ელექტრონულად შემოწმებულია

მიუხედავად იმისა, რომ სერგი გვარჯალაძეს გაცილებით ბევრი და სასარგებლო რამე აქვს გაკეთებული, ფართო აუდიტორიისთვის ის 90-იანი წლების ერთ სატელევიზიო ფრაზასთან ასოცირდება (“მეორე არხზე” “შოუ-ბიზ-დაიჯესტში” რომ ამბობდა) და კიდევ ერთ სატელევიზიო გამოსვლასთან, როცა პირდაპირ ეთერში ჯიბიდან პრეზერვატივი ამოიღო.

მაგრამ ყველაფერი არც 90-იანებში იწყება და, მით უმეტეს, არ მთავრდება. სერგი დროსთან შესაშურად ადეკვატურია, სიახლეების გულშემატკივარი, რეალურად საქმიანი, რეალური შედეგებით. მის შთამბეჭდავ CV-ში საქმიანობების უმეტესობა ადგილობრივი ალტერნატიული თუ პოპ- კულტურის სერიოზულ მხარდაჭერას უკავშირდება. მოკლედ, “ელექტრონავტს” ინოვაციური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (ან რამე მსგავსისთვის) ნომინაცია რომ ჰქონდეს, ჯილდოს სერგი აიღებდა.

მაგრამ საქმე ისაა, რომ ინოვაციური პოპ-კულტურის დაჯილდოების — ელექტრონავტის — დამფუძნებელი თვითონ სერგი გვარჯალაძეა.

სანამ დაჯილდოების სახელი გახდებოდა, “ელექტრონავტი” სერგის 52-წუთიანი, საინტერესო, 2005 წელს გადაღებული ფილმი იყო ალტერნატიული ხელოვნების ბედზე საქართველოში ან, უფრო ზუსტად, ექვს ქართველ ელექტრონულ მუსიკოსზე თავთავიანთი “ოქროს საწმისების” ისტორიებით. ორი წლის მერე, სერგიმ გადაწყვიტა, დაჯილდოებასაც იგივე სახელი ჰქონოდა, რადგან “ქართველი ელ. მუსიკოსი ელექტრონავტია ფაქტობრივად”.

ელექტრონავტის დაჯილდოების ცერემონიალი წელს, 14 მაისს მეოთხედ ჩატარდა და მეოთხედ წააქეზა არა მარტო თანამედროვე ქართული მუსიკა, არამედ სხვა დანარჩენი, რაც ზოგადად, პოპ-კულტურის განვითარებაში აუცილებელი რგოლია: რადიოგადაცემები, ვებგვერდები, პრომოუტერები, ღონისძიებების ორგანიზატორები, ვიდეოების შემქმნელები. და რაც მთავარია არცთუ განებივრებული ქართველი მსმენელი, რომელთა ჩართულობის გარეშე პროცესი წინ ვერ წავა. სწორედ ისინი ადგენენ ნომინაციების გამარჯვებულთა ვინაობას ინტერნეტ-გამოკითხვებით, თუმცა, მათ გარდა, ამისთვის საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების ჯგუფიც არსებობს. გამარჯვებულებს კი ელექტრონავტის ფიგურა გადაეცემათ. წლევანდელი მთავარი პრიზი, რომელიც წლის მუსიკოსს (ელექტრონავტს) გადაეცა, სერგის თქმის არ იყოს, თავადაა ხელოვნების ნიმუში: ბრინჯაოს ელექტრონავტი მხატვარმა მამუკა ჯაფარიძემ დაამზადა.

მაშ ასე, ელექტრონავტები 2010/2011

თავიდან ყველაფერი სათანადოდ დაიწყო — ისე, როგორც ამ საქმეს — ან ნესტან ნენე კვინიკაძის საყვარელ სიტყვათაშეხამებას თუ დავესესხებით, ანდერგრაუნდის ბურჟუაზიას — შეეფერებოდა:

აღმაშენებლის გამზირი, გამალებული სარემონტო სამუშაოები, მტვერი და სამშენებლო ხმაური, კონსტრუქციის, სიახლის და სასიამოვნო მოლოდინის შეგრძნება, ელექტრონული სცენისთვის ზედგამოჭრილი ეროვნული მუსიკალური ცენტრის დიდი დარბაზი, ისიც ნახევრად სარემონტო მდგომარეობაში, კარგი განათება, თავმომწონე და გაპრანჭული აუდიტორია, სიტყვაუხვი და ხალისიანი წამყვანები (ჟურნალისტი ნათია ორაშვილი და მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი), კამერები, მიკროფონები, ფოტოაპარატები. სტუმრები დარბაზში სხდებიან.

სერგი გვარჯალაძე
სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებიან ელექტრონული დუეტი Me And My Monkey, შთამბეჭდავი Stia ვოკალისტ რუსკა სტრელკოვასა და სიმებიან კვარტეტთან ერთად, ტკბილი და მელოდიური Rodriguez, როკ-ენ-როლ-ტრადიციების გამგრძელებელი კოტე კალანდაძე ახალი ჯგუფით Lady Herion, ელექტრონული მუსიკოსი ბათუმიდან — ირაკლი შონია გაჩასთან ერთად, წლის ერთგვარი აღმოჩენა — Okinawa Lifestyle ელექტრონულ-ზღაპრული ჰანგებით, კიდევ ერთი სასიამოვნო მოულოდნელობა — Landmark პოსტ-პანკ რომანტიკით. შემსრულებლებთან ერთად, დახვეწილი ვიზუალიც ენაცვლება ერთმანეთს. წლის სპონსორი თუ მხარდამჭერი კომპანია Red bull ხდება, წლის რადიო-გადაცემა — Electronica (Beat FM), kidsrave.com ვებგვერდის ნომინაციაში უკან იტოვებს ძლიერ კონკურენტებს, წლის ტრეკი (Levan) Okinawa Lifestyle -ს ეკუთვნის, Guru Group-ის მესვეურს ორი ელექტრონავტი მიაქვს — წლის ქართველი პრომოუტერის და წლის ვენიუს (Guru Club) ჯილდოები, წლის ივენთად ჭიათურაში მოწყობილი Second Life Festival სახელდება. ჯილდოებს გადასცემენ ჟორჟიკა, ნინო ჩუბინიშვილი, გია ხადური...

ხალხი ტაშს უკრავს. მგონი, მოსწონთ, თან ბევრი მათგანი ეთნოგრაფიულიდან, ღვინის ფესტივალიდანაა წამოსული... ყველაფერი კარგად მიდის. მაგრამ უცებ, უხერხულობა ისადგურებს, შემდეგი გამომსვლელი ელექტრონული მუსიკოსია და ირკვევა, რომ ტექნიკა არაა წესრიგში. უხერხულობა საგრძნობლად იწელება — წამყვანების მონოლოგების და ორგანიზატორების ნერვიულობის და ძალისხმევის ხარჯზე. ხალხი ფეხზე დგომას იწყებს და სიტუაცია გაცილებით არაფორმალური ხდება. ჩემ გვერდზე მჯდომს 90-იანი წლების ფესტივალი “მარგარიტა-96” ახსენდება — ცოტა ფულის და ბევრი მონდომების წლები. მონდომება ელექტრონავტებსაც არ აკლია...

მაგრამ უკმაყოფილო მაინც არავინაა, ყველაზე უკმაყოფილო ალბათ თავად ორგანიზატორები არიან.

მეც უჩვეულოდ კმაყოფილი ვარ და მეგობარი ცდილობს ამიხსნას, რატომ:
ეს სიტუაცია ლოკალური ტრადიციასავით იქცა, ჩვენი დნმ-ვით, რაც იმდენად აბსურდს ემიჯნება, რომ მოსაწყენია ამაზე იწუწუნო და ძნელია, არ გაგეცინოს, ამან არ გაგართოს. ეს პარადოქსის ტრადიციებია: საქართველოში ელექტრონული მუსიკის კეთება ენერგოკრიზისას დაიწყეს. და ახლაც, ცერემონიალზე გაფუჭდა ის, რაც ელექტრონავტის პრიორიტეტია — კომპიუტერი.

სამაგიეროდ, ხასიათი არავის გაფუჭებია. და საბოლოოდ, თუ არ ვცდები, პროგრამას მხოლოდ ორი გამომსვლელი დააკლდა: Exit და Svansikh. მოვუსმინეთ ნიკა კოჩაროვის ერთ-ერთ ახალ და პროგრამის ყველაზე გამორჩეულ პროექტს Electric Appeal (სახელმა არ შეგიყვანოთ შეცდომაში — გიტარული როკი დაუკრეს), Ekala-ს ელექტრონულ მუსიკას და არაერთის ფავორიტ ელექტრო-პოპ-ჯგუფს — Kung Fu Junkie.

ჯილდოებიც დარიგდა: წლის დი-ჯეიდ გიო შენგელია დასახელდა, წლის ვიდეოდ კი ნიკა მაჩაიძის ვიდეო ტუსია ბერიძის What about Things like Bullets-ზე.

ჰო, წლის მთავარი მუსიკოსი ანუ ელექტრონავტი თორნიკე გახდა. მითხრეს, ფეისბუქში გვერდი გაჩნდა, სახელად “ვინ არის თორნიკე?”.

მეც არ ვიცნობ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ალბათ ახალგაზრდაა — ის, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება ელექტრონავტული სტიმული.

ახალგზარდაა და ალბათ არც ახსოვს, სერგი როგორ იწყებდა მეორე არხზე გადაცემას, სამაგიეროდ, 90-იანი წლების ახალგაზრდებისგან განსხვავებით, კონდომის ეთერში დანახვა საერთოდ აღარ უკვირს და კარგად იცის, რომ პრეზერვატივი ელექტრონულად შემოწმებულია.

 

კომენტარები