ტური და დოპინგი

ფოტო: REUTERS
ველოსპორტში ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრება ტურ დე ფრანსი ფინიშს უახლოვდება: რიგით 98-ე ტური 24 ივლისს, ტრადიციულად ქვეყნის დედაქალაქში, ელისეს მინდვრებზე, ტრიუმფალურ თაღთან დასრულდება.

წლევანდელ ტურში 22 გუნდი და 219 სპორტსმენი ჩაერთო, მაგრამ განვლილ ეტაპებზე უამრავი შეჯახების გამო, შეჯიბრებას უკვე 185-ზე ნაკლები ველომრბოლელი აგრძელებს.

თუმცა, მხოლოდ ავარიების გამო არ შემცირებულა მონაწილეთა რაოდენობა. დოპინგ-სკანდალს ვერც წლევანდელი ტურ დე ფრანსი გადაურჩა – 6 ივლისს, მეხუთე ეტაპის შემდეგ, რუსეთის გუნდის კატუშას წევრს ალექსანდრ კოლობნევს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება დიურეტიკ ჰიდროქლოროთიაზიდი აღმოუჩინეს და პირველივე დასვენების დღეს – 11 ივლისს – რბოლიდან მოხსნეს.

ბოლო წლებში დოპინგ-სკანდალი ტურ დე ფრანსის თანამდევად იქცა, რამაც ამ პრესტიჟულ შეჯიბრებას გვარიანად შეულახა პრესტიჟი. კოლობნევამდე 2010 წლის ტურის ტრიუმფატორი, ესპანელი ალბერტო კონტადორი იყო, რომელიც აკრძალული ნივთიერების – კლენბუტეროლი – მიღებაში დაადანაშაულეს. მას დისკვალიფიკაციაც მიუსაჯეს, თუმცა იმის გამო, რომ განმეორებითმა ანალიზმა დადებითი პასუხი არ აჩვენა, კონტადორი გაამართლეს და შარშან მოგებული ტიტულიც შეუნარჩუნეს.

სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევების დასათვლელად ერთი ხელის თითებიც საკმარისია: ათასში ერთხელ ხდება, რომ ველომრბოლელს დოპინგის გამოყენება დააბრალონ და ეს სიმართლე არ გამოდგეს.

პირველი დოპინგ-სკანდალი, რომელიც ტურ დე ფრანსს უკავშირდება, 1969 წლით თარიღდება: ბელგიელი ედი მერქსი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ მან კარიერაში პირველად მოიგო ტური, 1974 წელს კი მეხუთედ იმარჯვა და ჟაკ ანკეტილის რეკორდი გაიმეორა...

1998 წელს საფრანგეთის პოლიციამ ველოგუნდ ფესტინას წარმომადგენელი დააკავა, რომელსაც არაერთი აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინა. თავდაპირველად გუნდმა ყველა ბრალდება უარყო, მაგრამ მალე სპორტულმა დირექტორმა დანაშაული აღიარა: ფესტინა ტურ დე ფრანსიდან მოხსნეს, 7 სპორტსმენს კი ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

1999 წელს, ჯირო დ’იტალიას და ტურ დე ფრანსის მოგების შემდეგ, იტალიელ მარკო პანტანის ერითროპოეტინის სისტემატურ მიღებაში დასდეს ბრალი. მაშინ ის დისკვალიფიკაციას დაუძვრა, მაგრამ 2001 წელს ნახევარწლიან მოკვეთას მაინც ვერ გადაურჩა. 2004 წელს პანტანი სასტუმროს ოთახში ინფარქტით გარდაცვლილი იპოვეს...

2005 წელს ფრანგულმა გაზეთმა ეკიპმა ტურის 7-გზის გამარჯვებულ ლენს არმსტრონგს 1999 წელს, პირველი ტრიუმფისას აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში დასდო ბრალი. გამოცემამ ამერიკელი სპორტსმენის 6 წლის წინანდელი დოპინგ-სინჯები შატენო-მალაბრის ლაბორატორიაში ხელმეორედ შეამოწმა და დადებითი პასუხი მიიღო. მონაცემები ველომრბოლელთა საერთაშორისო კავშირში (UCI) გადაიგზავნა, თუმცა გამოძიება არც დაწყებულა. ველოსპორტის მაღალჩინოსნებმა არმსტრონგის განცხადებას დაუჭირეს მხარი – აქაოდა, სინჯები არასათანადო პირობებში ინახებოდა და ხელმეორე გამოკვლევისთვის აღარ ვარგაო. თავად სპორტსმენმა დოპინგის მიღება კატეგორიულად უარყო...

2006 წელს ტურ დე ფრანსი ამერიკელმა ფლოიდ ლენდისმა მოიგო, თუმცა გამარჯვებულთა ჩამონათვალში მას ვერსად ნახავთ – ის ერთადერთია რბოლის 106-წლიან ისტორიაში, რომელსაც ტიტული ჩამოართვეს! მე-17 ეტაპის წინ მისი შანსები მიზერული იყო – ლიდერ ოსკარ პერეირუს თითქმის 8 წუთით ჩამორჩებოდა, მაგრამ „სასწაული” მოახდინა და ტური მოიგო. მალე ლენდისი ტესტოსტერონის ხმარებაში ამხილეს და დასაჯეს...

2007 წელს დოპინგ-კონტროლზე ყაზახი ალექსანდრ ვინოკუროვი ჩავარდა – ბოლო წლების ერთ-ერთი უძლიერესი სპორტსმენი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. მიმდინარე ტური ვინოკუროვმა მოტეხილი ბარძაყით და იდაყვით დაასრულა...
ყაზახი წლეულს კოლობნევმა „შეცვალა”.

სავარაუდოდ, უკანასკნელი არც ის იქნება. წლევანდელი ტურის დასრულებამდე ერთი კვირაა დარჩენილი და ეგეც არ იყოს, რბოლა ხომ გაისადაც გაიმართება?!

კომენტარები