საუდის არაბეთში ქალი მანქანის მართვის გამო დააკავეს

საუდის არაბეთის რელიგიურმა პოლიციამ დააკავა ქალი, რომელიც იმ კანონს აკრიტიკებდა, რომელიც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს მანქანის მართვას უკრძალავს. მანალ ალ-შერიფმა სოციალურ ქსელ Facebook-სა და ვებ გვერდ YouTube-ზე  გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს, რომ ის მანქანას მართავს.  ალ-შეფიფმა თავის ვიდეოში საუდის არაბეთის მოქალაქე სხვა ქალებს მოუწოდა მას მიბაძონ.

მანალ ალ-შერიფმა და მისმა მეგობრებმა Facebook-ზე ჯგუფიც შექმნეს სახელწოდებით ”მასწავლე ავტომობილის მართვა, იმისათვის, რომ თავი დავიცვა.” ჯგუფის წევრები საუდის არაბეთის ხელისუფლებას ქალებისთვის მანქანის ტარების აკრძალვის გაუქმებისკენ მოუწოდებენ. ”ეს არის მოხალისეთა კამპანია ამ ქვეყნის მოქალაქე გოგონების დასახმარებლად,” აცხადებს ალ-შერიფი თავის ვიდეო მიმართვაში ”განსაკუთრებულ შემთხვევებში მაინც უნდა ჰქონდეთ მათ მანქანის მართვის უფლება. რა მოხდება თუ მამაკაცს, რომელიც მანქანას მართავს გულის შეტევა დაემართება?”

ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ ალ-შერიფი რელიგიურმა პოლიციამ გუშინ დააკავა. მას შარიას (ისლამური ქცევის კოდექსი) ნორმის დარღვევაში ედება ბრალი. საუდის არაბეთი მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ქალებს მანქანის მართვა ეკრძალებათ. აკრძალვა ვრცელდება როგორც საუდის არაბეთის მოქალაქეებზე, ასევე უცხოელებზე. 

კომენტარები