, ეს იყო მათი საუკეთესო წუთები.

1945 წლის მაისს, გერმანიის დამარცხების შემდეგ, უაითჰოლის სასახლის აივნიდან პრემიერმა ექსპრომტად მიმართა შეკრებილ მოზეიმე ხალხს: ეს თქვენი გამარჯვებაა. ხალხი კი განუწყვეტლივ სკანდირებდა: არა, ეს თქვენი გამარჯვებაა!

ნაცისტური ბოროტების მოშორების შემდეგ, ჩერჩილმა განჭვრიტა კომუნიზმის საფრთხე. უკვე 1946 წელს, ამერიკაში ვიზიტისას, ქალაქ ფულტონში გამოსვლის დროს პირველად მოიხსენია ტერმინი რკინის ფარდა, რომელიც ევროპის გაყოფისა და მისი ნაწილის კომუნისტური მარწუხების ქვეშ მოქცევის სიმბოლოს წარმოადგენდა.

პოლიტიკოსების უმრავლესობას, სიტყვებს სპეციალური განათლების მქონე ადამიანები უწერენ. თუმცა გამორჩეული ორატორების ნაწილი საკუთარ გამოსვლებს თვითონ ამზადებდა. მათ შორისაა, ამერიკის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი. მან საკუთარი საინაუგურაციო სიტყვა ორი თვით ადრე მოამზადა. კენედიმ თავისი პირველი მიმართვა ამერიკელი ხალხისადმი დაასრულა ფრაზით – ნუ იკითხავთ, რით დაგეხმარებათ ქვეყანა, იკითხეთ, რით შეძლებთ საკუთარი ქვეყნის დახმარებას (თუმცა ეს ფრაზა, განსხვავებული ფორმულირებით, ამერიკის 30-ე პრეზიდენტს, კელვინ კულიჯს ეკუთვნის). დანარჩენ მსოფლიოს კენედიმ განუცხადა, რომ ამერიკისთვის მოწყალებას კი არ დალოდებოდნენ, არამედ ერთად ებრძოლათ მსოფლიოში მშვიდობის განსამტკიცებლად.
 
პრეზიდენტის მეორე სიტყვამ, რომელიც 1963 წელს ბერლინში, კედლის აღმართვიდან ორი წლის შემდეგ წარმოთქვა, სრულად წარმოაჩინა მისი ორატორული ნიჭი. კენედიმ კედლის აღმართვას კაცობრიობის შეურაცხყოფა უწოდა. მისი ფრაზა, რომ ნებისმიერი თავისუფალი ადამიანი ბერლინელია, მას შემდეგ მრავალ გამოსვლაში, სხვადასხვა ვარიაციებით განმეორდა. მაგალითად, 2008 წლის აგვისტოში სენატორმა ჯონ მაკკეინმა თქვა: დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ. კენედის ამ გამოთქმასთან სახუმარო ისტორიაცაა დაკავშირებული. კენედიმ ბერლინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად განაცხადა: Ich bin ein Berliner, რაც თარგმანში ნიშნავს – მე ბერლინიდან ვარ. თუმცა ბერლინელები საკუთარი წარმომავლობის აღსანიშნავად არტიკლს (ein) არ ხმარობენ. არტიკლის დამატებით, კენედიმ განაცხადა, რომ ბერლინური ჟელეიანი დონატი გახლდათ. თუმცა მეორე მოსაზრებით, უარტიკლოდ თქმის შემთხვევაში, კენედი შეცდომას დაუშვებდა, რადგანაც წარმოშობით ბერლინიდან არ იყო. მიუხედავად ყველაფრისა, კენედის სიტყვები სამუდამოდ დარჩა ბერლინელებისა, და არა მხოლოდ მათ, მეხსიერებაში.
 
გამომსვლელები ხშირად იმავე ადგილას მომხდარი ან მსგავსი მოვლენის აღსანიშნავ წარმოთქმულ სიტყვასთან ავლებენ პარალელს. კენედის ვიზიტიდან 24 წელიწადში, 1987 წელს, ბერლინს მეორე ამერიკელი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი ეწვია. მისი გამოსვლა ეხმაურებოდა კენედის სიტყვას და მნიშვნელობითაც არანაკლები იყო. თუ კენედი ბერლინს საბჭოთა კავშირის ძლიერების ზენიტში ეწვია, რეიგანის ვიზიტის დროს მსოფლიო ხედავდა კომუნისტური წყობილების გახრწნილებას. რეიგანის გამოსვლა გამოირჩეოდა კომუნიზმის მორალური ნაკლოვანებების ხაზგასმით. კენედის გამოსვლის მსგავსად, ისიც შეიცავდა გერმანულ ფრაზებს. მაგალითად, მონაკვეთს პოპულარული გერმანული სიმღერიდან: სადაც უნდა ვიყო, რასაც უნდა ვაკეთებდე, მაინც ყოველთვის მაქვს ჩემოდანი ბერლინში. მან აღნიშნა, რომ თავისუფლებას ვერაფერი დაამარცხებს და პირდაპირ მოუწოდა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს: ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ კედელი! ბოროტების სიმბოლო თავად ბერლინელებმა დაანგრიეს 1989 წელს, რასაც ქალაქისა და შემდეგ გერმანიის გაერთიანება მოჰყვა. როგორც რეიგანმა განაცხადა, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი ბერლინი, ვერც კედელმა და ვერც მისმა ამგებმა ბოროტების იმპერიამ კი თავისუფლების შემოტევას ვერ გაუძლეს. 
 
სხვადასხვა გამოსვლებმა ღრმად გაიდგა ფესვები პოპ-კულტურაში. მარტინ ლუთერ კინგის 1963 წლის, ვაშინგტონში ლინკოლნის მემორიალთან წარმოთქმული ფრაზა, მე მაქვს ოცნება, ფრთიან გამონათქვამად იქცა. ის ხშირად გვხვდება ჰოლივუდურ ფილმებსა თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში. კინგის ეს სამი სიტყვა უკეთესი მომავლის რწმენის სიმბოლო გახდა. თუმცა მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლაზე არსებობს მოსაზრება, რომ მან საკუთარი სიტყვის ნაწილი პირდაპირ სხვადასხვა ნაწარმოებებიდან და სხვა ადამიანების გამოსვლებიდან გადმოიღო. მიუხედავად ყველაფრისა, კინგის გამოსვლასა და მის ფრაზას მნიშვნელობა სწორად შერჩეულ დროსა და საჭირო კონტექსტში მოხსენიებამ მიანიჭა.
 
სამხედრო მეთაურების სიტყვები განსაკუთრებული პათოსითა და სიმარტივით გამოირჩევა. ამერიკის მესამე არმიის მეთაურმა, ჯორჯ პატონმა, საკუთარ ჯარისკაცებს ნორმანდიაში გადასხმის წინ მიმართა. მან აღნიშნა, რომ შინისაკენ გზა – ბერლინზე გადიოდა. გერმანიის დედაქალაქში კი პირადად აპირებდა ნაბიჭვარი ნაცისტი დიქტატორის მიხვრეტას. თავის ჯარისკაცებს უთხრა, რომ წლების შემდეგ შვილიშვილებისთვის შეეძლოთ სიამაყით მოეყოლათ, თუ როგორ იბრძოდნენ გადარეულ, უფრო სწორედ კი son-of-a-goddamned-bitch ჯორჯ პატონთან ერთად ევროპაში.
 
ზოგიერთ გამოსვლას კონკრეტული მიზანი აქვს. მის მაგალითად რიჩარდ ნიქსონის 1973 წლის აპრილის გამოსვლა გამოდგება. ის ამერიკელებს არწმუნებდა უოთერგეითის საქმის მიუკერძოებელ გამოძიებაში. მისი თქმით, არ შეიძლებოდა თეთრი სახლის სკანდალი მოსახლეობის ყურადღების მიღმა დარჩენილიყო, როდესაც რეალურად მის მიჩქმალვას ცდილობდა. სკანდალის მიუხედავად, საგარეო პოლიტიკური მიღწევების გამო, ნიქსონი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა ავტორიტეტს და ამერიკის შემდეგი პრეზიდენტები ხშირად მიმართავდნენ რჩევისთვის. ნიქსონის შესაძლებლობები დებატებში და მისი ორატორული ნიჭი აისახა ბრიტანელ ჟურნალისტ დევიდ ფროსტთან, 1977 წლის ინტერვიუების სერიაში.
 
სიტყვა გამოხატავს წარმომთქმელი ადამიანის პიროვნებას. გამოსვლის მანერა და შინაარსი ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის დახატვის შესაძლებლობას იძლევა. ეკონომიკური კრახის შემდეგ, 1933 წელს, ფრანკლინ დელანო რუზველტის გამოსვლამ ხაზი გაუსვა მის ლიდერულ თვისებებს: ჩვენ მხოლოდ საკუთარი შიშის უნდა გვეშინოდეს.
 
ამერიკის პრეზიდენტები, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, გამოსვლებისას ყოველთვის მოიხსენიებენ ღმერთს. ეს ამერიკული იდეის გამორჩეულობას უსვამს ხაზს. 
ჯორჯ ბუშმა, 2001 წლის 11 სექტემბერს, ტერაქტიდან რამდენიმე საათში მიმართა ამერიკელ ხალხს. მის გამოსვლაში ხაზი გაესვა ამერიკელი ხალხისათვის ყველაზე ძვირფას ღირებულებებს – დემოკრატიასა და თავისუფლებას: დიადი ხალხი საკუთარ დიად ქვეყანას დაიცავს... ამერიკა მსოფლიოში თავისუფლების შუქურაა და არავის შეუძლია ხელი შეუშალოს მას ნათებაში. ბუშმა გამოსვლა 23-ე ფსალმუნიდან ციტატით დაასრულა: “უკუნი სიბნელით მოცულ ხევში დავაბიჯებ, მაგრამ ბოროტება არ მაშინებს, რადგან შენა ხარ ჩემთან”.
 
გამოსვლა არა მხოლოდ ტექსტზე ან ორატორზეა დამოკიდებული. მათი უმრავლესობა სწორ დროსა და სწორ ადგილზეა შესრულებული. სიტყვებს მნიშვნელობას ჟამთა სვლაც სძენს – ისტორიული გამოცდილება აჩვენებს ამა თუ იმ ადამიანის შეფასებების სისწორეს ან მცდარობას. ჭეშმარიტად ძლიერი გამოსვლების ისტორიულ ღირებულებას, დროის გასვლა მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს. 
 

კომენტარები