საქსტატი 2010 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ახალ, დაზუსტებულ, მაჩვენებელს აქვეყნებს

საქსტატის მიხედვით, 2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 814 მილიონი აშშ დოლარი იყო. მარტში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, FDI  553.1 მილიონს აღწევდა. ახალი მონაცემებით, FDI, წინა წელთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა. წინასწარი მონაცემები 16%-იან შემცირებას გვიჩვენებდა. საქტატში ხსნიან, რომ მონაცემებში ამგვარი  სხვაობა ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლით არის განპირობებული. მათი განმარტებით, ახალი მეთოდოლოგიით უკვე კომპანიების კონსოლიდირებულ ფინანსურ მაჩვენებლებს იყენებენ- მათ შორის ”შვილობილი” კომპანიების ფინანსურ მონაცემებსაც.  კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები საკვლევი ბიზნეს სუბიექტების მოცვას ზრდის.

დაზუსტებული FDI წელს მშპ-ს 7%-ს შეადგენს. 2009 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 6% იყო.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია აშშ-დან, თურქეთიდან და ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანიებიდან  შემოვიდა.  უდიდესი წილი მოპოვებით და დამუშავებულ მრეწველობაზე მოდის. მას ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა მოსდევს. მესამეზე უძრავი ქონებაა. 

კომენტარები