NATO-ს საჰაერო იერიშს სამოქალაქო პირები ემსხვერპლნენ

REUTERS
#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/xelib.png##fbimage#
ლიბიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სამშაბათს, ტრიპოლის მახლობლად NATO-ს საჰაერო ძალების მიერ განხორციელებულ იერიშს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოყვა. მათი თქმით, დაღუპულია 85 ადამიანი, მათ შორის, 32 ქალი და 33 ბავშვი. მუამარ კადაფის რეჟიმის წარმომადგენელის ცნობით,  დარტყმა დედაქალაქის აღმოსავლეთიდან 150 კმ-ის მოშორებით,  სოფელ მაჯარში მდებარე ფერმებზე განხორციელდა.

რეპორტიორებს შემთხვევის ადგილის მონახულების საშუალება მიეცათ. როიტერის ჯურნალისტი იტყობინება, რომ ზლიტანის საავადმყოფოში 20 გვამი დათვალა. კადაფის რეჟიმის განცხადებით, დაბომბვის მსხვერპლთა გვამები სწორედ აქ გადაიტანეს. მართალია, ცხედრების უმეტესობა მამაკაცი აღმოჩნდა, მაგრამ მათ შორის იყვნენ ბავშვებიც - ერთერთი 2 წლამდე ასაკის.

რეპორტიორებმა ხსენებულ ჰოსპიტალში სულ 30 გვამი დათვალეს. ოფიციალური პირების თქმით,  დანარჩენი ცხედრები სხვა საავადმყოფოებში გადაიტანეს. თუმცა, როიტერმა დამოუკიდებლად ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ შეძლო.

NATO-ს განცხადებით, საჰაერო იერიშს ლეგიტიმური სამხედრო მიზანი ჰქონდა. სამხედრო წარმომადგენლის, პოლკოვნიკ როლანდ ლავოეს  თქმით, ამან ”შეამცირა კადაფის მხარდამჭერი სამხედრო ძალების შესაძლებლობა, თავს დაესხნენ და დაემუქრონ მოსახლეობას”.

მისივე თქმით, NATO-ს  არ აქვს მტკიცებულება, რომ იერიშს სამოქალაქო პირები ემსხვერპლნენ. თუმცა, მიზნის ბუნებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვებოდა სამხედრო პერსონალში, მათ შორის  ჯარისკაცებში.

NATO-ს შეიარაღებული ძალები რეგულარულ შეტევებს ახორციელებენ ზლიტანის გარშემო წერტილებში, როგორც საჰაეროს, ასევე - საზღვაოს. მათი თქმით, კადაფის მხარდამჭერი შეიარაღებული ძალები ხოცავენ სამოქალაქო პირებს, რომელთაც მისი 41 წლიანი მმართველობის დასრულება სურთ.

კადაფი ამ მოთხოვნებს უარყოფს და ირწმუნება, რომ ეს იერიშები სხვა არაფერია, თუ არა კოლონიური აგრესიის გამოვლინება, რომლის მიზანი ლიბიის ნავთობის მითვისებაა.

მაჯარში დაკრძალვას ასობით ადამიანი დაესწრო.

 

კომენტარები