რატკო მლადიჩის დაკითხვა დროებით შეჩერებულია

ადვოკატები აცხადებენ რომ რატკო მლადიჩის დაკითხვა დროებით შეჩერებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ადვოკატი მილოს სალიჩი აცხადებს: ,,მოსამართლემ სცადა რატკო მლადიჩის დაკითხვა მაგრამ ვერ შეძლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ის თითქმის ვერ რეაგირებს და ამიტომ მოსამართლემ დაკითხვა შეწყვიტა. ექიმები შეამოწმებენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაადგენენ შეიძლება თუ არა მისი დაკითხვის გაგრძელება’’.

მლადიჩი უკვე 16 წელია ძებნაში იყო, ის საბოლოოდ 26 მაისს სერბიის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. ის უახლოეს მომავალში გადაეცემა საერთაშორისო ტრიბუნალს.

ადვოკატის განცხადებით, 69 წლის მლადიჩმა იცის რისთვისაც არის დაკავებული თუმცა ჰააგის ტრიბუნალს არ სცნობს. მლადიჩს ბრალი ედება 1992-1993 წლის ბოსნიის ომში სრებრენიცას გენოციდის მოწყობაში და 7,500 მუსლიმი მამაკაცის მკვლელობაში, ომის კანონების დარღვევაში და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.

მლადიჩის დაკავების გასაპროტესტებლად სერბეთის დედაქალაქში 200-მდე ადამიანი გამოვიდა. სერბი ნაციონალისტებისთვის რატკო მლადიჩი გმირად რჩება.

სერბეთის ევროკავშირში შესვლის ერთ-ერთი პირობა მლადიჩის დაკავებაც იყო. თუმცა მლადიჩის დაკავებასთან ერთად გაჩნდა კითხვა, თუ როგორ შეძლო ამ ადამიანმა 16 წელი შეუმჩნევლად ცხოვრება. 

 

კომენტარები