ბაღაფშის შემდეგ

სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ, აფხაზეთი წინასაარჩევნო ვითარებაში აღმოჩნდა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები, სამი თვის განმავლობაში უნდა გაიმართოს. ადგილობრივი ელიტა ამ ვითარებას მოუმზადებელი შეხვდა. 

„ხელისუფლებისთვის საგანგაშო პერიოდია, ბიუროკრატიას ვერ გადაუწყვეტია, ვინ არის საუკეთესო კანდიდატურა და ვის დაეყრდნოს. შეინიშნება გარკვეული დაბნეულობა, რამაც, შესაძლოა, ვნებათაღელვა და დაძაბულობა გამოიწვიოს”, – განაცხადა ტაბულასთან საუბრისას აფხაზმა ჟურნალისტმა, გაზეთ ჩეგემსკაია პრავდას მთავარმა რედაქტორმა ინალ ხაშიგმა.  

დაძაბული წინასაარჩევნო ბრძოლაა მოსალოდნელი. რამდენიმე კანდიდატი უკვე გამოიკვეთა. მათ შორისაა ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი ალექსანდრ ანქვაბი – რუხი კარდინალის რეპუტაციის მქონე არასაჯარო ფიგურა, რომელსაც აფხაზეთის შიგნით ბევრი მტერი ჰყავს. ბოლო წლებში ანქვაბზე ხუთი თავდასხმა მოეწყო. საბჭოთა პერიოდში მას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, აფხაზეთის კონფლიქტის დროს კი აფხაზურ შს სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ომის დასრულების შემდეგ იგი მოსკოვში კერძო ბიზნესს ეწეოდა, 2004 წლის არჩევნებზე კი საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მხარი ბაღაფშს დაუჭირა.  

 ანქვაბის მთავარი მეტოქე სოხუმის რეჟიმის მოქმედი პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბაა. ეს უკანასკნელი პოსტის დაკავებამდე, წლების განმავლობაში სოხუმის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა. შამბას ანქვაბთან  შედარებით უფრო რბილ პოლიტიკოსად მიიჩნევენ. მას რუსეთის დიპლომატიურ უწყებასთან, პრეზიდენტისა და პრემიერის ადმინისტრაციებთან, ასევე დასავლური საშუამავლო მისიების წარმომადგენლებთან მჭიდრო კავშირები აქვს. 

სავარაუდოდ, ბრძოლაში ჩაერთვება რაულ ხაჯიმბაც – ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. ის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ვეტერანთა დიდი ნაწილის, ასევე წინა, არძინბას მთავრობასთან დაახლოებული ძალების ინტერესებს გამოხატავს. ბაღაფშის მთავარ კრიტიკოსად ბოლო პერიოდში სწორედ ხაჯიმბა გამოდიოდა. იგი პრეზიდენტს ხელისუფლებას რუსეთისათვის ზედმეტ დათმობებში ადანაშაულებდა. თუმცა, ამავე დროს, მოსკოვის მიმართ ერთგულებას თავადაც გამოხატავდა. 

სოხუმის რეჟიმის ლიდერობის რეალური შანსები, ინალ ხაშიგის აზრით, ანქვაბსა და შამბას აქვთ. „თუმცა, ბევრია დამოკიდებული ოპოზიციაზე, რომელსაც ხაჯიმბა მეთაურობს, მის კონსოლიდირების უნარსა და მოქნილობაზე. არსებობს ხაჯიმბასა და ანქვაბის თანამშრომლობის შესაძლებლობა, ამ ტანდემს წარმატების დიდ შანსები აქვს. თუმცა, მის შექმნაზე საუბარი ჯერ ნაადრევია”, – განმარტა ხაშიგმა.  

 2004 წელს ბაღაფში ხელისუფლებაში ღიად პრორუსულ კანდიდატთან – რაულ ხაჯიმბასთან დაპირისპირებამ მოიყვანა. 2009 წელს, დიდწილად რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობით გამოწვეული ეიფორიის წყალობით, ბაღაფშმა არჩევნების პირველ ტურშივე გაიმარჯვა. თუმცა, მოგვიანებით, მოსკოვის მითითებების ერთგულ შემსრულებლად იქცა, რაც აფხაზურ საზოგადოებაში სულ უფრო მზარდ უკმაყოფილებას იწვევდა. 

კერძოდ, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა – სოხუმის  მიერ მოსკოვთან გაფორმებულ შეთანხმებებს აფხაზეთის რკინიგზის გასხვისების, მის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების თაობაზე, გადაწყვეტილებას რუსი სამხედროების სტატუსის შესახებ, რომლებზეც ადგილობრივი კანონმდებლობა არ ვრცელდება, ასევე ყოფილი საბჭოთა სამთავრობო აგარაკების რუსეთისათვის გადაცემას. 

ოპოზიციის საყვედურებს ბაღაფში საკმაოდ აგრესიულად პასუხობდა. „გინდათ რუსული პასპორტები და პენსიები, ფინანსური დახმარება, სამხედრო ბაზა და უსაფრთხოება? და თან გინდათ არავის არაფერი მისცეთ? ასე არ გამოვა”, – განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.  

ყველაზე დიდი ვნებათაღელვა, „საზღვრის დემარკაციის” პროცესში, გაგრის რაიონში 160 კვადრატულ კილომეტრზე, რუსეთის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს მოჰყვა. თანხმობის შემთხვევაში ოპოზიცია ბაღაფშს გადაყენებით ღიად ემუქრებოდა. მოლაპარაკებების შედეგად რუსული მოთხოვნა მოიხსნა – თუმცა, მხოლოდ დროებით. 

 ინალ ხაშიგის აზრით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მომავალ ლიდერს “ახალი გამოწვევების” დაძლევა მოუწევს. მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაში დაგროვილი პრობლემებისა, რომელთა მიმართ მიდგომა „კარდინალურად უნდა შეიცვალოს”. 

ბაღაფშის მმართველობამ საყვედურები კორუფციის გამოც დაიმსახურა – რუსეთიდან უხვად მოსული დაფინანსება, ადგილობრივი მედიის ცნობით, ძირითადად მაღალჩინოსანთა კეთილდღეობას ხმარდებოდა. რუსეთის საანგარიშო პალატამ, გასული წლის ბოლოს, 11 მილიონი დოლარის არამიზნობრივი ხარჯვა გამოავლინა. 

ინალ ხაშიგის განცხადებით, ბაღაფშის მმართველობამ „აფხაზეთში სტაბილურობის დამყარებას შეუწყო ხელი”. თუმცა, „ძველმა რესურსმა საკუთარი თავი ამოწურა, მოძველებულ, საბჭოთა მმართველობითი სისტემის პირობებში ცხოვრების გაგრძელება კი შეუძლებელია”. მისი აზრით, ახალმა ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. 

ჩაერევა თუ არა მოსკოვი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მომავალი ლიდერის არჩევაში? ინალ ხაშიგის აზრით, კრემლი, 2004 წლის არჩევნების „მწარე გაკვეთილის” გათვალისწინებით, თავს შეიკავებს. თუმცა, მოსკოვი კონტაქტებს თითოეულ კანდიდატთან დაამყარებს. „ყველა აფხაზი პოლიტიკოსი განწირულია იმისთვის, რომ მოსკოვთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს”, – მიიჩნევს ხაშიგი. 

რუსი ექსპერტი, ფიოდორ ლუკიანოვიც თვლის, რომ რუსეთი ცალკეულ კანდიდატს ღიად მხარს არ დაუჭერს. თუმცა, როგორც მან EURASIANET-თან საუბრისას აღნიშნა, „მოსკოვი თავს ვერ მისცემს უფლებას ვითარებაზე კონტროლი დაკარგოს, ეს დიდი საჩუქარი იქნებოდა საქართველოსთვის და ჩრდილო კავკასიაში დესტაბილიზაციის რისკს გაზრდიდა”.  

როგორც, თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, სოხუმში ლიდერის შეცვლით „ვითარება განსაკუთრებულად არ იცვლება”. ოფიციალური თბილისის აზრით, იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და მოსკოვიდან იმართება, რეგიონში ნებისმიერი არჩევნები არალეგიტიმური იქნება. 

კომენტარები