იემენის პრეზიდენტი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გეგმავს

იემენის პრეზიდენტმა, ალი აბდულა სალეჰმა განაცხადა, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას აპირებს. დედაქალაქ სანაში შეკრებილ ათასობით მომხრესთან საუბრისას სალეჰმა აღნიშნა, რომ მზად არის ეს ნაბიჯი გადადგას, რათა ხანგრძლივი ანტისამთავრობო დემონსტრაციები დაასრულოს. მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ქვეყანაში სისხლისღვრის თავიდან აცილების გზაა. 

სანაში გამართული სალეჰის მხარდამჭერი აქციის პარალელურად, რამდენიმე მეტრში პრეზიდენტისადმი ოპოზიციურად განწყობილმა მოქალაქეებმა კიდევ ერთი მრავალათასიანი აქცია გამართეს. ისინი მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ გადადგეს ალი აბდულა სალეჰი, რომელიც ქვეყანას 1978 წლიდან მართავს. ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები ამ მოთხოვნით იემენში 2011 წლის იანვრიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებებს იანვრიდან დღემდე 140-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო AP-ს ცნობით, იემენის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის დაინიშნება საპრეზიდენტო არჩევნები. ვადამდელი არჩევნების დანიშვნით სალეჰი იმ გეგმის იგნორირებას ახდენს, რომელიც მას   სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭომ შესთავაზა. შეთავაზებული გარიგების მიხედვით, თუ სალეჰი პოსტს დატოვებს, მას იმუნიტეტი მიენიჭება და არ გაასამართლებენ.  

კომენტარები