ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას შეარბილებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის პროგნოზი გამოაქვეყნა. როგორც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ანგარიშშია ნათქვამი, ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაციის მაჩვენებელი 2011–2013 წლებისათვის 6%–ს შეადგენს. თუმცა, ბოლო პერიოდის სამომხმარებლო ფასების ინდექსის  დინამიკა ინფლაციის მოსალოდნელზე უფრო სწრაფ შემცირებაზე მიუთითებს.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი მაისის თვესთან შედარებით ივნისში 4%–ით არის შემცირებული. წლიური ინფლაცია 10%–ს აღწევს და მასში მაღალია სურსათის წვლილი (9.1%).  ივნისში საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი (სურსათის და ენერგომატარებლის გარეშე) 0.3%–ს გაუტოლდა, ხოლო მომსახურების სექტორის ინფლაცია 1%–მდეა.

იმისათვის, რომ შენარჩუნდეს ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ დონეზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის განაკვეთიც 25 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 7.75%  შეადგინა.

კომენტარები