ძიუდო: საქართველოს ნაკრები მოსკოვში

ამ შაბათ-კვირას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რუსეთს ესტუმრება და მოსკოვის დიდი სლემის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. მთავარი მწვრთნელის, პიტერ ზაიზენბახერის გადაწყვეტილებით, გუნდი შეჯიბრებაზე არასრული შემადგენლობით გაემგზავრება.

მოსკოვში ქართველები სამ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ და სულ ხუთი სპორტსმენი იჭიდავებს: 73 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ამბაკო ავალიანი; 100 კგ - ლომერ ჟორჟოლიანი, ირაკლი ცირეკიძე; +100 კგ - ზვიად ხანჯალიაშვილი.

რუსულ ტურნირს საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდი აქვს - 150 ათასი ამერიკული დოლარი, საიდანაც ჩემპიონებს 5 ათასი ერგებათ.  რაც მთავარია, ამ დონის შეჯიბრებებზე ოლიმპიადის სალიცენზიო ქულების დიდი რაოდენობაც გაიცემა. სწორედ ამიტომაა ჩვენთვის მოსკოვური დიდი სლემი საინტერესო.

შეჯიბრება ორ დღეზეა გადანაწილებული. პირველ დღეს, 28 მაისს, დაბალი წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გავლენ ტატამზე საჭიდაოდ - 60, 66, 73. უკვე კვირას, 29 მაისს კი 81, 90, 100 და +100 კილოგრამში მოჭიდავეები.

ტურნირის ქალთა განყოფილებაში საქართველოს ნაკრების ერთი წარმომადგენელიც იასპარეზებს. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნინო ოძელაშვილი კვირას ავა მოსკოვურ ტატამზე.

კომენტარები