ჭაბუკი ქართველების მედლიანი მსოფლიო

კიევში დასრულებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა კარგი შედეგი აჩვენეს. პირველი საშეჯიბრო დღის ჩაგდების შემდეგ, სპორტსმენებმა სიტუაცია გამოასწორეს. საბოლოოდ მათ ანგარიშზე ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთიც ბრინჯაოს მედალი იყო. ევროპის ჩემპიონატისა და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მსგავსად, უკრაინაშიც გაიბრწყინა 81 კგ-ში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილმა. წელს ამ სპორტსმენმა ყველა პრესტიჟული შეჯიბრება მოიგო და არც მსოფლიოს უმთავრეს ტურნირზე შეირცხვინა თავი. ერთმანეთის მიყოლებით გააკრა მოწინააღმდეგეები ტატამზე და ოქროს მედალიც გაიფორმა.

მეორე ოქრო ჩვენ ნაკრებს გურამ თუშიშვილმა მოუტანა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში, მან კიდევ ერთ ქართველს, შალვა ჩოჩელს სძლია. ასეთი შემთხვევებით ქართული სპორტი განებივრებული ნამდვილად არ არის - ქართული ფინალი მსოფლიო ჩემპიონატზე.

ვერცხლის მედალს დასჯერდა ბექა დონღვანი (73 კგ.). მან ფინალამდე კარგად იარა, უბრალოდ ბოლო მომენტში გამოცდილება და ნერვები აღარ ეყო. სწორედ ეს გახდა მისი მარცხის მიზეზი. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა გია გუგავა.

უკრაინაში საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაშიც ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა.ჭაბუკმა ქართველებმა საერთო ჯამში გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.

კომენტარები