ინტერვიუ არნო დანჟანთან

ევროპარლამენტის თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, არნო დანჟანი, მაისის დასაწყისში თბილისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) მოინახულა. ტაბულა მას ვიზიტის მიზნებზე, EUMM-ის მნიშვნელობაზე, რუსეთ-ევროპის ურთიერთობებსა და მსოფლიოში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა. 

როგორ შეაფასებდით საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მისია უფრო ეფექტიანი გახდეს?

ვფიქრობ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს საქართველოში. პროფესიონალი და გონიერი ხალხი მუშაობს. მათ იციან, როგორ აკეთონ საქმე. ამ თვალსაზრისით, ის წარმატებული მისიაა. მისიის მიერ 2008 წლის სექტემბრის შეთანხმების შესაბამისად დაკისრებული მანდატის შესრულებას, რაც ტექნიკურად და პოლიტიკურად ძალზე მნიშვნელოვანია, დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მე, როგორც ფრანგი,
ამას საგანგებოდ ვაკვირდები, ვინაიდან ეს შეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით გაფორმდა.
 
ევროკავშირს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თერთმეტი ასეთი მისია აქვს, მათ შორის საქართველოში. ჩემთვის,
 
როგორც იმ ქვეკომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომელიც ზედამხედველობას უწევს ევროკავშირის სამოქალაქო და სამხედრო სადამკვირვებლო მისიებს, ძალზე მნიშვნელოვანი იყო, ადგილზე მენახა მისიის მუშაობა და მომესმინა საქართველოს ხელისუფლების მოსაზრება მის შესახებ.
 
პრობლემები, რასაკვირველია, არსებობს. მთავარი სირთულე ის არის, რომ მისიას ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს არ უშვებენ. ცხადია, ვიცით, რომ ამ პრობლემის მოგვარების გასაღები თბილისში კი არა, მოსკოვში დევს, ამიტომაც შეთანხმების სრულად შესრულებას რუსეთისგან ვითხოვთ.
 
მისია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სიტუაციის საიმედო შეფასებასა და პოტენციური დაძაბულობის განმუხტვაში. მაგალითად, 2009 წელს, რუსეთი ჭორებზე დაყრდნობით რომ აცხადებდა, ადმინისტრაციულ საზღვართან საქართველო სამხედრო ძალას ზრდისო, მისიამ უტყუარი ინფორმაციის მოწოდებით ამ დაძაბულობის განმუხტვა შეძლო. 
 
ჩემთვის ეს ყველაზე ღირებული არგუმენტია, მისიის საქმიანობის გასაგრძელებლად. ამისათვის გამოცდილი პერსონალია საჭირო, რომელიც კარგად იცნობს რეგიონს და პროფესიონალურად ეკიდება თავისი საქმის ყველა ასპექტს. ის, რაც მე ვნახე, ვფიქრობ დამაკმაყოფილებელია. ასეთივეა საქართველოს ხელისუფლების შეფასებაც.
 
სარკოზის შუამავლობით გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმება ახსენეთ. რამდენად თანმიმდევრულები არიან ევროპელები თავიანთი პრინციპების დაცვაში? რუსეთი ექვსპუნქტიან შეთანხმებას არღვევს, თუმცა ეს ევროპელებს ხელს არ უშლის, ამ ქვეყანასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყარონ. ზოგი ანალიტიკოსის აზრით, რუსეთი ევროპულ პოლიტიკაზე გავლენას ახდენს. ხომ არ მიეცა ეს შეთანხმება დავიწყებას?
 
მე ასე არ ვფიქრობ. ჩვენ – მთლიანად ევროკავშირს და, უფრო კონკრეტულად, ევროპარლამენტს – მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან და კარგად გვესმის თბილისის წუხილი ამ დოკუმენტის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. ყოველ რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით იღებს, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
 
ევროკავშირის დიალოგი რუსეთთან, რასაკვირველია, საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს – ენერგეტიკას, ვაჭრობას, პოლიტიკურ ასპექტებს, ადამიანის უფლებებს, პოლიტიკურ რეფორმებს და, რა თქმა უნდა, საქართველოში ამ კონფლიქტის საკითხს. ამიტომ, ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს საკითხი მივიწყებულია ან მეორე რიგის პრიორიტეტად იქცა. 
 
ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ევროპელები ხანდახან, თავიანთთვის სხვაგვარ პრიორიტეტებს განსაზღვრავენ. რა თქმა უნდა, რუსეთი თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ცდილობს, ეს კონფლიქტი მეორეხარისხოვან საკითხად აქციოს. ამისთვის კრემლი მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს. მაგრამ ჩვენ გულუბრყვილოები არა ვართ.
 
საქართველოს კონფლიქტი მნიშვნელოვან საკითხად რჩება. ვფიქრობ, ხელიდან არ უნდა გავუშვათ არც ერთი შესაძლებლობა და რუსეთს მისი ვალდებულებები შევახსენოთ.
 
ჩვენი კოლეგები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან თვლიან, რომ ჩვენ, ძველი ევროპის წარმომადგენლები, გულუბრყვილო მიდგომას ვიჩენთ რუსეთის პოლიტიკისადმი, რომ ვივიწყებთ ჩვენს პრინციპებს და ღირებულებებს.
ბევრი საუბრობს განსხვავებულ მიდგომებზე ძველ ევროპელებსა და ახალ ევროპელებს შორის. სუფევს თუ არა ერთსულოვნება ევროკავშირში რუსეთთან ან თუნდაც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით? 
 
არ ვიქნებოდი მართალი, მეთქვა, რომ აღქმაში განსხვავებები არ არსებობს. როდესაც საქმე რუსეთს და საქართველოში კონფლიქტებს ეხება, ჩვენი კოლეგები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან პრიორიტეტებს სხვაგვარად განსაზღვრავენ. მათთვის ზემოაღნიშნული საკითხი პრიორიტეტულია და მიაჩნიათ, რომ ჩვენ, ძველი ევროპის წარმომადგენლები, გულუბრყვილო მიდგომას ვიჩენთ რუსეთის პოლიტიკისადმი, რომ ვივიწყებთ ჩვენს პრინციპებს და ღირებულებებს. ისინი თვლიან, რომ რუსეთისადმი უფრო მკაცრი თუ არა, უფრო რეალისტური მიდგომა უნდა გვქონდეს. ამრიგად, განსხვავებული მიდგომები ნამდვილად არსებობს. 
 
საქმე ის გახლავთ, რომ ევროპარლამენტი არა მხოლოდ ეროვნული მიდგომების, არამედ იდეოლოგიური პარტიული ინტერესების და ცალკეული პიროვნებების ინდივიდუალური მიდგომების ნაზავია. ამიტომ, მიდგომა ცალსახა არ არის, ის მუდმივად იცვლება.
 
ავღანეთის მისიაში, ასევე ლიბიის ოპერაციაში მონაწილეობის გამო, პრიორიტეტებსა და დღის წესრიგში გარკვეული ცვლილებები ხდება. ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს საკითხმა უკანა პლანზე გადაიწია. მე ასე არ მგონია და ვფიქრობ, რომ მომდევნო ევროპული რეზოლუცია საქართველოზე ამის დასტური იქნება.
 
აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნას საქართველოში ოკუპაცია უწოდა. სენატში მზადდება რეზოლუცია, რომელშიც რუსეთს ოკუპაციის დასრულებისაკენ მოუწოდებენ. არ არის გამორიცხული, კონგრესმაც მიიღოს მსგავსი რეზოლუცია. თუ არის შესაძლებელი, მსგავსი რეზოლუცია ევროკავშირმაც მიიღოს იმ განსხვავებული მიდგომების გათვალისწინებით, რომლებიც მასში არსებობს?
 
რეზოლუციის ტექსტის წინასწარ შეფასება არ მინდა. ჯერ პროექტიც არ შემუშავებულა. ამიტომ, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. რეზოლუციის შემუშავება ჩვენს პოლონელ კოლეგას ევალება. ამ რეზოლუციის განხილვაში, მე აქტიურად ვიქნები ჩართული. რეალობის ოკუპაციად კვალიფიცირების საკითხი, დებატების თემა იქნება. 
 
ერთი მხრივ, რეზოლუციამ რეალობა უნდა ასახოს. მეორე მხრივ, საკითხავია, მოუტანს თუ არა ასეთი ახალი კვალიფიკაცია მიმდინარე პროცესს დადებით შედეგს, რადგან საქმემ წინ უნდა წაიწიოს და კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა უნდა გამოჩნდეს. ამრიგად, ეს საკითხი, ალბათ, საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე დებატების ძირითადი თემა იქნება.
 
ევროპა გადაღლილია ბოლოდროინდელი გაფართოებით. როდის არის ევროკავშირის გაფართოების მომდევნო რაუნდი მოსალოდნელი?
 
ევროკავშირის გაფართოება ძალზე მგრძნობიარე საკითხია. ევროპას რიგი ქვეყნების – ბალკანეთის ქვეყნებისა და ალბანეთის – წინაშე ვალდებულებები აქვს ნაკისრი. თუმცა მათ შორის მხოლოდ ხორვატიაა თითქმის მზად და ამჟამად, ევროკავშირში სერიოზული დებატები ამ საკითხზე არ მიმდინარეობს. 
 
რაც შეეხება შემდგომ გაფართოებას, ევროპის ინსტიტუტებში და ევროკავშირის ქვეყნებში, თქვენ როგორც აღნიშნეთ, გადაღლილობა შეიმჩნევა, თითქოს მადა დაკარგეს. ეროვნული პოლიტიკური მიზეზების გარდა, ეს ღრმა მონეტარული და ფინანსური კრიზისითაც არის გამოწვეული. 
 
ახლა ყველა ამ კრიზისიდან გამოსვლაზეა ფოკუსირებული. გარდა ამისა, ლისაბონის ხელშეკრულების შესაბამისად ევროკავშირის რეფორმირება, ევროპულ ინსტიტუტებს შორის ახალი ბალანსის დამყარების პროცესი მიმდინარეობს. 
 
ამრიგად, ამ ორი ფაქტორის ერთობლიობა ევროპის გაფართოების პროცესს აფერხებს. შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით, კარი ახალი წევრებისათვის კვლავ ღიაა, მექანიკურ დონეზე – გაფართოებაზე მუშაობა გრძელდება, ხოლო შუალედურ, პოლიტიკურ დონეზე – ეს სამუშაო გაყინულია.
 
სტრატეგიული თვალსაზრისით, კარი ახალი წევრებისათვის კვლავ ღიაა, მექანიკურ დონეზე – გაფართოებაზე მუშაობა გრძელდება, ხოლო შუალედურ, პოლიტიკურ დონეზე – ეს სამუშაო გაყინულია.
ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხზე?
 
ამ საკითხზე აზრი იყოფა. განცდა მაქვს, რომ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა იზიარებს საფრანგეთის პოზიციას, რომელიც თურქეთის სრულფასოვანი გაწევრიანების წინააღმდეგია, თუმცა ეს ქვეყნები საფრანგეთის პოზიციას არიან ამოფარებულები. თურქეთი ისედაც ჩვენი ძლიერი პარტნიორია, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, NATO-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრი.
 
ამ ქვეყანასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, რაც ჩვენს ინტერესებში შედის, მაგრამ არა მგონია, ეს ევროკავშირში მის ავტომატურ სრულფასოვან ინტეგრირებას ნიშნავდეს. ევროკავშირი მხოლოდ ვაჭრობის საერთო წესებითა და საერთო ბაზრით არ შემოიფარგლება. იგი საერთო პოლიტიკურ პერსპექტივასაც მოიცავს. 
 
არა მგონია, ჩვენ და თურქეთს ერთიანი სტრატეგიული ხედვა გვქონდეს. ამის მაგალითი ირანია, რაზეც ჩვენი შეხედულებები აშკარად განსხვავდება. ეს კი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია. ამიტომ, სჯობს, ერთად ვიმუშაოთ. თურქეთმაც და ჩვენც კარგად ვიცით, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება. არც ერთი მხარე არ უნდა აჩქარდეს. ვიმუშაოთ და შემდეგ, გადავწყვიტოთ, რისი გაკეთება ჯობია.
 
ორიოდე სიტყვა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ეს მოვლენები რეგიონში არსებულ მყიფე მშვიდობაზე?
 
პირველ რიგში, მივესალმები დემოკრატიულ რევოლუციებს, რაც ტუნისსა და ეგვიპტეში უკვე მოხდა და იმედია, ლიბიაშიც მალე იქნება, თუმცა იქ სამოქალაქო ომი გვაქვს გასავლელი. დემოკრატიული ძალების გამარჯვება ახლო აღმოსავლეთში ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯია. 
 
თუმცა შემაშფოთებელია ეგვიპტეში გამოვლენილი სენტიმენტები ისრაელის მიმართ – ისრაელის უსაფრთხოება და მისი არსებობის უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს. იმედი მაქვს, ის გონივრული ნაბიჯები, რომელთა მომსწრეც ამ რეგიონში ვიყავით, არ გადაიზრდება უკვე არსებული შეთანხმებების გადასინჯვის მცდელობაში. ეს განსაკუთრებით ეგვიპტესა და იორდანიას ეხება. 
 
თავის მხრივ, ახალი რეალობის გათვალისწინებით, ისრაელმაც უნდა შეცვალოს პოლიტიკა. ჯერჯერობით ეს ქვეყანა საკმაოდ ფრთხილად იქცევა. იგი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და უფრო პროაქტიური უნდა იყოს ამ პროცესში, მიესალმებოდეს დემოკრატიულ რევოლუციებს და ახალ ხელისუფლებებთან ურთიერთობების დამყარება სცადოს.

კომენტარები