საფრანგეთში სტროს-კანს შეთქმულების მსხვერპლად მიიჩნევენ

საფრანგეთის მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ გაუპატიურების მცდელობაში ეჭვმიტანილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, დომინიკ სტროს-კანი შეთქმულების მსხვერპლი გახდა. ამერიკული მედია იუწყება, რომ საფრანგეთში გამოკითხულთა 57-მა პროცენტმა სწორედ შეთქმულების ვერსია დაასახელა სტროს-კანის დაკავების მიზეზად. რესპონდენტთა 37 პროცენტი ამ ვერსიას უარყოფს, ხოლო გამოკითხულთა 23-მა პროცენტმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

სტროს-კანი, რომელიც საფრანგეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა კენჭისყრას და სარკოზის მთავარ კონკურენტად მიიჩნეოდა, შაბათს დააკავეს. ნიუ ოირკის ერთ-ერთი სასტუმროს 32 წლის დამლაგებელმა ქალმა ფრანგ პოლიტიკოსს გაუპატიურების მცდელობაში დასდო ბრალი. ამერიკელმა მოსამართლემ 62 წლის სტროს-კანს შვიდ პუნქტში წაუყენა ბრალდება და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს საფრანგეთში შეთქმულების ნაწილად მიიჩნევენ, დაზარალებულის ადვოკატი აცხადს, რომ დამლაგებელმა ინციდენტის დროს არ იცოდა, თუ ვინ იყო სტროს-კანი. ჯეფრი შაპიროს თქმით, დაზარალებულმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო ეჭვმიტანილის ვინაობა, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა.

სტროს-კანი ყველა ბრალდებას უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 25-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

კომენტარები