ბელორუსის პრეზიდენტობის ექს-კანდიდატის ცოლს პატიმრობა მიუსაჯეს

ბელორუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ანდრეი სანიკოვის მეუღლეს, ჟურნალისტ ირინა ხალიპს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სასჯელის აღსრულების ორწლიანი გადავადებით. სასამართლომ მას ბრალი დასდო მასობრივი გამოსვლების ორგანიზებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. ბელორუსის კანონმდებლობის მიხედვით,  ამ დანაშაულისთვის მაქსიმალურ სასჯელს სამწლიანი პატიმრობა წარმოადგენს. ხალიპი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

შაბათს კი მინსკის სასამართლომ ირინა ხალიპის მეუღლეს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს მასობრივი არეულობების მოწყობაში დასდეს ბრალი. ის სასჯელს გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. 19 დეკემბერის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მოწყობილი ქუჩის დემონსტრაციების მონაწილე კიდევ ოთხ ადამიანს კი სამიდან სამწლინახევრამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

ბელორუსის ოპოზიციამ არასანქცირებული საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადეს. მინსკის ცენტრალურ მოედანზე მაშინ ოცდაათი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. სამართალდამცველებმა აქციის ათობით მონაწილე დააკავა, მათ შორის იყვნენ პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატები. დაკავებულთაგან 25 უკვე გაასამართლეს.

ევროკავშირმა და აშშ-მ ბელორუსის პრეზიდენტსა და რამდენიმე ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა დეკემბერში საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო. 

კომენტარები