რაგბი: საქართველო კინგზით იწყებს

 ხვალ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთში, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც შეჯიბრებაში კინგზის სახელით მონაწილეობს. 10 ივნისს ბუქარესტში IRB-ის ერთა თასის გათამაშება იწყება, ბორჯღალოსნები სწორედ ამ ტურნირში ჩაებმებიან. შოტლანდიელმა მწვრთნელმა, რიჩი დიქსონმა საკმაოდ სოლიდურ შემადგენლობას მოუყარა თავი. რაც მთავარია, ეს გუნდი ქართველ გულშემატკივარს  წარმატებული თამაშის იმედს აძლევს.

ერთადერთი პრობლემა, რომელიც მათ შეიძლება შეექმნათ - შეუთამაშებლობაა. ასეთი შემადგენლობით საქართველოს ნაკრებს აქამდე არასოდეს უთამაშია. რუმინეთში ძირითადად ახალგაზრდებისა და ვეტერანი მორაგბეების კარგი ნაზავია ჩასული.

ერთა თასზე ბორჯღალოსნების მეორე მეტოქე 15 ივნისს, არგენტინის იაგუარები (A ნაკრები) იქნება. ამ სახელით მოთამაშე ნაკრებს თბილისში, 2009 წლის ნომებერში, ქართული რაგბის 50 წლის იუბილეზე ვუმასპინძლეთ. მაშინ ერთი ქულით 22:21 გავიმარჯვეთ, თუმცა ამჯერად არგენტინელებმა კიდევ უფრო სოლიდური შემადგენლობა ჩაიყვანეს რუმინეთში. ამ გუნდიდან რამდენიმე სავარაუდოდ შემოდგომაზე მსოფლიო თასზეც ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების ბოლო მოწინააღმდეგე ნამიბიის ნაკრები იქნება. ეს შერკინება 19 ივნისს ჩატარდება. ამ ნაკრებთან ბორჯღალოსნებს უკვე სამი შეხვედრა აქვთ ნათამაშები. საერთო ანგარიშია 2:1 ჩვენს სასარგებლოდ. ორივე გამარჯვება 2007 წელს მოვიპოვეთ, ჯერ რუმინეთში ამავე ტურნირზე და შემდეგ უკვე მსოფლიო თასზე. ერთადერთხელ კი გასულ ზაფხულს, ასევე ბუქარესტში დავმარცხდით. ნამიბიელები შარშანდელი ერთა თასის გამარჯვებულები არიან.

საქართველოს ნაკრები

შერკინების პირველი ხაზი: აქვსენტი გიორგაძე, გოდერძი შველიძე, ვასილ კაკოვინი, დავით ქუბრიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, კახა ასეიშვილი

შერკინების მეორე ხაზი: ვახტანგ მაისურაძე, გიორგი ნემსაძე, ილია ზედგინიძე

შერკინების მესამე ხაზი: სიმონ მაისურაძე, ზვიად მაისურაძე, გივი ბერიშვილი, დიმიტრი ბასილაია, ვიქტორ კოლელიშვილი

9 ნომერი: გიორგი ბეგაძე, ბიძინა სამხარაძე

10 ნომერი: ლაშა ხმალაძე

12-13 ნომერი: გიორგი ჯიმშელაძე, ირაკლი გიორგაძე, რევაზ გიგაური, ალექსანდრე თოდრუა

11-14 ნომერი: ლექსო გუგავა, ბექა ურჯუკაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე

15 ნომერი: ბესიკ ხამაშურიძე, მალხაზ ურჯუკაშვილი

კომენტარები