რას იტყოდა უცნაური ემილი?

როგორც ჩანს, მოსალოდნელი კოსმიური და ბირთვული კატასტროფა, კარზე მომდგარი გლობალური დათბობა, საკვებსა და ჰიგიენურ საშუალებებში დამალული კიბოსა და ათასგვარი უბედურების მიზეზები, საკმარისად შთამბეჭდავი არ არის. ორიოდე კვირის წინ მედიამ საზოგადოება ახალი საფრთხის შესახებ გააფრთხილა. თურმე ნუ იტყვით, ჩვენს დედაქალაქში სატანისტები დაიარებიან. „სატანისტები”, არც მეტი, არც ნაკლები, ის მოზარდები აღმოჩნდნენ, რომლებიც თავს კონკრეტულ სუბკულტურას, გოთებს, მიაკუთვნებენ. ტელეკომპანია იმედმა განგაშის ზარებს შემოჰკრა – თბილისელი თინეიჯერები სატანისტურ რიტუალებს ატარებენ! უფრთხილდით მათ, მოარიდეთ საკუთარი შვილები და საყვარელი კატები, რადგან მათ ეს ბავშვები სასაფლაოებზე ხოცავენ.

სიუჟეტი ჩვეული სცენარით ვითარდება: ანონიმი დედა 14 წლის გზას აცდენილ შვილს მონასტერში გზავნის. ანონიმი „სატანისტი გოთები” მაჯის ზედა მხარეს იკაწრავენ და ცხოველებს აწამებენ. ბოლოს, ხატების ფონზე მჯდომი ანონიმი „ექსპერტი”, ამოუცნობივე პროფესიითა და სტატუსით, ამ მოზარდებს მომავალში ოჯახების ნგრევას უწინასწარმეტყველებს.
 
იმედის ჟურნალისტებმა შეშფოთებული სახით მოიხადეს ბოდიში „მძიმე კადრების” ჩვენებისათვის. შემდეგ შეეცადნენ, სანდომიანი ტონით დაერწმუნებინათ მაყურებელი, რომ სანამ დანარჩენები პატიოსანი და ღვთისნიერი ცხოვრებით ცხოვრობენ, მსგავსი „პრაქტიკულად დაუჯერებელი ისტორიები” ჩვენს ქალაქში მართლაც ხდება. 
 
არის თუ არა მსგავსი ახალგაზრდული გაერთიანება „დაუჯერებელი” მოვლენა? რა თქმა უნდა, არა. პირიქით, მათი არსებობა ნორმაა და ყველა მეტ-ნაკლებად თავისუფალ საზოგადოებას ახასიათებს. თქვენ წარმოიდგინეთ, გოთური და თუნდაც „სატანისტური” კონტრკულტურის არსებობა საზოგადოების განვითარებისთვის რაიმე სახის საფრთხეს არ წარმოადგენს. ბუნებრივია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რაიმე იდენტობის მქონე ჯგუფი კრიმინალური და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებითაა დაკავებული. იმედის კონსპირაცია უფრო შორსაც წავიდა. ჟურნალისტებმა იეჭვეს, რომ არსებობს ადამიანების მისტიკური, დიდი ჯგუფი, რომელიც ქართველი გოთების „საქმიანობას” აფინანსებს. საინტერესოა, ვის ინტერესში უნდა შედიოდეს მოზარდების სასაფლაოზე შეკრება, ან რამდენად რეალურია სუბკულტურების „დაფინანსების” ხარჯზე არსებობა.
 
გოთურმა სუბკულტურამ არსებობა გასული საუკუნის 80-იან წლებში ბრიტანეთში შესაბამის მუსიკალურ სტილთან ერთად დაიწყო. შუა საუკუნეებისა და ვიქტორიანული ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილის სამოსი, ვარცხნილობა და მკვეთრი მაკიაჟი, მელანქოლია, რომანტიზმი და ორიენტაცია ესთეტიკაზე – დღეს უკვე მოდურად ქცეული გოთური იმიჯის განუყრელი ატრიბუტებია. ამ მიმდინარეობის სატანიზმთან კავშირი ერთ-ერთი გავრცელებული მითია. ადამიანებს, რომლებიც ამ წრეში ტრიალებენ, ეს „ბრალდება” სასაცილოდაც არ ჰყოფნით. სამაგიეროდ, როგორც ხშირად ხდება, სტერეოტიპს ადვილად „წამოეგო” ქართული მედია. 
 
მაინც რატომ ისწრაფვიან მოზარდები სუბკულტურაში გაერთიანებისკენ? ამის მიზეზი, შესაძლოა, მეინსტრიმ კულტურის, ახლობლების, ოჯახის მიმართ პროტესტი იყოს. ანაც – განსხვავებულობის სურვილი, თვითდამკვიდრების მცდელობა. ზოგს კი უბრალოდ  კონკრეტული ჩაცმის სტილი, იმიჯი, მუსიკა მოსწონს. 
 
საბოლოოდ, ამ ყველაფერს ასაკის ფსიქოლოგიური თავისებურებები და გარშემომყოფთა დამოკიდებულება განაპირობებს. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდის ბავშვთა დახმარების ცენტრის ფსიქოლოგის, ქეთევან თავართქილაძის თქმით, მოზარდობის ასაკი პიროვნების განვითარების კრიზისული პერიოდია – ახასიათებს კონფლიქტები, სოციალურ გარემოში ადაპტაციის გართულება. „ამ პერიოდში სუსტდება მშობლებთან დამოკიდებულება და ძლიერდება თანატოლებისაკენ მისწრაფება. მოზარდები თანატოლებთან ემოციურ მხარდაჭერას პოულობენ, ამიტომ მათთან გაცილებით მეტ დროს ატარებენ, ვიდრე უფროსებთან. უჩნდებათ სამყაროს დამოუკიდებლად შეცნობისა და მშობლებისგან გამოყოფის სურვილი, თან არც მარტო დარჩენა სურთ. თუ ამ დროს ოჯახში გაგებით არ ეკიდებიან, მხარდაჭერას სხვა ადგილებში – სხვადასხვა არაფორმალურ გაერთიანებებში ეძებენ. გამოდის, რომ არაფორმალურ გაერთიანებებში შესვლისკენ ყველა მოზარდს აქვს მიდრეკილება. მიდრეკილების ხარისხს კი მათ მიმართ მოზრდილი ადამიანების, პირველ რიგში, მშობლების დამოკიდებულება განაპირობებს”.
 
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმედის რესპონდენტები გოთურად სულაც არ გამოიყურებიან. დამახასიათებელი ტანისამოსის ნაცვლად ადიდასის ფირმის მაისურები აცვიათ. შეკრების ადგილზე აღმოჩენილი სატანიზმის „ნივთმტკიცებების” ჩამონათვალი კი ასეთია: კათოლიკური ჯვარცმა, კედელზე გაკრული მხიარული როჯერის დროშა, მეტალ-ჯგუფების პლაკატები, წარწერა „sanctus spiritus” (სული წმინდა) და მსხვილი კადრით ნაჩვენები ედგარ პოს მოთხრობების კრებული. როგორც ჩანს, საქართველოში „სატანისტების” ფანტაზიაც ისევე შორსაა მათი უცხოელი „კოლეგების” ფანტაზიისგან, როგორც ქართველი მედიაჟურნალისტების ეთიკა დასავლელი კოლეგების ეთიკისგან.
 
ქართულ სკოლებში ნამდვილად ვერ შეხვდებით გოთური აქსესუარებით მორთულ იმდენ მოზარდს, რამდენსაც დასავლეთის ქვეყნებში. თუმცა, ახალგაზრდული სუბკულტურებისადმი მედიის ინტერესი არც გასაკვირია, არც დასაგმობი. განვითარებულ მსოფლიოში კარგა ხანია, ეს საზოგადოების თუ სოციალური მეცნიერების ინტერესის საგანს წარმოადგენს. 
 
როგორც წესი, გარკვეული ასაკის შემდეგ, ალტერნატიული სუბკულტურის წევრების უმრავლესობა ცხოვრების მეტ-ნაკლებად ჩვეულ რეჟიმში ჯდება. ასე მოხდა, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოძრაობის, ჰიპების პირველი თაობის შემთხვევაში. მათი დიდი ნაწილი, შემდგომში, საშუალო რგოლის მენეჯერად იქცა. ერთ-ერთი კვლევის ავტორები მშობლებს ურჩევენ, პანიკაში არ ჩავარდნენ, თუ ერთ დღესაც აღმოაჩენენ, რომ მათმა შვილმა თმა შეიღება, გამორჩეულად ჩაცმა, განსხვავებული მუსიკის მოსმენა და „უცნაურ” ადამიანებთან მეგობრობა დაიწყო – მოკლედ, გოთურ სუბკულტურას შეუერთდა. კვლევა გვეუბნება, რომ ასაკთან ერთად, „უცნაურობაც” გადის და გოთი მოზარდები შემდგომში ექიმები, ადვოკატები, მოკლედ, ასე თუ ისე, წარმატებული პროფესიონალები ხდებიან.
 
ითვლება, რომ „გოთი” მოზარდების უმრავლესობა ინტელექტუალია. თანატოლებს განათლების დონითაც არ ჩამოუვარდებიან. არც აგრესიის მაღალი დონით გამოირჩევიან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოზარდს ყურადღების მიქცევა არ სჭირდება. არსებობს ავტორიტეტული უნივერსიტეტების ისეთი კვლევებიც, რომლებიც აჩვენებს, რომ სუიციდისა და თვითდაზიანების მცდელობები გოთებს შორის უფრო ხშირია. საკითხავი ისაა, „ცუდი წრე” ახდენს ასეთ გავლენას, თუ ამ წრეში უკვე გარკვეული პრობლემებით ხვდებიან. ზოგადად, მოზარდები, რომლებიც ალკოჰოლს ხშირად სვამენ ან წამლებს იღებენ, თვითმკვლელობის მაღალი რისკის ქვეშ არიან. ასევე, ჰომოსექსუალი და შავკანიანი მოზარდები მაღალი რისკის ჯგუფებია. 
 
ტელევიზიით გადაჭრილ ვენებზე გვესაუბრნენ, კადრში კი ხელის მეორე მხარეს არსებული ნაკაწრები ჩანდა – ისეთი, როგორსაც „ჩვეულებრივი” ბიჭებიც იკეთებენ ხოლმე თავის გამოჩენის მიზნით. მოზარდები, რომლებიც საკუთარ თავს ვნებენ, არც არანორმალურები არიან, არც მაზოხისტები და არც რომელიმე „ბოროტი” სუბკულტურის მსხვერპლნი. როგორც წესი, თვითდაზიანებების მიზეზი დაბალი თვითშეფასება, დაბნეულობა, გარემომცველი წრისა და ოჯახისადმი აგრესიაა.
 
თუ ქართული ინტერნეტფორუმებით ვიმსჯელებთ, მაყურებელში განსაკუთრებული გაღიზიანება კატების წამებამ გამოიწვია. ამ გაღიზიანებაში ჩაიკარგა ის ნეგატიური ტენდენციები, რომლებიც, პირველ რიგში, არა ცხოველებს, არამედ თავად მედიას უკავშირდება. თუ ცოტა ხნით დავივიწყებთ იმას, რომ რასაც შეჩვეულები ვართ, ის მეტად ბუნებრივად გვეჩვენება, აღმოვაჩენთ, რომ სასაფლაოზე ცხვრის მსხვერპლად შეწირვა, ტექნიკურად, კატის მოკვლის რიტუალისგან არაფრით განსხვავდება. 
 
რა თქმა უნდა, კატების ხოცვა მისასალმებელი საქმე არაა. მაგრამ ამ ნიშნით რომელიმე კონკრეტული ჯგუფის გამორჩევა არასწორია. ფსიქოლოგების აზრით, მოზარდი ცხოველების მიმართ აგრესიას მაშინ იჩენს, როცა მოზრდილ ადამიანებთან აქვს კონფლიქტი და აგრესია უგროვდება. რახან „დიდები” უფრო ძლიერები არიან, ეს გრძნობა უფრო სუსტზე – ცხოველზე გადააქვთ. მსგავსი პრობლემა კი გოთი „სატანისტების” ჯგუფის მიღმაც ფართოდაა გავრცელებული.
 
რაც უფრო დიდია სიუჟეტში ნაჩვენები მოზარდების პრობლემა, მით უფრო დიდია ტელეკომპანიის დანაშაულიც. ადამიანების, განსაკუთრებით კი ამ ასაკის, რაიმე ნიშნით მიზანმიმართული სტიგმატიზება, მათთვის სახიფათოს იარლიყის მიკერება კიდევ უფრო დაამძიმებს მათ მდგომარეობას და საზოგადოებისგან გარიყავს. გამოსავალი არც მოზარდის წრისთვის მოწყვეტა და მონასტერში იძულებითი  გაგზავნაა. „ეს შეიძლება ძალზე სახიფათო იყოს ბავშვის შემდგომი განვითარებისა და სამომავლო ცხოვრებისთვის. მშობლის ამგვარმა საქციელმა, შესაძლოა, მასში მძაფრი პროტესტი და სუბკულტურისადმი მიკუთვნებულობის კიდევ უფრო ძლიერი სურვილი  გამოიწვიოს. პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ კარგი ემოციური კლიმატით ოჯახში, სამართლიანი და გულწრფელი დამოკიდებულებით მოზარდისადმი, მისი პირადი ცხოვრების პატივისცემით”, – ამბობს ქეთი თავართქილაძე.
 
სიუჟეტში დაავიწყდათ ეთქვათ, რომ ლედ ზეპელინის ცნობილი სიმღერის – Stairway to Heaven – ლირიკა, თუ მას უკუღმა დავატრიალებთ, უნებლიეთ თუ გამიზნულად, ასე ჟღერს: Oh here’s to my sweet Satan... როგორც ვხედავთ, ჩვენი შვილებისთვის და ზეციური საქართველოს იმიჯისთვის საფრთხის შემცველთა სია განუხრელად იზრდება. დროა, დავიჯეროთ “დაუჯერებელი ისტორიები” – ერთმანეთის გვერდით განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ, პრობლემების მქონე მოზარდებს კი, იზოლირებისა და მონასტერში გაგზავნის ნაცვლად, ამ პრობლემის აღმოჩენა და მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა სჭირდებათ.

კომენტარები