რაგბი: ნამიბიის დამარცხებამ მეორე ადგილი მოგვიტანა

ბორჯღალოსნებმა რუმინეთში გამართულ IRB-ის ერთა თასზე მეორე ადგილი დაიკავეს. პირველ შეხვედრაში მომავალ ჩემპიონ, სამხრეთ აფრიკის კინგზთან დამარცხების შემდეგ, გუნდმა ძალების მობილიზება მოახერხა და მომდევნო ორ მატჩში გაიმარჯვა. ტურნირის ბოლო დღეს, საქართველო ნამიბიის ნაკრებს დაუპირისპირდა. ამ თამაშს წმინდა სატურნირო მნიშვნელობასთან ერთად, სარეიტინგო დატვირთვაც ჰქონდა. საბოლოოდ მოგება რიჩი დიქსონის შეგირდებს დარჩათ - 23:18.

არადა, თავიდან ყველაფერი ძალიან ცუდად დაიწყო. შეხვედრის მეთხუთმეტე წუთზე ბორჯღალოსნები უკვე 15:3 მარცხდებოდნენ. მოწინააღმდეგემ ამ პერიოდში ორი ლელოს დადება მოახერხა და ამას თან თითო გარდასახვა და ჯარიმაც დაუმატა. ქართველებმა თამაშის დალაგება ნელ-ნელა მოახერხეს. ერთი საპასუხო ლელოს გატანა კი მხოლოდ პირველი ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მოახერხეს. საბოლოოდ შესვენებაზე 10:15-ზე გავედით, წინ ნამიბიელები იყვნენ.

მეორე ნახევარში თანდათანობით სათამაშო უპირატესობა საქართველოს ნაკრების მხარეს გადმოვიდა. ერთადერთ პრობლემად უამრავი ჯარიმა რჩებოდა. მათი უმრავლესობა ნამიბიელთა დამრტყმელმა 10 ნომერმა იანჩისმა ააცილა და ამით დიდწილად განაპირობა ჩვენი საბოლოო გამარჯვება.

პირველ ტაიმში ბიძინა სამხარაძის დადებულ ლელოს, მეორე ნახევარში რევაზ გიგაურმაც დაუმატა. ამას მალხაზ ურჯუკაშვილის 2 გარდასახვა და 3 საჯარიმოც დაემატა და საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა 23:18 გაიმარჯვა.

უამრავი პრობლემის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ გუნდი შეხვედრიდან შეხვედრამდე აუმჯობესებდა თამაშის ხარისხს და სხვებზე მეტი შემართებაც გამოიჩინა. ეს ყველაფერი კი ტურნირზე მეორე ადგილის დაკავების წინაპირობა გახდა.

ამის მიღწევაში, რამდენიმე დღის წინ ჩვენს მიერ ძლეული არგენტინელი იაგუარებიც დაგვეხმარნენ. ტურნირის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს სწორედ ისინი და რუმინელები დაუპირისპირდნენ. მასპინძელთა გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილი მათ რჩებოდათ, ქართველებს კი მესამე ადგილი ერგებოდათ. ყველა სხვა ვარიანტში ვერცხლის მედლები ბორჯღალოსნების იყო.

სამხრეთამერიკელებმა მუხის ფოთლებს კარგი გაკვეთილი ჩაუტარეს, ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრეს, რაც შესაბამისად ქულებშიც გარდასახეს. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ტაბლოზე 37:13 ეწერა არგენტინელთა სასარგებლოდ. ამ შედეგით კი სატურნირო ცხრილი შემდეგნაირად გადანაწილდა: 1. სამხრეთ აფრიკის კინგზი; 2. საქართველო; 3. არგენტინა; 4. ნამიბია 5. რუმინეთი; 6. პორტუგალია

საქართველო - ნამიბია 23:18

საქართველოს ნაკრები: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი (ბექა ურჯუკაშვილი 64 წთ) 14. ლექსო გუგავა 13. ალექსანდრე თოდუა 12. რევაზ გიგაური 11. ირაკლი ჩხიკვაძე (სინ-ბინი 67 წთ) 10. ლაშა ხმალაძე 9. ბიძინა სამხარაძე 8. ზვიად მაისურაძე 7. ვიქტორ კოლელიშვილი 6. გივი ბერიშვილი (დიმიტრი ბასილაია 5 წთ) 5. ვახტანგ მაისურაძე 4. ილია ზედგინიძე (კაპ. გიორგი ნემსაძე 60 წთ) 3. დავით ქუბრიაშვილი (ვასილ კაკოვინი 55 წთ) 2. ჯაბა ბრეგვაძე 1. გოდერძი შველიძე. ლელო: ბიძინა სამხარაძე, რევაზ გიგაური. გარდასახვა: მალხაზ ურჯუკაშვილი 2, საჯარიმო: მალხაზ ურჯუკაშვილი 3

კომენტარები