საგარეო უწყება სარკოზის განცხადებას გადაამოწმებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს დაავალა გადაამოწმონ რუსულ მედიაში  გავრცელებული ცნობები საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის განცხადების შესახებ.  რუსული მედიის მტკიცებით, სარკოზიმ  რუსული სატელევიზიო არხის,  „როსია 24“-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ „ახლა საქართველო მთლიანად თავისუფალია   [რუსული სამხედრო ძალებისგან], ადრე კი ტანკები თბილისიდან 40 კილომეტრში იდგნენ. ბატონმა მედვედევმა  სიტყვა შეასრულა.” 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის თქმით,  ოფიციალური წყაროებით, ამ ინფორმაციის ნამდვილობა არ დასტურდება. თუმცა, კალანდაძის თქმით, საქართველოს საელჩოს საფრანგეთში მაინც დაევალა გადაამოწმოს ინფორმაცია საფრანგეთის ოფიციალურ პირებთან. ”ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს იყოს დიდწილად სწორედ რუსული სააგენტოების მიერ გადამეტებულად და არასწორად გავრცელებული ინფორმაცია,” განაცხადა კალანდაძემ. 

 



კომენტარები