ფეხბურთელი, ჟურნალი და... უორჰოლი

 
ათწლეულებია, რაც ფეხბურთი მხოლოდ სპორტის სახეობა აღარაა. ეს არის იდეალურად გამართული ინდუსტრია, რომლის საცეცებიც დედამიწის ყველა კუთხეს წვდება და სადაც ძალიან დიდი ფული ტრიალებს.

დღეს რამდენიმე საფეხბურთო კლუბს ბევრ სახელმწიფოზე გამართული ბიუჯეტი აქვს, გრანდების პრეზიდენტები ქვეყნის მეთაურებზე დიდი გავლენით სარგებლობენ, საუკეთესო ფეხბურთელები კი პოპულარობით არაფრით ჩამოუვარდებიან კინოვარსკვლავებს, დიზაინერ-ტოპ მოდელებს თუ გავლენიან პოლიტიკოსებს.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მილიონობით ადამიანს აინტერესებს კრიშტიანუ რონალდუს ცხოვრების დეტალები; სად ატარებს შვებულებას ლეო მესი; რატომ უღალატეს ცოლს რაიან გიგზმა და ჯონ ტერიმ; რა თანხა გადაიხადა ახალ კაბაში დევიდ ბექემის მეუღლემ; როდის გაიცნო ხერარდ პიკემ შაკირა; როგორი კაბა ეცვა ჯიჯი ბუფონის გულისსწორს ქორწილში...

ერთი სიტყვით, საუკეთესო ფეხბურთელები და მათი ცხოვრება ყვითელი პრესის მუდმივი თემაა: პაპარაცები თან სდევენ და თვალს არ აშორებენ ვარსკვლავებს, ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში კი საინტერესო და სკანდალურ ფოტოებს ძალიან აფასებენ. მერე, როცა რედაქტორები ნანადირევს გადაათვალიერებენ და ჟურნალისტების წერილსაც წაიკითხავენ, გამოცემებიც მომზადდება, მეორე დღეს კი ძალიან ბევრი ადამიანი შეიტყობს, რომ...

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დღეს პოპულარული ფეხბურთელის გამოჩენა არასპორტული ჟურნალის გარეკანზე არავის უკვირს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. კაცმა რომ თქვას, საკვირველი ის იქნებოდა, ასე რომ არ ყოფილიყო.

მედიის წყალობით რამდენიმე ფეხბურთელის გვარი უკვე ბრენდად იქცა. როცა ამ თემას ვეხებით, პირველ რიგში ინგლისელი სუპერვარსკვლავი დევიდ ბექემი უნდა ვახსენოთ – მისი სარეკლამო შემოსავლები დიდი ხანია რაც სახელფასო მინიმუმს ორჯერ აღემატება, პირად ცხოვრებაზე კი არაფერს ვამბობთ: ათ წელიწადზე მეტია, რაც ის ჟურნალ-გაზეთების ერთ-ერთი მთავარი თემაა.

წლიდან დაწყებული, მას შემდეგ, რაც დევიდის და ბრიტანული პოპ-ჯგუფის სფაიზ გერლზის ერთ-ერთი წევრის, ვიქტორია ადამსის ურთიერთობა გამჟღავნდა, მათი პოპულარობა მუდმივად იზრდება – ათას ჭორ-მართალზე რომ არაფერი ვთქვათ, წყვილი ხშირად მონაწილეობს დაკვეთილ ფოტოსესიებში, სანაცვლოდ კი უზარმაზარ ჰონორარებს იღებს.

კმაყოფილია ფეხბურთელიც და კმაყოფილია გამოცემაც: პირველს დამატებითი შემოსავალი ნამდვილად არ აწყენს, რედაქციაში კი იციან, რომ იმ ნომრის ტირაჟი, რომლის გარეკანსაც ვარსკვლავი დაამშვენებს, კარგად გაიყიდება.

2001 წელს დევიდ ბექემი პირველი მამაკაცი გახდა, რომელიც ჟურნალ MarieClaire-ს ბრიტანული გამოცემის გარეკანზე მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, რედაქციამ მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველს 100 ათასი გირვანქა გადაუხადა. MarieClaire-ს მალე Vogue მოჰყვა, შემდეგ GQ...

ბრიტანული ჟურნალები ფეხბურთელებს ერთი ფოტოსესიის და ექსკლუზიური ინტერვიუს სანაცვლოდ 30-50 ათას გირვანქას უხდიან. თუ მოთამაშის ფოტო გარეკანზე იბეჭდება – და ამას რედაქცია, როგორც წესი, წინასწარ ათანხმებს – ანაზღაურება იზრდება.

2004 წელს GQ-ს იტალიური გამოცემის გარეკანზე მილანის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის კაკას ფოტო დაიბეჭდა, 2010 წელს კი GQ-ს ესპანური გამოცემის ერთ-ერთი ნომერი რეალის პორტუგალიელმა ახალწვეულმა კრიშტიანუ რონალდუმ დაამშვენა. ორივე მოთამაშის საბანკო ანგარიში თითქმის 50 ათასი ევროთი შეივსო...

ერთია ექსკლუზიური ინტერვიუ და ფოტოსესია რიგითი ნომრისთვის და სულ სხვაა, როცა გამოცემა მთავარ თემად ამა თუ იმ ფეხბურთელის ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან ამბავს ირჩევს, ვთქვათ, ქორწილს ან შვილის დაბადებას.

წლის 4 ივლისს, იმავე დევიდ ბექემის და ვიქტორია ადამსის ქორწილის ექსკლუზიური ფოტოგადაღების სანაცვლოდ ჟურნალმა OK! თითქმის ნახევარი მილიონი გირვანქა გადაიხადა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს აკრძალული ჰქონდათ ფოტოაპარატით მისვლა და დაცვაც მკაცრად აკონტროლებდა სიტუაციას, მეორე დღეს სხვადასხვა გამოცემაში მაინც მოხვდა ქორწილის რამდენიმე ფოტო, მაგრამ სავარაუდოდ, OK!-ში ამის გამო ძალიან არ უდარდიათ: ნომერი, რომელიც ამ მოვლენას მიეძღვნა, მხოლოდ ბრიტანეთში 4-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა! დევიდ ბექემის ჰონორართან შედარებით, ალბათ, არც ღირს იმ 40 ათასი გირვანქის ხსენება, რომელიც პოლ გესქოინმა 1996 წელს მიიღო ჟურნალ HELLO-სგან იმავე უფლების სანაცვლოდ...

2007 წლის აგვისტოში VANITY FAIR-ის იტალიურმა გამოცემამ სკუადრა აძურას მეკარეს ჯანლუიჯი ბუფონს 150 ათასი ევრო გადაუხადა ორსულ მეუღლესთან, ჩეხ სუპერმოდელ ალენა სერედოვასთან ერთად ექსკლუზიური ინტერვიუსა და ფოტოსესიისთვის. ნომერი სექტემბერში გამოვიდა, დეკემბერში კი წყვილს პირველი შვილი, ლუის ტომასი შეეძინა.

11 მარტს დევიდ ბექემმა განაცხადა, რომ ის და ვიქტორია ზაფხულში მეოთხე შვილს, ამჯერად გოგოს ელიან (10 ივლისს მათ ქალიშვილი, ჰარპერ სევენი შეეძინათ). რამდენიმე დღეში ვარსკვლავის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ჟურნალებმა HELLO და PEOPLE უკვე მიმართეს ოჯახს ახალშობილის ფოტოგადაღების შესახებ...

2009 წლის იანვარში ჟურნალ ELLE-ის ესპანური გამოცემის გარეკანზე მადრიდის რეალის და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი იკერ კასილიასი კალათბურთელ პო გასოლთან, ჩოგბურთელ რაფაელ ნადალთან და მოდელ ეუხენია სილვასთან ერთად მოხვდა. მეკარეს ჰონორარი არ აუღია – ნომერი 2008 წლის მთავარ მოვლენებს მიეძღვნა, იმ წლის ზაფხულში კი კასილიასის ესპანეთმა 40-წლიანი შესვენების შემდეგ ევროჩემპიონატი მოიგო.

უცნაურია, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე.

როცა საქმე ეხება საქვეყნოდ ცნობილ გამოცემებს და ახირებულ ვარსკვლავებს, ბუნებრივია, არც სკანდალების ნაკლებობაა.

შარშან, ივნისის ნომერში, ჟურნალმა VANITY FAIR დიდი მასალა მიუძღვნა მსოფლიოს ჩემპიონატს, მკითხველს კი ცნობილი ფოტოხელოვანის ენი ლეიბოვიცის მიერ გადაღებული კრიშტიანუ რონალდუს, დიდიე დროგბას, კაკას და ლენდონ დონოვანის ფოტოები შესთავაზა. გარეკანი ტრუსებში გადაღებული რონალდუს და დროგბას ფოტოებმა დაამშვენა. სკანდალი სწორედ ამის გამო მოხდა: პორტუგალიელი თავდამსხმელი უკმაყოფილო დარჩა რედაქციის გადაწყვეტილებით – სურდა გარეკანზე მარტო ყოფილიყო! ბუნებრივია, საქმე სასამართლომდე არ მისულა – ფეხბურთელი VANITY FAIR-ის მისამართით ნათქვამი რამდენიმე არაკორექტური ფრაზით შემოიფარგლა...

და რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში?

სამწუხაროდ, ეს სფერო უცხოურს დაახლოებით ისე ჩამორჩება, როგორც ჩვენი უმაღლესი ლიგა ინგლისის პრემიერლიგას ან, გნებავთ, იტალიის სერია ა-ს.
ქართულ გამოცემებში წამყვან ფეხბურთელებთან ექსკლუზიურ ინტერვიუებზე ხშირად უცხოური ჟურნალ-გაზეთებიდან თარგმნილი წერილები იბეჭდება, რაც შეეხება ფოტოსესიას, ეს ბევრი გამოცემისთვის მიუწვდომელი ფუფუნებაა.

პოპულარობას დახარბებული ზოგიერთი ფეხბურთელი იქით იხდის თანხას, რომ ამა თუ იმ ჟურნალმა მასზე მასალა მოამზადოს, მისი ფოტო გარეკანზე დაბეჭდოს და მერე ჩვენ, მკითხველები დავინტერესდეთ, თუ როდის განაახლა მან გარდერობი, ხაჭაპური ურჩევნია თუ ნიგვზიანი ბადრიჯანი, ან, ვთქვათ, რა უთხრა ბებიამ, როცა თავისი რჩეული გააცნო...

წლების წინ ენდი უორჰოლმა თქვა: მომავალში ყველას შეეძლება გახდეს 15 წუთით სახელგანთქმული.

პოპ-არტის ფუძემდებელი ნაღდად ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს უკვდავი ფრაზა ზედგამოჭრილი იქნებოდა ერთი პატარა ქვეყნის ზეპურ საზოგადოებაზე. 
 

კომენტარები