რუსმა სამხედროებმა საჩხერის რაიონში ორი ქართველი დაჭრეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით დილის  8 საათზე, საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებმა  ხუთ ადგილობრივი მცხოვრებს ცეცხლი გაუხსნეს. შსს ცნობით,  ინციდენტის დროს ორი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

 "საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში მცხოვრები ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი (რომელთა ასაკია 17, 21, 22, 26 და 27 წელი) ჯონჯოლის შეგროვების მიზნით იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს მდებარე ჩოლთოს ხეობაში, რა დროსაც მათ დაკავებას შეეცადნენ სამხედრო ფორმაში ჩაცმული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები,“ წერია შსს-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.  

 შს სამინისტრო იუწყება, რომ ახალგაზრდებმა გაქცევა სცადეს. თუმცა, მათი მიმართულებით სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს.  სროლის შედეგად დაჭრილებს ამ დროისთვის ოპერაცია უტარდებათ. შსს-ს ცნობით, დაჭრილი არასრულწლოვანის მდგომარეობა მძიმეა. 

კომენტარები