ევროსასამართლო რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე წარსდგება

 რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შევიდა  ახალი კანონპროექტი, რომელიც რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას გააუქმოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება რუსეთის ტერიტორიაზე. „ნაციონალური სუვერენიტეტის დაცვის“  მიზნით ახალი საკანონმდებლო ნორმების დადგენის შესახებ ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს,  ვასილი ზორკინის ეკუთვნის. მას მხარი პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმაც დაუჭირა. ახალი პროექტის მიხედვით,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ის გადაწყვეტილებები,  რომლებიც რუსეთის კანონმდებლობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამობას დაადგენს, რუსეთის  საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადამოწმდება. თუ საკონსტუტუციო სასამართლო დაადგენს, რომ   კანონი შესაბამისობაშია რუსეთის კონსტიტუციასთან, კანონების გადახედვა-შესწორება არ მოხდება და ამ კანონის საფუძველზე გამოტანილი განაჩენები არ შეიცვლება. ამ პროექტით, მოქალაქეთა უფლებების სრული აღდგენა  და სისტემური დეფექტების გამოსწორება მთლიანად რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოზე  დამოკიდებული ხდება. რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ  საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება გასცეს ინდულგენცია ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არშესრულებაზე. ახალი პროექტის მიხედვით, რუსეთის ერთადერთ აუცილებელ ვალდებულებად მოქალაქებისთვის კომპენსაციის გადახდა რჩება. 

ოფიციალურად, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიზეზი  ოფიცერ კონსტანტინ მარკინის სარჩელზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მარკინის საჩივრის განხილვაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ კანონის ნორმა,  რომელიც მამაკაც სამხედროებს   ბავშვის მოვლის მიზნით შევებულებაში გასვლას უკრძალავს,  კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია და განპირობებულია ”ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის  მოთხოვნითა და ნაციონალური ტრადიციით.”

ევროსასამართლო არ დაეთანხმა  ამ გადაწყვეტილებას და რეკომენდაცია მისცა რუსეთს გამოასწოროს კანონმდებლობაში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული ფორმულირებები.  ამის შემდეგ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე  გამოვიდა ინიციატივით დაეწესებინათ „დათმობის ზღვარი“ და „ნაციონალული მართლმსაჯულების პრიორიტეტი“. მას მხარი დმიტრი მედვდევმა დაუჭირა, განაცხადა,  რომ რუსეთს ”არასოდეს გაუცია საკუთარი სუვერენიტეტი იმ დოზით, რომ ნებისმიერ საერთაშორისო სასამართლოს ან უცხოეთის სასამართლოს უფლებას ჰქონდეს შეცვალოს ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა.”

ევროსაბჭოს თავმჯდომარემ, ტურბორნ იაგლანდმა მედვედევს უპასუხა, რომ ”ადამიანის უფლებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეროვნული კანონმდებლობა” და თუ ევროსასამართლო ადგენს, რომ  ეროვნული კანონი არ შეესაბამება  ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას,  ის უნდა შეიცვალოს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლს რუსმა მოსამართლემ, ანატოლი კოვლერმა  განაცხადა, რომ  ახალი კანონპროექტი 12 წლის წინ რუსეთის მიერ ევროსაბჭოში შესვლისას საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების გადახედვას ნიშნავს. მისი თქმით, ეს ასევე ქმნის პრეცედენტს, რომ  კონვენციის მონაწილე 47ქვეყანას შეუძლია ადამიანის უფლებათა სასამართლოს  უკარნახოს თანამშრომლობის პირობები. მოსამართლის თქმით,  ახალი კანონპროექტი  ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების მასშტაბურ ნაწილს შეეხება, რომელშიც გამოვლენილია ნაციონალური კანონმდებლობის ხარისხობრივი შეუთავსებლობა ადამიანის უფლებათა კონვენციასთან.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი კანონპროექტით რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს კომპეტენციაში იჭრება, ვინიდან  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განმარტება ევროპული სასამართლოს ექსკლუზიური უფლებაა. ახალი კანონი კი  საკონსტიტუციო სასამართლოს მისცემს უფლებას კონვენციით გარანტირებული ადამიანის უფლებები ევროსასამართლოსგან განსხვავებულად განმარტოს.  საერთაშორისო დაცვის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი, კარინა  მოსკალენკო  მიიჩნევს, რომ „ფსევდოკოლიზია  საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შორის “ დაკავშირებულია არა მარკინის საქმესთან, არამედ  იმასთან რომ ხოდორკოვსკის და სხვა საეტაპო  საქმეების განხილვის შემდეგ   სტრასბურგმა  შეიძლება რუსეთს მათი გადახედვა დაავალოს. 

კომენტარები