იემენის ოპოზიცია სალეჰის ქვეყნიდან წასვლას ზეიმობს

იემენის ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტის, ალი აბდულა სალეჰის ქვეყნიდან წასვლას ზეიმობს. მიუხედავად იმისა, რომ სალეჰი საუდის არაბეთში სამკურნალოდ წავიდა, ოპოზიცია იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი იემენში უკვე აღარ დაბრუნდება. პრეზიდენტის მოვალეობებს დროებით ვიცე პრეზიდენტი, აბდ რაბუ მანსურ ჰადი ასრულებს. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ოპოზიცია, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა სალეჰის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს, დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს შექმნას მოითხოვს.

იემენის პრეზიდენტი საუდის არაბეთში სამკურნალოდ გასულ პარასკევს მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაემგზავრა. მის საპრეზიდენტო კომპლექსზე განხორციელებული თავდასხმის დროს სალეჰი დაიჭრა. საუდის არაბეთში მას ოპერაცია გაუკეთეს. იემენის ოფიციალური პირების თქმით, პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. იემენის ინფორმაციის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სალეჰი იემენში აუცილებლად დაბრუნდება. ”პრეზიდენტი კარგად არის,” თქვა მან ”შესაძლოა მან ოდესმე თავისი ძალაუფლება სხვას გადასცეს, მაგრამ ეს კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად უნდა მოხდეს.”

უცხოური მედიის ცნობით, სალეჰი საუდის არაბეთში კიდევ ორ კვირას დაჰყოფს. ერთი კვირა მას საბოლოოდ გამოჯანმრთელებისთვის დასჭირდება, ხოლო მეორე კვირის განმავლობაში ის საუდის არაბეთის ოფიციალური პირებთან შეხვედრებს გამართავს, იუწყება ტელეკომპანია BBC. 

კომენტარები