ჩემპიონთა ლიგა 2010-11: ტაბულას სიმბოლური ნაკრები

REUTERS
მეკარე: 
ედვინ ვან დერ სარი (მანჩესტერი)

ამ სეზონში ის გახდა პირველი მეკარე ტურნირის ისტორიაში, რომელმაც 50 შეხვედრაში შეძლო კარის მშრალად შენახვა. ფინალში გაშვებული გოლების მიუხედავად, ის ევროპის საუკეთესო მეკარე იყო!
 
მარჯვენა მცველი: 
დანი ალვეში (ბარსელონა)

12 თამაშში 2 გოლი: მცველისთვის ჩინებული შედეგი. ფინალში, ისევე როგორც მთელ სეზონში, მეტწილად უტევდა. აბა რა ქნას, თუ დაცვაში ყველაფერი მოგვარებული აქვს?
 
ცენტრალური მცველი: 
ხერარდ პიკე (ბარსელონა)

ერთადერთი მატჩი, არსენალთან საპასუხო მერვედფინალი, დისკვალიფიკაციის გამო გაუცდა. სხვა შემთხვევაში ძირითადში იყო. საიმედო დაცვაში და სახიფათო შეტევაში. არ უყვარს რეალი და უყვარს შაკირა.
 
ცენტრალური მცველი: 
ნემანია ვიდიჩი (მანჩესტერი)

ამ სეზონში ლიგაზე 9-ჯერ ითამაშა, ყველა შემთხვევაში შეუცვლელად და აქედან 6-ჯერ მანჩესტერმა გოლი არ გაუშვა. იუნაიტედის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ვან დერ სართან ერთად.
 
მარცხენა მცველი: 
მარსელო (რეალი)

12 მატჩი, 2 გოლი, 2 საგოლე პასი! ის, რომ რეალმა 6-წლიანი შესვენების შემდეგ მერვედფინალი დაძლია, მისი დიდი დამსახურებაა. დანი ალვეშივით ძალიან სახიფათო იყო შეტევაში.
 
ნახევარმცველი: 
ხავი (ბარსელონა)

ფინალში 130-ედ ითამაშა ევროთასებზე. საინტერესოა: დებიუტიც იუნაიტედთან ჰქონდა 1998 წლის 16 სექტემბერს მანჩესტერში (3:3). ბარსას სული და გული, ბრწყინვალე დირიჟორი. ფინალში კიდევ ერთი ენითაუწერელი პასი შეასრულა. 
 
ნახევარმცველი: 
ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)

27 წლისაა და უკვე ყველაფერი მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა სამჯერ! ტრადიციულად, შეუდარებელი იყო ხავისთან დუეტში. ამ სეზონში 10 მატჩი, 1 გოლი და 5 საგოლე პასი.
 
ნახევარმცველი: 
კრიშტიანუ რონალდუ (რეალი)

ყველა, 12 მატჩი ძირითად შემადგენლობაში, 6 გოლი და 2 პასი. სამეფო კლუბის გამოკვეთილი ლიდერი იყო (სხვა თუ არაფერი, სეზონში 53 გოლი გაიტანა), ერთი თავით სჯობდა თანაგუნდელებს, თუმცა ნახევარფინალში ბარსასთან ისიც დაიკარგა.
 
თავდამსხმელი: 
უეინ რუნი (მანჩესტერი)

ლიგაზე მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ იუნაიტედის უდავო ლიდერი იყო. შემოდგომით, კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების გამო დიდი დრო გაუცდა.
 
თავდამსხმელი: 
რაული (შალკე 04)

33 წლისა რეალიდან გაუშვეს, ის კი შალკეში მივიდა და გელზენკირხენელებს ოცნება რეალობად უქცია: 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა, 2 პასიც მიითვალა და გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა. აშკარაა, რომ რაულის გაშვებით რეალში დიდი შეცდომა დაუშვეს.
 
თავდამსხმელი: 
ლეო მესი (ბარსელონა)

13 მატჩი, 12 გოლი და 3 პასი + 2009 წლის დარად, გოლი ფინალში მანჩესტერთან + უამრავი სოლორეიდი თუ კოსმოსური ფინტი + ზედიზედ მესამედ მოგებული ლიგის ბომბარდირობა + 53 გოლი სეზონში + ...
ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია! და რაც ყველაზე კარგია, ის მხოლოდ 23 წლისაა!
 
მწვრთნელი: 
ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა)

„ამ ბარსელონას შემოქმედი ხოსეპ გვარდიოლაა. თუ მას ხელს არ შეუშლიან, და ეს სიტყვები პირველ რიგში კლუბის პრეზიდენტს ეხება, გვარდიოლას ბარსა კიდევ ძალიან ბევრ ტიტულს მოიგებს”, – იოჰან კრუიფი. გვარდიოლამ 3 სრულ სეზონში 10 ტიტული მოიგო!
 

კომენტარები