2011 წლის “დურუჯის” ფარული და ღია სიმპათიები

ესავალი  

რამდენადაც არ უნდა ვაკრიტიკოთ შემოქმედებითი პროცესი, რომელიც ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში მიმდინარეობს, სეზონის ფარგლებში განხორციელებული დადგმების პროფესიონალური შეფასება აუცილებელია. საუკეთესოების გამოვლენა და დაჯილდოება რომ ასე იოლი და ხელწამოსაკრავი საქმე არ გახლავთ, წლევანდელი “დურუჯის” მაგალითზე დავრწმუნდით.

თეატრალური პრემია “დურუჯი”, ლაშა პაპაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სამი წლის წინ დაფუძნდა, ანუ იმ დროს, როდესაც დარგის წარმომადგენლებმა “საქართველოს თეატრალური საზოგადოების” მიერ გაცემული პრემიების მინიჭების საკითხი ეჭვის ქვეშ დააყენეს. მაშინ კომისიის წევრთა ერთმა ნაწილმა მეორისადმი გამოთქმული შენიშვნები და საერთო უკმაყოფილება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში პირველად გამოთქვა. მათი პრემიის პრესტიჟზე უარყოფითად იმოქმედა ტენდენციამ, რომელიც კომისიის წევრთა საქმისადმი არაპროფესიონალურ დამოკიდებულებაში, სრული შემადგენლობის მიერ უნახავი სპექტაკლების დაჯილდოებაში, სახელობითი პრემიების გაუფასურებაში გამოიხატა. ყოველივე ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ინტერესი და მოლოდინი “დურუჯისადმი”, რომლის გადაცემის წლევანდელი ცერემონია ტრადიციულად ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში ჩატარდა. მისი შედეგები საუბრის, განხილვის, გაანალიზებისა და კამათის მიზეზი დიდხანს იქნება.  

მხოლოდ ვარაუდები

წლევანდელი მოულოდნელობები ნომინაციების რაოდენობის გაზრდამაც განაპირობა. თავიდან “დურუჯი” სეზონის საუკეთესო სპექტაკლის რეჟისორს გადაეცემოდა, 2011 წელს კი პრემიისთვის გამოყოფილი 20000 ლარი ოთხ ნომინაციაში განაწილდა და კიდევ ერთი, ახალგაზრდა რეჟისორისთვის განკუთვნილი კულტურის სამინისტროს სპეციალური პრიზიც დაემატა. ხელოვანებს შორის კონკურენციისა და მოლოდინის განცდა გაძლიერდა. “მოკლე ნუსხის” კანდიდატთა დასახელების შემდეგ ბევრმა სავარაუდო გამარჯვებულთა მისეული ჩამონათვალის დასახელება დაიწყო. ერთმა ნაწილმა მასში შეიყვანა ისინი, ვისაც ჟიურიში ყოფნის შემთხვევაში მისცემდა ხმას, მეორე ნაწილმა კი წლევანდელი ჟიურის რჩეულთა ვინაობის გამოცნობა მოიწადინა. საბოლოოდ, შედეგები, გარკვეული თვალსაზრისით, მოულოდნელი აღმოჩნდა (შესაძლოა, თავად ჟიურისთვისაც), ამიტომაც არა მგონია, ვინმეს წინასწარი გათვლა და ვარაუდი სრულად გამართლებულიყო.  

“დურუჯის” ჟიურის შემადგენლობა ცვალებადია. ყოველ ჯერზე მიღებული გადაწყვეტილება ჟიურის წევრთა პროფესიონალიზმის ხარისხზე მიგვანიშნებს და გვაჩვენებს თუ როგორ აფასებენ ისინი საქართველოში მიმდინარე თეატრალურ პროცესებს, რა ნიშნით გამოყოფენ გამარჯვებულებს, რა არის მათთვის ღირებული, მთავარი და აღსანიშნავი. შეკითხვაზე, როგორი იყო წლევანდელი ჟიურის (მიხეილ კალანდარიშვილი, მაკა ვასაძე, ნიკა წულუკიძე, ბასა ჯანიკაშვილი, ნანუკა ხუსკივაძე) გადაწყვეტილება, ძალიან მოკლედ გიპასუხებთ, რომ უფრო წამახალისებელი, რაც “მოკლე ნუსხაში” შეტანილი სახალხო თეატრების მაგალითზე და რამდენიმე გამარჯვებულის დასახელებითაც დადასტურდა.      

მოულოდნელად წახალისებული და პრემირებული

ახალგაზრდა რეჟისორებიდან ნიკოლოზ საბაშვილი “დურუჯის” არსებობის ისტორიაში მეორედ წაახალისეს, პირველად შარშან, როდესაც მისი წარმოდგენა “მოკლე ნუსხაში” შეიტანეს და ამით საზოგადოებას სადარბაზოში, საკუთარი ძალებითა და სახსრებით ამოქმედებული “ახალი თეატრის” შესახებ ამცნეს, მეორედ კი წელს. ასე თუ გაგრძელდა, “დურუჯის” ჟიურის შემადგენლობამ, რომელიც ყოველწლიურად იცვლება, საბაშვილის სპექტაკლები და თეატრი მომავალ წელსაც შეიძლება აღმოაჩინოს. როგორც უნდა ვგულშემატკივრობდეთ რეჟისორს, მით უფრო ახალგაზრდას და მით უფრო მაშინ, როდესაც ალტერნატიული თეატრების არსებობის ნაკლებობას განვიცდით, გამარჯვებული და საუკეთესო მაინც ნამუშევრის მიხედვით უნდა გამოვავლინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარი რჩება რისთვის გავცემთ პრემიებს, წახალისებისთვის, თუ იმისთვის, რაც შეიქმნა? საბაშვილისთვის გადაცემულმა პრემიამ წამახალისებელი ჯილდოს სახე მიიღო. მართალია, გაახარა რეჟისორი, რომელიც სპექტაკლებს 150 ლარად დგამს და რომელსაც ფინანსური მხარდაჭერა ძალიან სჭირდება, მაგრამ იმედგაცრუებული დატოვა სხვები, რომლებიც ჟიურისგან მათი ნამუშევრების ობიექტურ შეფასებას მოელოდნენ.

 ნიკოლოზ საბაშვილს, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ახალგაზრდა რეჟისორისთვის დაწესებული 10000 ლარი გადაეცა, დათა თავაძის სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავდა. ორივეს სამსახიობო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ისინი დამოუკიდებელ დადგმებზე რამდენიმე წელია მუშაობენ. პირველის მხარდამჭერთა რაოდენობა უფრო მცირეა, ვიდრე მეორესი, მაგრამ ასეთი პრემიის გაცემის შემთხვევაში ხომ უპირველესად გასათვალისწინებელია ნამუშევრის ხარისხი, ჩატარებული სამუშაოს მასშტაბი, განხორციელების სირთულე, შედეგი და არა ის, თუ ვის რამდენად სჭირდება კონკრეტული თანხა.

ნიკა საბაშვილის “ქაღალდის წვიმისა” და დათა თავაძის “მახინჯის” შედარება არასწორი იქნება, რამდენადაც სხვადასხვა სირთულის ამოცანის დაძლევასთან გვაქვს საქმე. ამის მიუხედავად, თავაძის უპირატესობა თვალშისაცემია. პირველი საკუთარ წარმოდგენას სურათებად აგებს და მსახიობებზე დატვირთვას, ძირითადად, მორიგეობით ანაწილებს. არავერბალურ დადგმაში საცირკო ნომრების გათამაშებისა და მაყურებლის ჩართვის მცდელობა შეინიშნება. დათა თავაძე ლიტერატურულ საფუძველს, მარიუს ფონ მაიენბურგის პიესას მიმართავს, ცდილობს დასვას პრობლემა, რომელიც ნაწარმოებშია ჩადებული, შემოგვთავაზოს მისი რეჟისორული გადაწყვეტა, მაქსიმალურად გამოავლინოს შემოქმედებითი ჯგუფის შესაძლებლობები. იმის მიუხედავად, რომ ორივეს აქვს მოთხოვნილება და მისწრაფება აქცენტი პლასტიკურ ნიშანთა რიგზე გააკეთოს, მათი შემოქმედებითი ამოცანების სირთულე, გადაჭრის ხერხები და შედეგები ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება. ხარვეზების მიუხედავად, გამორჩევას და აღნიშვნას თავაძის სპექტაკლი უფრო იმსახურებდა, ვიდრე საბაშვილის. მაგრამ წლევანდელი ჟიურის გადაწყვეტილებით, პრემია უკანასკნელს ერგო და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ახალგაზრდა რეჟისორს წახალისებისთვის კი არა, დამსახურებისთვის გამოარჩევენ.  

მსახიობი < რეჟისორზე < მსახიობზე

წლევანდელი ჟიურისთვის ყველაზე რთული ქალის როლის საუკეთესო ნომინაციაზე წარდგენილი მსახიობებიდან საუკეთესოს გამოვლენა უნდა ყოფილიყო. ნანა ფაჩუაშვილს, ნატო მურვანიძეს, ქეთი ცხაკაიას, კატო კალატოზიშვილსა და ქეთი ჩაჩუას შორის ყველას თავისი ფავორიტი ჰყავდა. ხუთი ნომინანტის მიუხედავად, სავარაუდო გამარჯვებულად თავიდანვე პირველი სამი მსახიობიდან ერთ-ერთს მოიაზრებდნენ. სამეულიდან ნებისმიერის გამარჯვება მისაღები და ნაკლებად უსამართლო იქნებოდა, და ასეც მოხდა. თუმცა, რომელიმე ერთის დასახელება უკვე საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრის ნომინაციაში გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენის წინაპირობა შეიძლებოდა გამხდარიყო და არჩევანის სირთულეც ამაში მდგომარეობდა.

პირადად ჩემი სიმპათია ნანა ფაჩუაშვილის კანდიდატურისკენ იხრებოდა, რამდენადაც მის მიერ განსახიერებულმა დავრდომილმა სპექტაკლში “დილა მშვიდობისა ასდოლარიანო” (რეჟისორი ქეთი დოლიძე, “თეატრი ათონელზე”) განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. დანარჩენი ორი კანდიდატის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარად იყო. ნატო მურვანიძე “ჟოლოში” (რეჟისორი ლევან წულაძე) თამაშობს, ხოლო ქეთი ცხაკაია _ “ჩემს ჰამლეტში” (რეჟისორი ბესო კუპრეიშვილი, თითებისა და მარჯანიშვილის თეატრის ერთობლივი პროექტი). მათ შორის პირველი დადგმა მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნებაზეა აგებული, მეორე კი _ რეჟისორის მიერ მოფიქრებულ და შემოთავაზებულ ფორმაზე, რომელიც მსახიობის შეცვლით ვერ დაინგრევა. შემსრულებლის გამოცვლა და თავიდან შეყვანა წარმოდგენის სტრუქტურას მხოლოდ უმნიშვნელოდ თუ შეცვლის, ყოველ შემთხვევაში არ დაარღვევს. ამით რეჟისორს სპექტაკლის რამდენჯერმე, სხვადასხვა თეატრში, სხვადასხვა შემსრულებელთან დადგმის საშუალება ეძლევა. ასეთი შესაძლებლობა ბესო კუპრეიშვილმა წარმატებით გამოიყენა და “ჩემი ჰამლეტი” რამდენჯერმე განახორციელა, მაგალითად: 2008 წელს, ლიტვაში, კლაიპედის დრამატულ თეატრში. 

საუკეთესო რეჟისურისა და ქალი მსახიობის ნომინაციებში ლევან წულაძისა და ქეთი ცხაკაიას დასახელება ოდნავ გაუგებარია. არა იმიტომ, რომ, ვთქვათ, ქეთი ცხაკაიას საშემსრულებლო ხელოვნება, ან მის მიერ განსახიერებული როლები აღნიშვნის, გამორჩევისა და დაჯილდოების ღირსი არ არის. არა, პირიქით, ის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მსახიობი ქალია. მისი პროფესიისადმი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა მისაბაძიც არის და თვალშისაცემიც, მაგრამ თუ ვაჯილდოებთ “ჟოლოს”, მაშინ რატომ არ უნდა დავასახელოთ ნატო მურვანიძე, ვისზეც აგებულია და დგას სპექტაკლი, ხოლო როდესაც საუკეთესოდ “ჩემი ჰამლეტის” ერთადერთ შემსრულებელს ვაღიარებთ, აქაც წარმოუდგენელია არ გამოვყოთ რეჟისორი, ვისაც არა მხოლოდ მაყურებლისთვის, არამედ მსახიობისთვის შეთავაზებული წარმოდგენის დადგმაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.

გადალახული ბარიერი

წლევანდელ “დურუჯზე” 25 თეატრის 36 განაცხადი განიხილებოდა. აქედან, როგორც შევიტყვეთ, ჟიურიმ მხოლოდ 32 ნახა, დანარჩენის წარმოდგენა რეგიონალურმა თეატრებმა ვერ შეძლეს. მათ შორის, “მოკლე ნუსხაში”, რომელიც გამარჯვებულთა გამოვლენამდე სამი დღით ადრე გამოცხადდა, ხუთკაციანმა ჟიურიმ 13 სპექტაკლი შეიტანა, ერთ-ერთი ლაგოდეხის სახალხო თეატრის “ბარიერი” (ლევან წიქვაძე) საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრის ნომინაციაზეც იყო წარდგენილი.

სახალხო თეატრის სპექტაკლის “მოკლე ნუსხაში” მოხვედრით გადალახული აღმოჩნდა ბარიერი, რომელიც პროფესიულ თეატრებს სამოყვარული თეატრებისგან ყოფს. პროფესიონალებისა და მოყვარულების ერთ სიბრტყეზე განხილვა კი, რამდენად მისაღებია, მართლაც საკითხავია. ასეთმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა, პრემიის პრესტიჟზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ერთი სახალხო თეატრიც რომ არსებობდეს ისეთი, რომელიც ნამუშევრების დონით პროფესიულისას არ ჩამოუვარდება, მაინც დასაფიქრებელია, რამდენად სწორედ ვიქცევით, როდესაც პროფესიულ თეატრებს სამოყვარულოსთან შეჯიბრს ვთავაზობთ და კონკურენციის ზღვარს ხელოვნურად ვწევთ ქვემოთ?! მეორე მხრივ, როდესაც 32 სპექტაკლიდან ჟიურის “მოკლე ნუსხაში” სახალხო თეატრის ნამუშევარი შეაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ პროფესიული თეატრების უმრავლესობის წარმოდგენათა მხატვრული ხარისხის დონე დაბალია და სამოყვარულოს კონკურენციას ვეღარ უწევს.

ყველაზე დურუჯისტი

პროდუქტიულობით გამორჩეული ლაშა ბუღაძე ერთადერთია, რომელმაც “დურუჯის” ჟიურის წევრობაც მოასწრო და მისი პრემირებულიც გახდა. ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ქართველი დრამატურგებიდან საქართველოს რეგიონალურ თეატრებში ყველაზე ხშირად, განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ირაკლი სამსონაძისა და ლაშა ბუღაძის პიესები იდგმება. ამიტომაც არ გამკვირვებია, როდესაც გავიგე, რომ წლევანდელი “დურუჯის” ნომინაციაზე _ “საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესა” _ ბუღაძე ორი ნამუშევრით იყო დასახელებული. ორივე დადგმის რეჟისორია ირაკლი გოგია, რომელმაც “ნაფტალინი” და “ვიდრე მთავარ გმირს ეძინა” ახალციხისა და ფოთის თეატრებში განახორციელა. საბოლოოდ, დრამატურგს პრემია “ნაფტალინისთვის” გადასცეს. არადა, ჟიურიმ “ნაფტალინის” მხოლოდ ჩანაწერი ნახა და რახან ბუღაძეს უნდა გაემარჯვა, ხომ არ სჯობდა მისთვის პრემია იმაში მიეცათ, რომლის გაცოცხლებული ვერსიაც ჟიურიმ სცენაზე, პარტერიდან იხილა?      
 
დამსახურებისთვის გაცემული პრემია 

საუკეთესო კაცი მსახიობის ნომინაციაზე გამარჯვებულად ზოგი გიორგი ნაკაშიძეს ვარაუდობდა “გოდოს მოლოდინიდან” (რეჟისორი გიორგი აფხაზავა), ზოგიც _ ნიკა კუჭავას, რომელიც ნატო მურვანიძეს უწევდა პარტნიორობას სპექტაკლში “ჟოლო”, საკუთარი როლი, თითქმის, სცენიდან გაუსვლელად ითამაშა და სამსახიობო შესაძლებლობებიც მაქსიმალურად გამოავლინა. საბოლოოდ, პრემია რევაზ თავართქილაძეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში გიორგი სავანელის მიერ დადგმულ წარმოდგენაში, სახელწოდებით “სულის სამჭედლო, ანუ სისხლი სისხლის წილ”, შესრულებული როლისთვის გადაეცა. მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟიურის წევრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული პრემია გამარჯვებულს უპირველესად დამსახურებისთვის გადასცეს.      

წლის რევერანსი

ყველაზე გაუგებარი აღმოჩნდა გამარჯვებულების დასახელების შემდეგ გამოცხადებული დამატებითი პრიზი, სახელწოდებით “ჟიურის სიმპათია”, რომელიც დავით დოიაშვილის მიერ მუსიკისა და დრამის თეატრში დადგმულ “სირანო დე ბერჟერაკს” გადაეცა. მეორე ექსპრომტი იყო სპეციალური დიპლომი, რომელიც ქუთაისის ნიღბების თეატრმა დავით ჯიშკარიანის მიერ დადგმული “ბაკულას ღორების” გამო მიიღო.

 უპირველესად გაუგებარია პირველისთვის გაცემული აღნიშვნის ფორმულირება, რამდენადაც თითოეული გამარჯვებული სწორედ ერთმა ჟიურიმ გამოავლინა და მათი გადაწყვეტილება მათივე სიმპათიის გამომხატველს გულისხმობს. საინტერესოა, რატომ გაუჩნდა ჟიურის დამატებითი სიმპათია რეჟისორისადმი, რომლის სპექტაკლიც ამავე ჟიურიმ პრემიის “მოკლე ნუსხაში” არ მოახვედრა? ხომ არ იყო ეს ერთგვარი რევერანსი რეჟისორისადმი, რომელსაც რევერანსები დიდი ხანია აღარ სჭირდება? ყველაზე დიდი უხერხულობა სწორედ აღნიშნული პრიზის გამოცხადებამ გამოიწვია და ეჭვი არ მეპარება, ასეთივე უხერხული, შეურაცხმყოფელი თუ არა, იქნებოდა მისი მიღება რეჟისორისთვის, რომელიც წახალისებითა და ასეთი ფორმით გამორჩევით კმაყოფილი ვერაფრით დარჩებოდა.    

დასკვნა

წლევანდელი ჟიურის მუშაობა რომ შევაფასოთ, ყველაზე საკამათო სახალხო თეატრების “მოკლე ნუსხაში” მოხვედრა აღმოჩნდა. ჟიურისადმი უნდობლობა განაპირობა ახალგაზრდა რეჟისორებში პრემიის წახალისებისთვის და არა დამსახურებისთვის გაცემამ. ამასთან, ხარვეზებმა საუკეთესო რეჟისორისა და მსახიობის გამოვლენის შემთხვევაში და კიდევ, “ექსპრომტად გაცემულმა” პრემიებმა, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ტენდენცია, რომელსაც წესით უნდა ვებრძოდეთ, მაგრამ ჩვევაში გადაგვეზარდა, როდესაც რაც შეიძლება მეტი ხელოვანის მომადლიერებას ვცდილობთ. ჯანსაღი კონკურენციისთვის ხელსაყრელი გარემო ვერასოდეს გვექნება, თუ მხოლოდ ახლობლების “კეთილი” შეფასებებით შემოვიფარგლებით. მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევაში უნდა დაეხმაროს თეატრალური ხელოვნების წარმომადგენლებს “დურუჯი”, რომლის ორგანიზებითაც იკვეთება გარკვეული ტენდენციები და პრობლემები, იხატება სურათი, რომელიც თეატრალური პროცესების გაანალიზების საშუალებადაც შეიძლება გამოვიყენოთ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს პრემიებს რევერანსების ხარჯზე არ გავცემთ და “დურუჯის” პრესტიჟზე, ნომინანტთა შორის კონკურენციისა და პროფესიონალური შეფასებების გაზრდაზე ვიზრუნებთ. 

კომენტარები