ბორჯღალოსნები რუმინეთში ითამაშებენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთში გაემგზავრა. შოტლანდიელი რიჩი დიქსონის დამოძღვრილი ბორჯღალოსნები 10 ივნისს IRB-ის ერთა თასის გათამაშებაში ჩაებმებიან. წინა წლებისაგან განსხვავებით, ნაკრების შემადგენლობას ახლა სუსტი და გამოუცდელი ნამდვილად არ ეთქმის. ბუქარესტში ძირითადად ვეტერანებისა და ახალგაზრდების კარგი ნაზავი მიდის. შემადგენლობა, რომელმაც წესით და რიგით რუმინეთში მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს. რეალურად, ეს არის ის გუნდი, რომლიდანაც ნაკრების ძირითად ბირთვს დაემატება რამდენიმე მორაგბე.

აქ არიან წლების მანძილზე ბორჯღალოსნების ლიდერებად მიჩნეული მოთამაშეები - ილია ზედგინიძე, მალხაზ ურჯუკაშვილი, აქვსენტი გიორგაძე, ბესიკ ხამაშურიძე, ბიძინა სამხარაძე და გოდერძი შველიძე. ამათთან ერთად შეჯიბრებაზე მიდიან იმედისმომცემი ახალგაზრდებიც - ვიტო კოლელიშვილი, გიორგი ჯიმშელაძე, შალვა მამუკაშვილი.

ამათ გარდა, რუმინულ შემადგენლობაში ისეთი მორაგბეებიც არიან, რომლებმაც უკვე მოასწრეს ნაკრების კვართის მორგება, მაგრამ ჯერ დიდი გამოცდილებით ვერ დაიკვეხნიან. თუმცა უკვე დღეს ითვლება, რომ მათგან რამდენიმემ ამ მსოფლიო თასზევე შეიძლება ითამაშოს - ლაშა ხმალაძე, ვასილ კაკოვინი, ვახტანგ მაისურაძე, ალექსანდრე თოდუა და ირაკლი ჩხიკვაძე.

ერთი სიტყვით, ეს არის ისეთი გუნდი, რომლიდანაც არაერთს ალბათ ზელანდიაში ვიხილავთ. ამასთან ერთად მათ შეუძლიათ რუმინულ ტურნირზე კარგი შედეგებისთვისაც იბრძოლონ.

ბორჯღალოსნების წინააღმდეგ ბუქარესტში სამხრეთ აფრიკის კინგზი, არგენტინის იაგუარები (იგივე A ნაკრები) და ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ნამიბიის ეროვნული ნაკრები ითამაშებს.

რიჩი დიქსონის გუნდის პირველი მეტოქე 10 ივნისს სამხრეთ აფრიკული კინგზი იქნება. ეს შეხვედრა ბუქარესტის სტადიონ არკულ დე ტრიუმზე გაიმართება. ქართველები მომდევნო შეხვედრებსაც იმავე მოედანზე ჩაატარებენ. 15 ივნისს ისინი არგენტინელ იაგუარებს ეთამაშებიან, 19-ში კი უკვე ნამიბიის ჯერი დადგება.

თავის მხრივ, ნამიბიასთან შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ტესტ-მატჩია და რეიტინგზე მოქმედებს. მეორე კი იმიტომ, რომ ეს გუნდი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა:

უკანა ხაზი: მალხაზ ურჯუკაშვილი, ლექსო გუგავა, ბექა ურჯუკაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, ბესიკ ხამაშურიძე, ალექსანდრე თოდუა, ლაშა ხმალაძე, ირაკლი გიორგაძე, რეზო გიგაური, გიორგი ჯიმშელაძე, ბიძინა სამხარაძე, გიორგი ბეგაძე

შერკინება: გოდერძი შველიძე, ვასილ კაკოვინი, დავით ქუბრიაშვილი, კახა ასეიშვილი, აქვსენტი გიორგაძე, შალვა მამუკაშვილი, ილია ზედგინიძე, ვახტანგ მაისურაძე, გიორგი ნემსაძე, ზვიად მაისურაძე, სიმონ მაისურაძე, ვიტო კოლელიშვილი, დიმიტრი ბასილაია

კომენტარები