ვატიკანის არქივები დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა

ვატიკანის მიერ  აქამდე გასაიდუმლოებული არქივები, რომელიც საქართველოსთვის ისტორიულ ფასეულობას წარმოადგებს,  ქართველი ექსპერტ-სპეციალისტებისთვის დღეიდან ხელმისაწვდომია. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ  მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა. გილაურის თქმით, მოლაპარაკება ვატიკანთან არქივების გახსნის თაობაზე რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარობდა და ”წარმატებით დასრულდა.””დღეიდან ნებისმიერ მეცნიერს საქართველოდან შეუძლია ამ არქივებით სარგებლობა,“ თქვა პრემიერ მინისტრმა. 

საქართველოს კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა ვატიკანში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა  და საბოლოო გადაწყვეტილებას ხელი სწორედ ამ ვიზიტის დროს მოაწერა.  რურუამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ინფორმაცია და დოკუმენტები საქართველოს შესახებ ვატიკანის არქივში ინახება მე-12 საუკუნიდან , ანუ „იმ დროიდან როდესაც საქართველოში პოლიტიკური მისიის მქონე  და კარტოგრაფიის მცოდნე მისიონერებმა დაიწყეს ჩამოსვლა.” 

”ვატიკანში დაცულია დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს 800-წლიანი ისტორიის შესახებ უნიკალურ დოკუმენტურ მასალასა და ინფორმაციას შეიცავს,“ აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

პრემიერ მინისტრის თქმით,  10 000-მდე დოკუმენტი, რომლის გაცნობის შესაძლებლობაც ქართველ სპეციალისტებს მიეცემათ, საქართველოს ისტორიიდან ბევრ აქამდე უცნობ ფაქტსა თუ მოვლენას მოჰფენს ნათელს. 

წინასწარი ინფორმაციით,  ქართველი მეცნიერების ჯგუფი ვატიკანში დაცული მასალების შესასწავლად ივნისის ბოლოს გაემგზავრება. 

კომენტარები