ინგლისის ადგილობრივი არჩევნები: კონსერვატორებმა და ლეიბორისტებმა პოზიციები გაიუმჯობესეს

 გაერთიანებული სამეფოს 5 მაისის ადგილობრივ არჩევნებში, ლიბერალ-დემოკრატებმა მწარე მარცხი იწვნიეს. პარტიამ ადგილობრივ ასამბლეებში 748 მანდატი დაკარგა, მათმა კონსერვატორმა კოლეგებმა კი დამატებით 86 ადგილი მოიპოვეს. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ჩრდილოეთ ინგლისს ლიბერალ-დემოკრატები აღარ აკონტროლებენ. მსგავსი ვითარებაა შეფილდშიც. ამ უკანასკნელს პარტიისთვის სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა – პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი, ნიკ კლეგი, ქვეყნის პარლამენტში სწორედ ამ რეგიონის წარმომადგენელია. 

არჩევნებში განსაკუთრებულ წარმატებას ვერც ლეიბორისტებმა მიაღწიეს. მართალია, მათ კონსერვატორებისა და ლიბერალ-დემოკრატების ხარჯზე ადგილების რაოდენობა გაიზარდეს, თუმცა მოპოვებული მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი – 37% – მხოლოდ ორი პროცენტით უსწრებს კონსერვატორებისთვის მიცემულ ხმების ოდენობას. 
 
ტორებისთვის არჩევნების შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო: ერთწლიანი ხარჯების შემცირების, წარუმატებელი ჯანდაცვის რეფორმისა და კოალიციაში უთანხმოების შემდეგ, პარტია ხალხში წინა წლის მსგავსი მხარდაჭერით სარგებლობს.
 
ლიბერალ-დემოკრატების რეიტინგზე ცუდად იმოქმედა საჯარო ხარჯების შეკვეცამ – ბიუჯეტში მათი წილი 19%-ით შემცირდა. პარტიის რეიტინგი 2007 წლის მონაცემებთან შედარებით, 10%-ითაა დაცემული. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ლეიბორისტებზე მეტად კონსერვატორებს აძლევთ ხელს. მსგავსი ტენდენციის გამეორებას 2012 და 2013 წლების ადგილობრივი არჩევნებისთვის ელოდებიან. თანაც, დევიდ კამერონი საკმაოდ კარგი პრემიერ-მინისტრი აღმოჩნდა. გამოკითხვების მიხედვით, მას ინგლისელები ძალაუფლების, ქარიზმისა და გამბედაობის გამო, ლეიბორისტ ლიდერზე – ედ მილიბენდზე მაღლა აყენებენ.
 
არჩევნები გასული წლის მაისში შექმნილი კოალიციის ერთგვარ ტესტს წარმოადგენდა. სამთავრობო ჯგუფში ბზარია გაჩენილი: ტორებისა და ლიბერალ-დემოკრატების ურთიერთობების გაციება 5 მაისის რეფერენდუმის კამპანიამ მნიშვნელოვნად განაპირობა – მხარეები ვესტმინსტერის არჩევნებისთვის, ალტერნატიული ხმის მიცემის სისტემის გამოყენების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. კამერონის მტკიცებით, ამ უკანასკნელის გამოყენებაზე, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისას ჯერ კიდევ გასულ წელს მიაღწიეს თანხმობას. ამის საპირისპიროდ, ლიბერალ-დემოკრატები სისტემის ცვლილებას უჭერდნენ მხარს. 
 
ამგვარი გაურკვევლობების მიუხედავად, კოალიციას პრობლემის დასაძლევად დრო და შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს. ოპტიმიზმის საფუძველს კაბინეტში არსებული კარგი პიროვნული ურთიერთობები იძლევა. პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ისინი თავისუფალი ბაზრის მომხრე და ცენტრისტები არიან. ეს პოლიტიკოსები უმნიშვნელოვანეს საკითხებში იდეოლოგიურად დაპირისპირებულ მხარეებს არ წარმოადგენენ
 

კომენტარები