გერმანული ანიმაციის ევოლუცია

გერმანული
ანიმაციის კვირეულს გოეთეს ინსტიტუტმა და თბილისის სამხატვრო აკადემიამ უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა. ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ანიმაციის მიმართულებით მუშაობენ, თუ რიგითი მაყურებლისთვის და დამთვალიერებლისთვის, ეს დღეები მართლაც საინტერესო გამოდგა. 

კვირეულის პროგრამა მოიცავდა: მოხსენებებს, სემინარებს, ფილმების ჩვენებებს, გამოფენას, რომელიც სამხატვრო აკადემიაში გაიხსნა. გამოფენაზე („ანიმაციური ფილმები გერმანიიდან”  – „Animated Films from Germany’’) პროექტის ორგანიზატორებმა გერმანული ანიმაციის ნიმუშებს მოუყარეს თავი. განსხვავებული ხელწერით, ტექნიკითა და ხედვით შექმნილი ნამუშევრების ერთ დარბაზში ექსპონირებამ, გამოფენა მრავალფეროვანი გახადა. 

კვირეულის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე გერმანელი ანიმატორ-ხელოვანების მუშაობის თავისებურებებსა და სირთულეებზე ბევრი ითქვა. მათთვის მთავარი ბარიერი საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნები აღმოჩნდა, რისგანაც რამდენიმემ, “თავის დაღწევა” და საკუთარი გზით სიარული მაინც შეძლო. გერმანელები, სწორედ საკუთარი ინდივიდუალიზმით ამაყობენ. 

გამოფენის დათვალიერებისას ნიშანდობლივი ხელწერათა ეკლექტიზმი იყო, ფილმების ჩვენებისას კი მათი შინაარსობრივი მხარეც გამოიკვეთა. საქართველოში ჩამოტანილი ანიმაციური ფილმების ავტორები (აიკე არნდტი, ტობიას ბილგერი, იან ბიცერი, ილია ბრუნკი, ტომ ვებერი, ინა ფინდაიზერი, გაბრიელა გრუბერი, ანდრეას ჰიკადე, იოხენ კუნი, რენე ლანგე, გოტფრიდ მენტორი, როლანდ პეტრიცა, დანიელ ნოკე, სებასტიან პეტერსონი და ა.შ.), თავიანთ ნამუშევრებში ძირითადად ერთ თემას უტრიალებდნენ: კოლექტიური შიში ახალი საუკუნისადმი თუ ცალკეული ინდივიდების მარტოსულობა. მუშაობისას ისინი ცდილობდნენ გამოეყენებინათ ნახატები, კოლაჟები, ფოტოები, მონტაჟი და თოჯინები. თანამედროვე ტექნოლოგიებს კი ნაკლებად მიმართავდნენ. 

კვირეულის ფარგლებში მოეწყო ექსპოზიციის ერთ-ერთი მონაწილის – დერეკ როსცენის ორდღიანი პრაქტიკული ვორქშოფი, შტუტგარტის ანიმაციური კინოფესტივალის ხელმძღვანელის – ულრიხ ვეგენასტის სემინარი გერმანული ანიმაციური ფილმის ისტორიაზე. ასევე გაიმართა ვორქშოფი მისი ნამუშევრების პროდუქციასა და დისტრიბუციაზე, ფესტივალებზე გატანასა და გავრცელების ალტერნატიულ გზებზე. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ვაიმარის რესპუბლიკისა და ნაცისტური პერიოდის ანიმაციური ფილმების ჩვენებამ. საყურადღებო გახლდათ ულრიხ ვეგენასტის მოხსენება აქტუალურ ტენდენციებზე და დერეკ როსცენის პრაქტიკული გამოცდილება ანიმაციური ფილმების პერსონაჟებზე, დიზაინზე, ანიმატიკაზე.   

ორგანიზატორებმა პროექტში ქართველი ანიმატორებიც ჩართეს. მათ კვირეულის ფარგლებში ნამუშევრები წარმოადგინეს. საქართველოში ანიმაციის განვითარების იმედს თბილისის სამხატვრო აკადემიაში არსებული  ფაკულტეტი გვიტოვებს. თუმცა ფაქტია, რომ ამ სფეროს მიმართ დაინტერესება, დღეს ქართულ ტელევიზიებში თითქმის არ იგრძნობა. 

გერმანული ანიმაციის კვირეული კარგი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ უნდა ვეცადოთ ადგილობრივი პროდუქტის პოპულარიზებას. 
 

კომენტარები